„ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი, უპრინციპობა, არათანმიმდევრულობა არის ის, რაც ივანიშვილის რეჟიმს აწყობს”

giga bokeria„ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი,  უპრინციპობა, არათანმიმდევრულობა, პოლიტიკური შინაარსის არქონა არის ის, რაც სტატუსკვოს და ივანიშვილის რეჟიმს აწყობს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოაჩინოს ერთადერთ ალტერნატივად.

„ეს თუ არ შეიცვალა, რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის ამ ჭაობიდან ამოყვანა იქნება შეუძლებელი, ან ძალიან რთული, ან ძალიან დიდი ფასი დაჯდება. დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის შიგნით, ისევე როგორც ამ პარტიის შიგნით ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე ყველა მოვლენა, არის დასტური იმის, რომ არანაირი ფასეულობები, არანაირი შეხედულებები, არანაირი დისკუსია რაიმე არსებით საკითხზე არ არის. მხოლოდ პერსონალური დაპირისპირება, ტალახის შესხმა, ცილისწამება ერთმანეთის მიმართ. „ქართული ოცნება“ რაც არის, იგივედ იქცნენ შინაარსით ეს ადამიანები“, – განაცხადა ბოკერიამ.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, „ევროპულმა საქართველომ 2022 წლის მაისში ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებიდან, ხოლო დეკემბერში მერიებიდან გამოითხოვა ინფორმაცია საკრებულოების მხრიდან მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სარევიზიო საქმიანობის შესახებ.

„ყველანი ვხედავთ დიდი ხანია, რომ ივანიშვილის რეჟიმი უკანანო, ძალადობრივ და ცინიკურ მეთოდებითან ერთად, ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს იმ არგუმენტს თავის პროპაგანდაში, რომ ამ რეჟიმის ოპონენტებს და მთელ ოპოზიციას შეუძლია მხოლოდ რეჟიმზე თავდასხმა და არ აქვს უნარი, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ანუ არ შეუძლია მოქმედება. რაც მთავარია, ამ პროპაგანდისას ის ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთ საერთოში ზელს და ამ ყველაფერს ხშირად „ნაციონალური მოძრაობის“ სახელს არქმევს. სწორედ ამიტომ, ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ იმაზე, თუ როგორ იქცევიან ცალკეული ოპოზიციური პარტიები.

მინდა, შეგახსენოთ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია მთლიანად, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ მისი პარტნიორები, იქნება ეს „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუ სხვები, დღემდე უარს აცხადებენ, რომ არალეგიტიმური პარლამენტი დატოვონ და თავის დროზეც, კრიტიკულ მომენტში ეს არ გააკეთეს. ამავდროულად, საზოგადოებას არწმუნებენ, რომ იქ ვერაფერს ვერ აკეთებენ, რადგან ამ რეჟიმის უმრავლესობა მათ არ აძლევთ ეფექტურ ინსტრუმენტებს, რომ აკონტროლონ ხელისუფლება და განახორციელონ ის ფუნქციები, რაც უნდა ჰქონდეს საპარლამენტო ოპოზიციას. ჩვენ დავინტერესდით, როგორ იქცევიან ის ოპოზიციური პარტიები, სადაც ამომრჩევლების ნებით მათ მოიპოვეს უმრავლესობა საკრებულოებში. დარღვევების, ძალადობის ფაქტების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების წყალობით არის სულ ორი საკრებულო დარჩენილი, სადაც უმრავლესობა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას„ და გახარიას პარტიას. ძალიან მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, როგორ იქცევიან ისინი ასეთ შემთხვევაში, სადაც უმრავლესობა გააჩნიათ. დგამენ თუ არა იმ მინიმალურ ნაბიჯებს, რომელსაც ვერ დგამენ მაგალითად პარლამენტში, სადაც მაინც რჩებიან. ამ თვალსაზრისით ჩვენ მივიღეთ უმძიმესი სურათი,ჩვენი საზოგადოების ინტერესების სრული უგულებელყოფა და საკუთარი მოვალეობების არ შესრულება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

image_pdfimage_print

Comments

comments