კახი კალაძე: ზღულაძესა და კვიტაშვილს მინდა წარმატებები ვუსურვო

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, უკრაინაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები, კერძოდ, მთავრობაში ალექსანდრე კვიტაშვილის და ეკა ზღულაძის დანიშვნა, ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტის გადადების მიზეზი არ გახდება. როგორც კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში აღნიშნა, პრემიერის უკრაინაში ვიზიტის გადადების აუცილებლობა ნამდვილად არ დგას.
“არა, ნამდვილად არ არის ამის აუცილებლობა და ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი რაღაცეები მოხდეს თუნდაც უკრაინაში ან საქართველოში, რომ ასეთი დონის შეხვედრების გადადება მოხდეს. კონკრეტული დანიშვნები, რომელიც ეხება კვიტაშვილსა და ქალბატონ ზღულაძეს, ნამდვილად არ არის იმის საბაბი, რომ პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გადაიდოს. ეს მათი საკადრო პოლიტიკაა, მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, რიგით ქართველს წარმატებას ვუსურვებ ამ ორ ადამიანს უკრაინაში. ჩემი გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ ეს ადამიანები იძებნებიან. არსებობს კონკრეტული საქმეები, რომელზეც პასუხის გაცემას ეს ორი პიროვნება თავს არიდებს. ზუსტად ამის გამო იყო განპირობებული ჩემი კომენტარი. რაც შეეხება ზღულაძესა და კვიტაშვილს, მე ამ ადამიანების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე მათ მინდა წარმატებები ვუსურვო”, – განაცხადა კალაძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments