საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა და ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრა, შეეხო ოპოზიციის კრიზისს და უკრაინის საკითხს, ყურადღება გაამახვილა ევროპული ინტეგრაციის სწრაფვაზე და პრეზიდენტის ისნტიტუტის როლზე.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად მოქმედებს.
„უნდა გიპასუხოთ იმაზე, თუ რა გააკეთა პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპული მიზნისთვის და ხალხის ნების აღსასრულებლად.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად:
1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი;
2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი;
3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.
და რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას მიმაწებოთ, ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთშორისო ვიზიტები, ხან ეცადოთ და შემიზღუდოთ რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს და, მოკლედ, რა აღარ დამაბრალოთ, მაინც ვერ შეცვლით ჩემს მიზანს და მეც ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, სრულიად აქვს გააზრებული პრეზიდენტის ინსტიტუტის ძალა.
“ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით. ვიცი, ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ.
პრეზიდენტის როლი ქვეყნის წინაშე ამით არ მთავრდება. დღეს ვართ კრიზისის წინაშე და ამ დროს ლოგიკურია, რომ, როცა ხალხს და ხელისუფლებას ერთმანეთთან ლაპარაკი უჭირს, სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტია ის საკონსტიტუციო ორგანო, რომელიც არის დამაბალანსებელი და გამაერთიანებელი. ასეთი მაგალითები სულ ახლახან გვაჩვენა ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა და ადრე იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ. ამდენად, ასეთ ვითარებაში სრულად მაქვს გააზრებული პრეზიდენტის ინსტიტუტის ძალა, ზუსტად ვიცი, რომ ახლა დაყოფის და დაპირისპირების დრო არაა. ვაპირებ, რომ სრულად გამოვიყენო ჩემი ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული და აღსრულდეს ხალხის ნება. ეს მოითხოვს ქვეყნის სრულ კონსოლიდაციას და გაერთიანებას.
ვინაიდან აქამდე ვერ მოხერხდა, რომ საქართველოს ევროპული პოზიციები და იმიჯი დაცული და გამყარებული ყოფილიყო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, აქტიურად ჩავერთო ამ პროცესში, ხელი შევუწყო ერთიან და კონსოლიდირებულ მუშაობას და ისეთი რეალური შედეგი დავდოთ ყველამ ერთად, რომელიც მოგვიტანს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამ პასუხისმგებლობას ვიღებ, რადგან ვარ ყველას პრეზიდენტი და არ წარმოვადგენ არც ერთ და არც მეორე მხარეს, თუ არა ქართველი ხალხის.” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.