პაატა ზაქარეიშვილი: უკანონო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მთელი მსოფლიო ჩართულია, რაც არასდროს ყოფილა

„ყველა უკანონო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მთელი მსოფლიო ჩართულია, რაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს არასდროს ყოფილა“ – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმებულ ხელშეკრულების თაობაზე. “ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმი არის ის უპრეცედენტო მობილიზება, რაც ხდება ჩვენი ხელისუფლების მიერ და არ ხდებოდა არასდროს სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ყოველ ხელშეკრულებაზე ჩართული გვყავს მთელი მსოფლიო, რაც სხვა დროს არასდროს ყოფილა”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მინისტრი არ გამორიცხავს, რუსეთის მიერ ხელშეკრულების გაფორმების სურვილს ცხინვალის მხრიდანაც. თუმცა, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი ჯერ მხოლოდ ვარაუდის დონეზეა.
“ჯერჯერობით ეს ისმის ცხინვალიდან, თანაც ვარაუდით, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ნამდვილად განხორციელდეს. ეს ხელშეკრულება იქნება ისეთივე უკანონო, არ ექნება არანაირი კანონიერი საფუძველი და ისევე იქნება მსოფლიოს მიერ აღქმული, როგორც აბსოლუტურად არარსებული დოკუმენტი, როგორც აფხაზეთის მიმართულებით იყო”, – აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
რუსეთმა და ოკუპირებულმა ე.წ. სამხრეთ ოსეთმა “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ე.წ. შეთანხმება, შესაძლოა, 2015 წლის დასაწყისში გააფორმონ. დოკუმენტს ინტეგრაციული ხასიათი ექნება. ამის შესახებ “რია ნოვოსტის” ცხინვალის რეჟიმის დეფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვმა განუცხადა.
ამასთან, “მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ” ე.წ. შეთანხმება რუსეთსა და აფხაზეთის მარიონეტულ ხელისუფლებას შორის 24 ნოემბერს სოჭში გაფორმდა.

image_pdfimage_print

Comments

comments