საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 34 პროცენტით შემცირდა

 


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 34 პროცენტით შემცირდა. საქსტატმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ 2015 წლის პირველი კვარტლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. რომლის თანახმად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ საანგარიშო პერიოდში 175 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე სწორედ 34 პროცენტით ნაკლებია.

ამავე ცნობით, 2015 წლის I კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტორი ქვეყნების პროცენტული სტრუქტურის მიხედვით, პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი 34, მეორეზე თურქეთი — 15, ხოლო მესამეზე რუსეთი — 13 პროცენტით.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 146 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 83 პროცენტია. მეორე ადგილზეა მშენებლობა 24 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე — სამთომოპოვებითი მრეწველობა 18 მილიონი აშშ დოლარით.

image_pdfimage_print

Comments

comments