ზურა ჯაფარიძე ეროვნული ბანკის გაუქმების ინიციატივით გამოდის

ახალი პოლიტიკური ცენტრი ეროვნული ბანკის გაუქმებისა და მის ნაცვლად, სავალუტო საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხსენებული ცენტრის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, სავალუტო საბჭოს ეროვნულ ბანკზე გაცილებით შეზღუდული ფუნქციები ექნება.
“სავალუტო საბჭოს სისტემა პრინციპულად განსხვავებულია. ცენტრალურ ბანკს ძალიან ბევრი ფუნქცია და მოვალეობა აქვს – ის მართავს ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას და აქვს ამის შესაბამისი ბერკეტები. სავალუტო საბჭო სხვა ტიპის სტრუქტურაა, რომელსაც ამდენი ფუნქცია არ აქვს. ის სავალუტო პოლიტიკას პრაქტიკულად არ ატარებს, შეზღუდულია. მას არ შეუძლია, გამოიწვიოს ქვეყანაში ინფლაცია, როგორც ეს შეუძლია ეროვნულ ბანკს, რადგან ის ახდენს ლარის გამოშვებას მიმოქცევაში და აქვს სხვა ბევრი ფუნქცია, რომელიც სავალუტო საბჭოს უბრალოდ, არ გააჩნია”, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ლარის სტაბილურობის მისაღწევად რეფორმა უნდა გატარდეს.
“რეფორმის შედეგად მივიღებთ იმას, რომ ლარის გაუფასურების რისკები ნულამდე დავა. მოქალაქეებს უცხოურ ვალუტაში გამოტანილი სესხი აღარ გაუძვირდებათ და ლარში გაკეთებული დანაზოგი აღარ გაუუფასურდებათ. ვისაც ლარში ფიქსირებული ხელფასი აქვს, შემოსავალი აღარ შეუმცირდება. დაიკლებს საპროცენტო განაკვეთები საბანკო სესხებზე, ვეღარ მოხდება მთავრობის მხრიდან პროდუქტებზე ხელოვნურად ფასების ზრდა, ხელი შეეწყობა ინვესტიციების შემოსვლასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას”, — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments