თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „თბილისზე მზრუნველი“ ოთხი ადამიანი დააჯილდოვა

12109107_1185747148108550_483269426559721348_n           თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „თბილისზე მზრუნველი“ ოთხი ადამიანი დააჯილდოვა. „თბილისზე მზრუნველი“-ს ჯილდო, წელს, მაშველ თორღვა თორღვაშვილს, მეეზოვე ილია ჩოხელს, 13 ივნისის სტიქიის დროს გამოჩენილი თავდადებისთვის, გიორგი ლომიძესა და მესაათე არტურ პეტროვს ერგო.
დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ „თბილისზე მზრუნველებს“ სიმბოლური საჩუქრები – სიგელები და სახელოსნო „ფოკანი“-ს მიერ დამზადებული მედალიონები გადასცა.
,,გვინდა, მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, ვინც უანგაროდ ემსახურება საკუთარ პროფესიას, ზრუნავს და საკუთარი წვლილი შეაქვს თბილისის განვითარებაში. თითოეული თქვენგანი დედაქალაქისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. თითოეულ თქვენგანს, განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით დედაქალაქის წინაშე! რომ არა თბილისისა და საკუთარი საქმის დიდი სიყვარული, პროფესიონალიზმი, თავდადება, ალბათ, ვერ შეძლებდით გეცხოვრათ ასე ღირსეულად და ყოველდღიურად გეზრუნათ თბილისზე“, – განაცხადა თბილისის მერმა.
უკვე მეორე წელია, დედაქალაქის მერიამ „თბილისზე მზრუნველი“-ს ჯილდო დააწესა. „თბილისობა 2014“-სგან განსხვავებით, წელს, მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ „თბილისზე მზრუნველი“, ხმის მიცემის საფუძველზე, თავადაც აერჩიათ. „თბილისზე მზრუნველი“ მოქალაქეების შესახებ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური ფილმები სატელევიზიო ეთერებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდებოდა.
მოქალაქეების რჩეული – წლის ,,თბილისზე მზრუნველი’’ – თორღვა თორღვაშვილი გახდა.
„თბილისზე მზრუნველი“-ს ჯილდო, ყოველწლიურად, იმ მოქალაქეებს გადაეცემა, ვინც უანგაროდ ემსახურება საკუთარ პროფესიას, ზრუნავს და საკუთარი წვლილი შეაქვს დედაქალაქის განვითარებაში.
ღონისძიება, “თბილისობა 2015”-ის ფარგლებში, რიყის პარკში გაიმართა.

image_pdfimage_print

Comments

comments