ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი გაძლიერებული ძალებით გრძელდება

ასანთი, ალი, ცეცხლიბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი გაძლიერებული ძალებით გრძელდება, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები 24-საათიან რეჟიმში განაგრძობენ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებს. ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.

რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები, რისი საშუალებითაც ცეცხლის კერები მუშავდება. დამონტაჟდა დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები.

სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ხორციელდება ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიება, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე.

„მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისა, არც ერთი მეხანძრე-მაშველი და ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

image_pdfimage_print

Comments

comments