ვეტოს დაძლევაში „თავისუფალი დემოკრატები“ მონაწილეობას არ მიიღებენ

ვეტოს დაძლევის საკითხის განხილვაში “თავისუფალი დემოკრატები” მონაწილეობას არ მიიღებენ – ამის შესახებ ჟურნალისტებს “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა.
“კონრეტულ დეტალებზე და პოზიციაზე ვერ ვისაუბრებთ, ვიდრე არ იქნება დოკუმენტი. ეს დოკუმენტი კარგად უნდა შევისწავლოთ, რადგან გვაინტერესებს, პრეზიდენტი რით ამყარებს საკუთარ არგუმენტირებულ პოზიციას. რაც შეეხება ვეტოს დაძლევას, ჩვენ თავის დროზე არ ვუჭერდით ამ კანონს მხარს და არც ვეტოს დაძლევაში მივიღებთ მონაწილეობას. “თავისუფალ დემოკრატებს” არერთხელ განუცხადებია, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არცერთი გასაღები არ იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროში”, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ირაკლი ჩიქოვანი გუშინ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ბესელია– სესიაშვილი–ფოფხაძის მიერ მომზადებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას არ დაესწრო. მასთან ერთად განხილვის პროცესს არ დაესწრო დეპუტატი თინათინ ხიდშელი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი საბოლოო, მესამე მოსმენით პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი პარლამენტის 30 წევრი წავიდა.
ბესელია-ფოფხაძე–სესიაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლება შსს-ს რჩებოდა და ამოქმედდებოდა ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომელთაგან ერთი “გასაღები” შს სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება. აღნიშნულ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

image_pdfimage_print

Comments

comments