დღეს პეტრე-პავლობაა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს პეტრე-პავლობას, წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.

წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს მოწაფეთა შორის განსაკუთრებულ პატივს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ. უფლის ხმობამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად ადრე სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე.

წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მოციქულებრივ მსახურებამდე მას სავლე ერქვა. იგი მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს სდევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რა დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. წმინდა მოციქულს თავი მოკვეთეს. ზოგიერთი ცნობით, პეტრე და პავლე მოციქულები ერთ დღეს აღესრულნენ, სხვა გადმოცემით კი პავლეს, პეტრეს ჯვარცმის წლისთავზე მოკვეთეს თავი.

წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე, პირველი ტაძრები რომსა და კონსტანტინოპოლში, IV საუკუნეში წმინდა მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა აღმართა.

 

image_pdfimage_print

Comments

comments