“ყინწვისის სპეცოპერაციის” საქმეზე უკანონოდ მსჯავრდებული 12 პოლიტპატიმარი გამართლდა

პროკურატურა - უწყების შუამდგომლობით, ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე უკანონოდ მსჯავრდებული 12 პოლიტპატიმარი გამართლდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ, ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე, თორმეტი უკანონოდ მსჯავრდებული პოლიტპატიმარი გაამართლა.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2011 წლის 26 მაისს, დილის 10:00 საათიდან 10:30 საათამდე პერიოდში, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველის გარეშე ,,ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობა უფლისა და სამშობლოსათვის“ წევრები და მათი ახლობლები, კახაბერ თოდაძე, ზურაბ გელაშვილი, ზურაბ ჩიტრეკაშვილი, ვარლამ ჩარკვიანი, გიორგი ბეროშვილი, გიორგი აღაჯანიშვილი (ამჟამად ციციშვილი), დავით ჩიტრეკაშვილი, თეიმურაზ ცამბაია, ბორის გურული, ბადრი ჩიგოგიძე, მამუკა ბესელია და მიხეილ მაისურაძე დააკავეს. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში აღიარებითი და განთქმითი ჩვენებების მიღების მიზნით დაკავებისას და შემდგომ პერიოდში მათ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.  2011 წლის 28 მაისს, აღნიშნულ პირებს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად) წარედგინათ.

საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, ცალკეულ პირთა მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, ბრალდებულებმა აღიარეს არჩადენილი დანაშაული და დათანხმდნენ არსებითი განხილვის გარეშე საქმის საპროცესო შეთანხმებით დასრულებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენებით, აღნიშნული პირები დამნაშავედ იქნენ ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ  სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

თორმეტივე პირი „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით, აღიარებულ იქნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებად.

აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, რის შედეგადაც გამოიკვეთა მსჯავრდებულთა უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები.

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოში საქმის ხელახალი არსებითი განხილვის შედეგად დადგინდა, რომ მსჯავრდებულების მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და 2022 წლის 23 სექტემბერს თორმეტივე მსჯავრდებულის მიმართ დადგენილი იქნა გამამართლებელი განაჩენი.

დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად  ცნობილი იქნა 455 პირი, რომელთაგან 323 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 60 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 115 ყოფილი მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 108 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 42 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი“- აცხადებენ უწყებაში.

image_pdfimage_print

Comments

comments