ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს წმ. მოციქულთასწორის ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.
საზეიმო წირვა ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდა, მათ შორის ბოდბის მონასტერშიც, სადაც წმინდა ნინოს საფლავია. ხოლო სიონის საკათედრო ტაძარში დილიდან გამოაბრძანებული იყო წმ. ნინოს ვაზის ჯვარი და მორწმუნეებს მისი მოლოცვის შესაძლებლობა ჰქონდათ.
საეკლესიო გადმოცემით, წმინდა ნინო საქართველოში მე-4 საუკუნეში, მეფე მირიანის მეფობის ხანაში ჩამოვიდა. მას უკავშირდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.
წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: პირველ ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 იანვარს – გარდაცვალება.