საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარბაშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სახელმწიფო მათ გვერდით დგას და გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა.
ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბითა და ფარისევლობით, აქაც ცდილობენ, აწარმოონ პოლიტიკური კამპანია და თხოვნით მიმართავს მშობლებს, ნებსით თუ უნებლიედ ნუ მიიღებენ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას.
„პირველ რიგში, მინდა, აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ გამოვხატო ჩვენი სრული თანადგომა. მინდა, ვუთხრა მათ, რომ ჩვენ, მთავრობა, სახელმწიფო მათ გვერდით დგას და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, მაგრამ მინდა, მათ ვთხოვო, ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნებსით თუ უნებლიედ ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას.
კარგად გვესმის და მინდა, ყველას შევახსენო, რომ არავის, არცერთ პოლიტიკოსს, რომელიც ჩართულია ამ კამპანიაში, არ გახსენებია ამ ბავშვების ბედი, არ გახსენებიათ მათი ბედი, არც არაფერი, არც მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, არც მაშინ, როდესაც არიან ოპოზიციაში. გასაგებია, ძალიან მარტივად შეიძლება ამის ახსნა, რომ ცდილობენ, ყველა უბედურება, ყველა განსაცდელი თუ გაჭირვებაში მყოფი ადამიანის ბედი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, ეს არის ამორალური საქციელი, ეს არის უზნეობა, ესა არის ყველაზე ზნედაცემული ქმედება, რომელიც ადამიანმა შეიძლება იკადროს, როცა ვუყურებთ, ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ადამიანთა ჩართულობით ცდილობენ, გარკვეულ პოლიტიკურ დივიდენდებს და მიზანს მიაღწიონ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აქონდოპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მორიგი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასა და აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატის შემოტანას ითხოვენ. მათი განცხადებით, სწორედ ამ მედიკამენტზეა დამოკიდებული მათი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა.
„სამწუხაროდ, არ მეგონა, რომ ამ განცხადებას გააკეთებდით ისე, რომ ჩვენ არ შეგვხდებოდით. მე ვარ „ქართული ოცნების“ წევრი 2015 წლიდან და ერთგულად გემსახურებოდით. რატომ ჩვენ არ გვისმენთ? რატომ არ უსმენთ ჩვენი შვილების მკურნალ ექიმებს, რომლებიც გაიდლაინების საფუძველზე საუბრობენ?“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტს ექიმები აფასებენ. ენდოკრინოლოგი რამაზ ყურაშვილის თქმით, „ვოსორიტიდი“ სიმაღლეში ზრდას ხელს უწყობს, თუმცა ის აქონდროპლაზიის თანმდევი დაავადებების მკურნალობაზე გავლენას არ ახდენს. მედიცინის დოქტორი განმარტავს, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნულმა მედიკამენტმა გრძელვადიან პერსპექტივაში. სპეციალისტის შეფასებით, რისკების თავიდან ასარიდებლად, მნიშვნელოვანია ზუსტი პროტოკოლის შემუშავება და მისი სწორად იმპლემენტაცია.
1tv.ge