სემეკ–ი – ამ ეტაპზე ბუნებრივი გაზის ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის

გაზი ბუნებრივისემეკ-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემების საფუძველზე, ბუნებრივი გაზის ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სემეკი ეხმიანება „მთავარი არხის“ ეთერში გასულ ცრუ ინფორმაციას დეკემბერში ბუნებრივი გაზის ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით.

„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „სემეკ-ის ხელმძღვანელი ტარიფის ზრდას არ გამორიცხავს“ არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას.

მიმდინარე წლის ივლისიდან სემეკში მიმდინარეობს გეგმური საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიებისათვის ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად, მოქმედი ბუნებრივი გაზის ტარიფები დადგენილია მიმდინარე წლის ბოლომდე, საჯარო წარმოების ფარგლებში კომპანიებს ტარიფები დაუდგინდებათ მომდევნო წლებისთვის.

სემეკ-ის თავმჯდომარემ ჟურნალისტების მიერ ბუნებრივი გაზის ტარიფებზე დასმულ კითხვებთან დაკავშირებით არაერთხელ განაცხადა, რომ არსებული პარამეტრების გათვალისწინებით ბუნებრივი გაზის ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის.

„მთავარი არხის“ მიერ გაკეთებული არასწორი ინტერპრეტაცია და წინასწარ გაკეთებული დასკვნები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აღნიშნული მედიასაშუალება კიდევ ერთხელ მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

სემეკი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემების საფუძველზე ბუნებრივი გაზის ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

image_pdfimage_print

Comments

comments