საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა

გლოვის_დღესაგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს  საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ–მინისტრმა,  მთავრობის და პარლამენტის წევრებმა. სამძიმრის წერილი ასევე გამოაქვეყნა საქართველოს საპატრიარქომ.

„ყველა შეძრა საგარეჯოში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც შეეწირნენ ახალგაზრდები – დავით ნასრაძე,ზაზა ჩიხლაძე, ნოდარ რჩეულიშვილი,ზაქრო მათიაშვილი და ღირსეული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი, რომელმაც საკუთარი თავგანწირვით სხვისი სიცოცხლე გადაარჩინა.

სამძიმარს ვუცხადებთ მათი ოჯახების წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს.

აღვავლენთ ლოცვებს გარდაცვლილთა სულთა საოხად, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ახლობლებს მიანიჭოს ლოცვის ძალა და რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე ამ ქვეყნად არ მთავრდება, არამედ გარდაცვალება დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა.

ასევე ვლოცულობთ დაშავებულთა გადარჩენისა და გამოჯანმრთელებისათვის. ღმერთმა ისინი მალე დაუბრუნოს საკუთარ ოჯახებს“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმარში.

შეგახსენებთ, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ამასთან, სროლის შედეგად დაჭრილი სამი პირი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობს. ერთი დაშავებული კლინიკიდან უკვე გაწერეს, ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი – კრიტიკულად მძიმე, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კიდევ ერთ დაშავებულს, რომელსაც თვალის ტრავმა აღენიშნებოდა და საგარეჯოდან „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს, ოპერაცია უტარდება. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

image_pdfimage_print

Comments

comments