ზურა გურიელიძე: რაც მოხდა ჩემი ბრალია

თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით, მტაცებელი ცხოველების შესახებ სახელმწიფო უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მისი ბრალია.
გურიელიძის განმარტებით, მისი ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო სტრუქტურებმა განაცხადეს, რომ მტაცებელი ცხოველების მხრიდან მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრებოდა.
“ძალიან მძიმე შემთხვევა მოხდა. ვაცნობიერებთ ამ მძიმე შემთხვევას, მიუხედავად ამისა, მოსახლეობას სიმშვიდისკენ მინდა მოვუწოდო. ზოოპარკის ადმინისტრაცია სამართალდამცავ სტრუქტურებთან ძალიან აქტიურად მუშაობს ინფორმაციის გაცვლის მიზნით და ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია ყველა შესაბამის სამსახურს მიეწოდება.
სტიქიის ღამეს მიმდინარეობდა დაღუპული და დაკარგული ცხოველების რაოდენობის მონიტორინგი. ყველა ინფორმაციით, რაც გუშინ საღამოს გვქონდა, ეს საფრთხე აღარ არსებობდა. ამის შესახებ გუშინაც განვაცხადე, რომ, როდესაც ეს ინფორმაცია შევაჯამეთ მივიღეთ ასეთი შედეგი.
ამის მიუხედავად, შსს მაინც პატრულირებდა პერიმეტრზე, მაგრამ შიგნით შენობებში ძებნა არ ხორციელდებოდა.  სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ვეფხვი, რომელიც ჩათვლილი იყო როგორც მოკლული, აღმოჩნდა ცოცხალი და დამალული ერთ-ერთ შენობაში და შესაბამისად მოხდა ის, რაც მოხდა.
ვაცნობიერებ იმას, რომ ჩემი ინფორმაციის მიწოდებით, სახელმწიფო სტრუქტურებმა გაავრცელეს ეს ინფორმაცია და ჩემი შეტყობინების შედეგად ჩაითვალა, რომ საფრთხე აღარ არსებობდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. გარწმუნებთ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს.
სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვა ინფორმაცია შემოდიოდა. უამრავი ორგანიზაცია და უწყება მუშაობს. ეს უწყებები ინფორმაციას მაწვდიდნენ. შესაბამისად, ერთი და იგივე ვეფხვის მოკვლის შესახებ ინფორმაცია ორჯერ იყო მიღებული”,-განაცხადა გურიელიძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments