„ქართველები მეორე მსოფლიო ომში“

 ქართველები მეორე მსოფლიო ომში
26 ივნისს  საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება გამოფენა „ქართველები მეორე მსოფლიო ომში“, რომელიც  ეძღვნება ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავს.

ექსპოზიციაზე აქამდე უცნობი კოლექციები იქნება წარმოდგენილი, დამთვალიერებლი იხილავს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო შენაერთებში ქართველ მებრძოლთა 250-მდე მემორიალურ ნივთს: პირადი წერილები, სიგელები, მისალოცი ბარათები, მედლები, ორდენები. აგრეთვე, როგორც საბჭოთა პერიოდის, ასევე ნაცისტური გერმანიის მიერ წარმოებულ საბრძოლო იარაღებს – ტყვიამფრქვევს, ტანკსაწინააღმდეგო შაშხანას, თოფებს, პისტოლეტებსა და სხვა. ექსპოზიციას ისტორიულ ხაზად მისდევს მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ვიდეო და ფოტო ქრონიკები.

კერძო კოლექციიდანაა გამოფენილი ვერმახტის ქართული ლეგიონის სამკლავური ნიშანი, ვერმახტის კავკასიური საგანგებო დანიშნულების ბატალიონ ბერგმანის ემბლემა-ნიშანი კავკასიური ხანჯლის სახით – პირადი ნომრით 896, ქართული ლეგიონის საველე ბიბლიოთეკიდან „ჩვენი სიმღერები“ და სხვა.

მეორე მსოფლიო ომში 34 მილიონ 500 ათასამდე საბჭოთა მებრძოლი იღებდა მონაწილეობას. საქართველომ ფრონტის ხაზზე 700 ათასამდე მებრძოლი გაგზავნა, რომელთა შორის 16 ათასი ქალი, 60 გენერალი და ადმირალი, 23 ათასი ოფიცერი და მეთაური იყო. ფრონტზე წასულთა თითქმის ნახევარი შინ ვეღარ დაბრუნდა. ომის განმავლობაში საქართველოდან 164 ადამიანს მიენიჭა გმირის წოდება. ქართველი მებრძოლები ასევე დაჯილდოვდნენ საფრანგეთის, იტალიისა და იუგოსლავიის ეროვნული გმირის წოდებებითაც.

image_pdfimage_print

Comments

comments