წულუკიანი: არასრულწლოვანი გოგონების ქორწინება უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს

wQ6mMybბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში  ”საქართველოს ევროპული გზა'”, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც მონაწილეობს.   იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ის რეფორმა, რაც საქართველოში ორი წლის განმავლობაში სამართლის სფეროში მიმდინარეობს ახალ თაობებს უკეთეს საქართველოში საცხოვრებლად სჭირდება.

თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა ქალთა წინააღმდეგ ძალადობის პრევენციის მიზნით 20-მდე კანონში ცვლილებების შესვლის შესახებაც და განაცხადა, რომ ცვლილებების მიზანია გამკაცრდეს ზოგიერთი კანონი ისე, რომ მათ გადამარწმუნებელი ეფექტი ჰქონდეთ:

“ჩვენ შარშან ხელი მოვაწერეთ სტამბულის კონვენციას, რომელიც მიმართულია ოჯახში ძალადობისა და ქალის წინააღმდეგ ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისაკენ. ახლა საჭიროა ამ კონვენციის რატიფიკაცია, მაგრამ ეს ვერ მოხდება, თუ ჩვენ არ შევიტანეთ ცვლილებები და სადაც საჭიროა იქ არ გავამკაცრეთ კანონი.

პრაქტიკულად შემუშავებულია ქალებისთვის, მათი უფლებების დასაცავად ძალიან მასშტაბური და მე ვიტყოდი, რევოლუციურ ცვლილებათა პაკეტი, რომელზეც საჯარო დისკუსია ჩვენ ორი დღის წინ დავიწყეთ, მათ შორის რაიონებშიც გავმართავთ შეხვედრებს იმისთვის, რომ ჩვენმა ქალებმა გაიგონ, თუ რა ახალი უფლებები ექნებათ.   მაგალითად ის, რომ უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს არასრულწლოვანი გოგონების ქორწინება, იმიტომ, რომ ეს დაუშვებელია. დღეს ეს ისჯება, მაგრამ არასათანადოდ. სანქცია უნდა იყოს ალბათ უფრო მკაცრი, რომ გადამარწმუნებელი ეფექტი ჰქონდეს. ჩვენ გვინდა, რომ ფსევდოტრადიციები, რომლებიც ბავშვზე, 10-11-13 წლის გოგონაზე ძალადობას გულისხმობს და რომლებიც ზოგიერთ თემებში დღემდე ხორციელდება – აღარ იყოს. გვინდა, რომ პატარა გოგონები დავიცვათ ზრდასრული კაცების მხრიდან ძალადობისგან.  ჩვენ ასევე გვინდა, რომ არსებობდეს მონიტორინგის კარგი მექანიზმი, იმიტომ, რომ ერთია შემოვიტანოთ კარგი ნორმები, მაგრამ მეორეა ამ კარგი ნორმების იმპლემენტაცია. ჩვენ როდესაც ამ კონვენციის რატიფიკაციას მოვახდენთ, მინდა ყველა ქალს საქართველოში სჯეროდეს, რომ მისი უფლებები დაცულია” – განაცხადა წულუკიანმა.

image_pdfimage_print

Comments

comments