საქართველოში პირველი სიამის ტყუპი გაჩნდა

c7f1fab8c18a0c75a5a8fb2f023a8f07ფოტოზე გამოსახული ულამაზესი გოგონები სიამის ტყუპია. თებროლე და თამარ ვაშაყმაძეები სამი თვის წინ, 12 მარტს, თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დაიბადნენ. გოგონები ერთმანეთთან ღვიძლის ნაწილით არიან დაკავშირებული და დამოუკიდებლად ცხოვრებას ოპერაციის გარეშე ვერ შეძლებენ. პატარა დებს დროულად სჭირდებათ დახმარება. მათი სხეულები უნდა გაცალკევდეს, რათა დები სრულფასოვნად განვითარდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია საშურია, შესაძლოა, მისი ჩატარება გაჭიანურდეს, რადგან საქართველოში მსგავსი ტიპის ოპერაცია არასოდეს გაკეთებულა, უცხოეთში სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო თანხები კი ტყუპის ოჯახს არა აქვს.

პატარები ქუთაისში ცხოვრობენ. მათ ათი წლის და ჰყავთ, რომელიც სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. გოგონების დედის, მარიამ ლეჟავას თქმით, რომ არა სიამის ტყუპისთვის მახასიათებელი პათოლოგია, ჩვილი ტყუპიც სრულიად ჯანმრთელია.

მარიამ ლეჟავა:

– როგორც მითხრეს, ჩემი გოგონები საქართველოში დაბადებული პირველი სიამის ტყუპია. ბავშვები ჩვეულებრივად ვითარდებიან.ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ღვიძლის მარცხენა წილებით. დანარჩენი ორგანოები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი აქვთ. ორივე სრულიად ჯანმრთელია, მაგრამ თუ ოპერაცია დროულად არ გაკეთდება, დაიწყება გართულებები, რაც დროთა განმავლობაში სერიოზულ პრობლემებს შექმნის.  ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც ბავშვები დაიბადნენ, გვირჩიეს, რომ გერმანიაში ან ისრაელში მოგვეძია კლინიკები, რომლებიც მსგავს პათოლოგიებს იცნობენ და ოპერაციებს აკეთებენ.
ამ ეტაპზე არჩევანი შევაჩერეთ კიოლნის კლინიკაზე, რომელსაც გამოცდილება აქვს, მაგრამ ოპერაცია 85 000 ევრომდე ჯდება. ჩვენთვის ეს არის საარაკო თანხა, რომელსაც ვერ მოვაგროვებთ.

დავით სერგეენკო:

– ეს პათოლოგია ყოველთვის არ იძლევა ოპერაციით დროულად და ეფექტიანად ჩარევის შესაძლებლობას (თუნდაც საჭირო თანხის ქონის შემთხვევაში). ამიტომაც ზოგ შემთხვევაში ტყუპი მუდმივად “ერთად ცხოვრობს” ან მხოლოდ მოზრდილ ასაკში აცალკევებენ მათ, როდესაც სამედიცინო ჩარევა მინიმალურ რისკთან არის დაკავშირებული.
ამ ბავშვების შესახებ დეტალური მონაცემები გამოვითხოვეთ, სამინისტროში ვიწვევთ ბავშვთა ქირურგიის ასოციაციის წევრ სპეციალისტებს და ვატარებთ კონსილიუმს, რომლის ამოცანაც იქნება კომუნიკაცია საზღვარგარეთის (თურქეთი, გერმანია, ავსტრია, სხვა..) კლინიკებთან, რომელთაც გადავუგზავნით ბავშვების მონაცემებს და ვთხოვთ“დისტანციაზე კონსულტაციას. ამის შედეგად გავარკვევთ, შესაძლებელია თუ არა შესაბამისი სპეციალისტის ჩამოყვანა და ოპერაციის საქართველოში ჩატარება (ასეთი პრეცედენტები მსოფლიოში ყოფილა, როცა შესაბამისი საინფორმაციო-საქველმოქმედო კამპანიის შემდეგ ქირურგი უსასყიდლოდ ჩასულა იმ ქვეყანაში და ოპერაცია გაუკეთებია).

თუკი სპეციალისტის ჩამოსვლა რაიმე (კლინიკური/საორგანიზაციო) მიზეზით შეუძლებელია, მაშინ გავმართავთ მოლაპარაკებას უცხოურ კლინიკებთან იმის თაობაზე, შესაძლებელია თუ არა ამ ოპერაციის შეღავათიან ფასად გაკეთება. სხვა ალტერნატივა თუ არსებობს, ამასაც მოვიძიებთ. ვიმედოვნებთ, შედეგი გვექნება. ჯერ კი შეუძლებელია დაბეჯითებით იმის თქმა, რომ გოგონებს 85 000 ევრო სჭირდებათ. შესაძლოა, ოპერაციამ მოითხოვოს ნაკლები ან მეტი. მთავარია, ზუსტად დადგინდეს, რა სჭირდებათ ბავშვებს.

 

P.S. ყველას, ვისაც სურვილი აქვს დაეხმაროს ვაშაყმაძეების ოჯახს, ვთავაზობთ ანგარიშის ნომერს.
თიბისი ბანკი: მიმღები მარიამ ლეჟავა
GE42TB7003242365100009

image_pdfimage_print

Comments

comments