სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში გენმოდიფიცირებული სურსათი გამოავლინა

თბილისშო გენმოდიფიცირებული პროდუქტი გამოავლინესსოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა კახეთის გზატკეცილზე მდებარე შპს „კრისტალ ქრაფტი“ კანონდარღვევის გამო 5000 ლარით დააჯარიმეს. აღნიშნულმა ბიზნესოპერატორმა ბაზარზე ეტიკეტირების წესის დარღვევით განათავსა ირანული წარმოშობის გენმოდიფიცირებული ტექსტურირებული სოიოს პროტეინი (ფარში), რომელიც სარეალიზაციოდ გატანილი იყო გორის ქუჩაზე მდებარე შპს “განთიადის” საბითუმო სავაჭრო ობიექტში. სააგენტოს წარმომადგენლებმა სწორედ ამ ობიექტიდან აიღეს ნიმუშები და კვლევისთვის ლაბორატორიას გადაუგზავნეს.
ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ ირანული წარმოშობის ტექსტურირებული სოიოს პროტეინი (ფარში) გენმოდიფიცირებულია, რაც ეტიკეტზე არ არის ასახული (პროდუქცია დამზადებულია 01.02. 2015, ვადა 01.08.2016-მდე).
საქართველოს კანონის “სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ” თანახმად, შპს “კრისტალ ქრაფტს” დაევალა ბაზრიდან სურსათის გამოთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის 10 000 ლარით დაჯარიმდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო შეახსენებს ბიზნესოპერატორებს, რომ, თუკი სურსათის შემადგენლობაში არსებული გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები საერთო მასის 0,9%-ზე მეტია, ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში დატანილი უნდა იყოს აბრევიატურა „გმ”. კანონის მიხედვით, ნიშანდება მომხმარებლისთვის ადვილად აღქმადი და თვალსაჩინო უნდა იყოს. ეტიკეტირების წესის დარღვევა საქართველოს კანონმდებლობით ჯარიმდება 5 000 ლარით. განმეორების შემთხვევაში, კი ჯარიმა ორმაგდება და ბიზნესოპერატორს 10 000 ლარის გადახდა მოუწევს.

image_pdfimage_print

Comments

comments