თბილისში სპორტის სასახლე გაიხსნა

1436801016362149 უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ახალი სპორტის სასახლე ოფიციალურად გაიხსნა. ოლიმპიური ობიექტი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანმა გახსნეს.
ახალი სპორტის სასახლე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი 2015”-ის ფარგლებში 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე ჭაბუკებსა და გოგონებს შორის სახელბურთო ტურნირს უმასპინძლებს.
დავით ნარმანიას თქმით, ობიექტი მრავალფუნქციურია და ამ სივრცეში, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებები გაიმართება. ახალ სპორტის სასახლეში სპორტსმენებს ვარჯიშის შესაძლებლობაც ექნებათ.
თანამედროვე სტანდარტების დაცვით აშენებულ სპორტის სასახლეში ორი დარბაზი მოეწყო, სადაც ერთდროულად შესაძლებელი იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობების ტურნირების ჩატარება, როგორც სათამაშო, ასევე ინდივიდუალურ სახეობებში – ხელბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ძიუდოში, ჭიდობაში, მინი-ფეხბურთში, ფარიკაობაში და ა. შ. დიდი დარბაზი 3600 გულშემატკივარს, მცირე არენა კი 600 გულშემატკივარს იტევს.
ახალი სპორტის სასახლის სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ობიექტი შ.პ.ს. “სპორტმშენსერვისის” დაკვეთით კომპანია “ლაინკუბმა” დააპროექტა, სამუშაოები კი კომპანია “ელექტრომონტაჟსერვისმა” შეასრულა.

image_pdfimage_print

Comments

comments