კერესელიძე: თუ მიხეილ სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშნავენ ეს გარკვეულ ნეგატიურ ფონს შექმნის საქართველო–უკრაინის ურთიერთობებში

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი დავით კერესელიძე მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე–პრემიერად შესაძლო დანიშვნას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა ეს გარკვეულ ნეგატიურ ფონს შექმნის საქართველო–უკრაინის ურთიერთობებში.
„მე ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას. ეს არის უკრაინულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია. დღეს ჩვენ გვქონდა ბრიფინგი, ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ გვქონდა დაანონსებული – მზადდება პრემიერ–მინისტრის ვიზიტი უკრაინაში. ამ ფონზე მე ამასაც დაგიდასტურებთ, საგარეოს და სხვა უწყებებსაც გვაქვს დავალება, რომ გავააქტიუროთ ყველა მიმართულებით უკრაინასთან კეთილმეზობლური, კარგი ურთიერთობა.მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ჩვენ ერთი გამოწვევების წინაშე ვართ, ევროინტეგრაციის და გნებავთ სხვა კუთხით. ამიტომ, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, რა თქმა უნდა, ეს ალბათ შექმნის გარკვეულ ნეგატიურ ფონს იმ პოზიტივის მიმართებაში, რაზეც მე თქვენ გესაუბრეთ – დაგეგმილ ვიზიტზე და ა.შ. ეს არის სულ რაც შემიძლია ვთქვა. მეტ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინსიტრო არ ფლობს. დაველოდოთ მოვლენებს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ნებისმიერი ყოფილი მაღლაჩინოსანი, გნებავთ ექსპრეზიდენტი, გნებავთ ნებისმიერი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც ბრალი აქვს საქართველოში წაყენებული მძიმე დანაშაულებზე, თუ დაინიშნენ ისინი მაღალ თანამდებობაზე უკრაინაში, ეს არ შექმნის კარგ ფონს ამ პოზიტივში, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით, რომ შედგეს კარგი ვიზიტი, განვითარდეს კიდევ ურთიერთობები“-განაცხადა კერესელიძემ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცეპრემიერის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნაზე ინფორმაციას უკრაინული გამოცემა kyivpost.com ავრცელებს.

image_pdfimage_print

Comments

comments