სტიქიური უბედურების გამო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღად 17 ივნისის ნაცვლად 1 ივლისი განისაზღვრა

106985
თბილისში მომხდარი სტიქიის გამო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღად 17 ივნისის ნაცვლად 1 ივლისი განისაზღვრა. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული აქვს ვალდებულება, რომ მიმდინარე წლის 17 ივნისს ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდეს. ამისთვის ეკონომიკის სამინისტრომ და ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან ერთად ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს.
“მთელი ინფრასტრუქტურა შექმნილია და ქვეყანა მზადაა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდეს. თუმცა მიმდინარე სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, არ შეგვექმნა დამატებითი დისკომფორტი ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელმაც ისედაც უდიდესი სტრესი განიცადა. ვფიქრობთ, ამ ეტაპზე ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღად 17 ივნისის ნაცვლად ავიღოთ 1 ივლისი, რათა ორი კვირა გავიდეს საიმისოდ, რომ ქვეყანა გამოვიდეს ასეთი მდგომარეობიდან, საგანგებო რეჟიმიდან და უფრო დამშვიდებულ რეჟიმში მოხდეს აღნიშნული პროცესის განხორციელება. ანალოგური მაუწყებლობის გამორთვას თბილისიდან ვიწყებთ, თუმცა ეს იქნება არა 17 ივნისს, არამედ, სავარაუდოდ, 1 ივლისს. მანამდე გაკეთდება კიდევ რამდენიმე განცხადება იმისათვის, რათა მოსახლეობამ შეძლოს უკეთ მომზადება და სეთ-თოფ-ბოქსის შეძენა, რაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელადაა აუცილებელი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments