“საქართველოს გავლით არ ხდება სანქციების გვერდის ავლა, შეგნებულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია”

kobaxidze კობახიძეპარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტყუილია, თითქოს საქართველოს გავლით ხდება სანქცირებული პროდუქციის შეტანა რუსეთში და როდესაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე საქართველოს უყენებენ ასეთ ბრალდებას, საჭიროა პოზიციების დაცვა.

კობახიძის თქმით, მის მიერ დღეს გამოქვეყნებული ექსპორტთან დაკავშირებული სტატისტიკა ადასტურებს, რომ საქართველოს გავლით არ ხდება სანქციების გვერდის ავლა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებას პოლიტიკური ინტერესები უდევს საფუძვლად.

„სამწუხაროდ, რამდენჯერმე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, მათ შორის მაღალ დონეზე საერთაშორისო მედიაში, გავრცელდა მათ შორის ბეჭდვით მედიაში ინფორმაცია, თითქოს საქართველოს გავლით ხდება სანქცირებული პროდუქციის შეტანა რუსეთის ფედერაციაში. ჩვენ არაერთგზის დავამტკიცეთ, რომ ეს არის ტყუილი. მოგვიანებით, შესაბამისი კითხვა გაჟღერდა „სიენენის“ ეთერში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტის მიერ. ბუნებრივია, ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე საქართველოს უყენებენ ასეთ ბრალდებას. ჩვენ გვჭირდება პოზიციების დაცვა. დღეს მე გამოვაქვეყნე განცხადება, რომელიც სტატისტიკის დონეზე უტყუარად ადასტურებს, რომ საქართველოს გავლით არ ხდება სანქციების გვერდის ავლა.

საუბარია ექსპორტთან დაკავშირებულ სტატისტიკაზე, რომელიც აჩვენებს, რომ არათუ არაპროპორციული გაზრდა არ მომხდარა ექსპორტისა საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში, არამედ ექსპორტის ზრდა იყო ბევრად დაბალი, ვიდრე სხვა ძირითადი პარტნიორი ქვეყნების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ძალიან ნათელია, რომ, სამწუხაროდ, შეგნებულად ხდება ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რასაც საფუძვლად უდევს პოლიტიკური ინტერესები. ჩვენ ყველაფერი უნდა დავუპირისპიროთ ასეთ პოლიტიკურ ინტერესებს, რათა საქართველოს ეროვნული ინტერესები იყოს დაცული.

ხშირად გვისაუბრია, რომ არსებობს გარკვეული ინტერესები, გლობალური ინტერესები საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის მეორე ფრონტთან დაკავშირებით და, ბუნებრივია, შესაბამისი ძალების ინტერესებშია, რომ საქართველოს იმიჯი მაქსიმალურად დაზიანდეს. მიზანი არის სახელმწიფოს დასუსტება, ხელისუფლების დასუსტება და სწორედ ამისთვის ხდება ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. ჩვენ სწორედ იმისთვის უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომ არ იყოს საქართველოში უზრუნველყოფილი ესკალაცია, რაც სერიოზული პრობლემის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის. ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments