დედაქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება

8d21cb8baf15cbb041b4cbca6aa4efd6         დედაქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, მერია განცხადებას ავრცელებს:

საბურთალოს რაიონის გამგეობა ულოცავს დედაქალაქის მაცხოვრებლებს თბილისობას და 12:00 საათიდან 18:00 საათამდე პატარა და უფროსი თაობის წარმომადგენლებს სხვადასხვა გასართობ ღონისძიებაზე იწვევს, რომელიც ალ. ყაზბეგის გამზირზე, ვ.გოძიაშვილის სახელობის პარკსა და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. აღნიშნულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ბაღის აღსაზრდელები გასართობ-ქორეოგრაფიულ და სხვა სასცენო ნომრებს წარადგენენ. 16:00 საათიდან ვ.გოძიაშვილის სახელობის სკვერში სტუმრებისთვის მანანა არაბიძის სტუდიისა და ქართული ხალხური სიმღერების კონცერტია დაგეგმილი. ამასთან, ორი დღის განმავლობაში, ბავშვებისთვის პარკში უფასოდ იმუშავებს ატრაქციონი. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი სპეციალურად მოწყობილ კარვებში ტრადიციული ქართული კერძებისა და კვების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. დაგეგმილ აქტივობებს საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და გამგეობის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილია ვაკის რაიონის მაცხოვრებლებისთვისაც. ვაკის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობა თბილისობის დღესასწაულს მოზარდებს ვაკის პარკში მიულოცავს. 17 და 18 ოქტომბერს 12.00-დან 17.00 საათამდე პარკში სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართება. პარკში მოსული პატარებისთვის ღონისძიება საბავშვო კონცერტით გაიხსნება. ბავშვები დაესწრებიან თოჯინების სპექტაკლს და იხილავენ ილუზიონისტის შოუს. „თბილისობა 2015“-ში ქართული ხალხური ქორეოგრაფიული ანსამბლიც მიიღებს მონაწილეობას. გაიმართება, ასევე, ბავშვების ნახატების, ხელნაკეთი თოჯინების და ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მოეწყობა ტრადიციული კვების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვაც.

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები ვარდების მოედანზე გაიმართება. ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ ასფალტზე ხატვა, ჩაუტარდებათ მასტერკლასები მხატვრობაში, ძერწვასა და თიხაზე მუშაობაში. დაგეგმილია ილუზიონისტის წარმოდგენებიც. ასევე, დაგეგმილია მთაწმინდის რაიონის სკოლებიდან წარმოდგენილი ანსამბლებისა და ინდივიდუალურ შემსრულებელთა კონცერტები. ღონისძიებებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი გელა არჩვაძე დაესწრება. ვარდების მოედანზე მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ გულსამაგრები და ბუშტები წარწერით „თბილისობა მთაწმინდაზე 2015“.

„თბილისობა 2015-ის“ ფარგლებში, დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები 17-18 ოქტომბერს ბორის პაიჭაძისა და სტანისლავსკის ქუჩებზე გაიმართება.

10:00-დან 17:00 საათამდე, პაიჭაძის ქუჩაზე, საბავშვო სპორტული ღონისძიებები ჩატარდება. პატარები ერთმანეთს კალათში ბურთის მოთავსებაში, საბავშვო ბოულინგსა და დართსში შეეჯიბრებიან. ბავშვების მხიარული განწყობის შექმნაზე ანიმატორები იზრუნებენ. დაგეგმილია როგორც საბავშვო სიმღერებისა და სამეჯლისო ცეკვების, ასევე ხალხური და ტრადიციული სიმღერებისა და ცეკვების კონცერტი.

ბორის პაიჭაძისა და სტანისლავსკის ქუჩებზე, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული კვების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვაც გაიმართება.

ღონისძიებებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და გამგეობის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ჩუღურეთის რაიონში გამგეობის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები „ილიას ბაღში“ და ხეთაგუროვის სკვერში გაიმართება. „ილიას ბაღში“ მისული სტუმრებისთვის დაგეგმილია საბავშვო მუსიკალური კონცერტი, მხიარული სტარტები, ილუზიონისტებისა და ანიმატორების შოუ. ხეთაგუროვის სკვერში ტრადიციული კვების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, რომელიც ორი დღე გაგრძელდება. აღნიშნული ღონისძიებები 12:00-17:00 საათებში ჩატარდება და მას ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძეც დაესწრება.

ღონისძიებებია დაგეგმილი გლდანის რაიონშიც. ჩატარდება გასართობი სანახაობები და სხვა ღონისძიებები, როგორებიცაა საცირკო ნომრები, ილუზიონისტის შოუ, საყვარელი პერსონაჟები ანიმაციური ფილმებიდან და მხიარული ესტაფეტა. დაგეგმილი აქტივობები 12:00 საათიდან დაიწყება. სახელდახელოდ დადგმულ კარვებში წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული კვების პროდუქტები, რომელთა შეძენის საშუალებაც ყველას ექნება. თბილისობის დღესასწაულს ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად აღნიშნავს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძეც, რომელიც დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება.

ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა კულტურული და გასართობი აქტივობები 17-18 ოქტომბერს „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“ 12 საათზე დაიწყება და 17 საათამდე გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება საბავშვო სიმღერისა და ცეკვის კონცერტი. ღონისძიება ასევე მოიცავს საცირკო წარმოდგენას, ილუზიონისტთა და საპნის ბუშტების შოუებს. ჩატარდება შეჯიბრი კარატეში. პატარების განწყობაზე ზღაპრებისა და მულტფილმების კოსტუმირებული ანიმატორები იზრუნებენ. სადღესასწაულო ღონისძიების მიმდინარეობისას, „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“ მისულ სტუმრებს ქართული პროდუქტების დაგემოვნება და შეძენა ადგილზე განთავსებულ კარვებში შეეძლებათ. ღონისძიებებში მონაწილეობას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნიაც მიიღებს.

image_pdfimage_print

Comments

comments