თბილისის მერი სტრასბურგში ევროსაბჭოს რეგიონული კონგრესის სესიას დაესწრება

1617x1270x479            თბილისის მერი სტრასბურგში ევროსაბჭოს რეგიონული კონგრესის სესიას დაესწრება
თბილისის მერი დავით ნარმანია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პლენარულ სესიაზე დასასწრებად გაემგზავრა.
პლენარული სესიის მიმდინარეობისას კენჭი ეყრება სხვადასხვა რეზოლუციასა და რეკომენდაციებს. კერძოდ: მიმოიხილავენ ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობას ლუქსემბურგში, მონტენეგროში, მოლდოვის რესპუბლიკასა და ალბანეთში. ასევე იმსჯელებენ ახალგაზრდებისთვის მმართველობის პროცესში მონაწილეობის მიღებისას ბარიერების აღმოფხვრაზე, ისაუბრებენ სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიურ თანამშრომლობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ ფორმებზე.
,,იმართება ევროსაბჭოს რეგიონული კონგრესის სესია, სადაც საუბარი იქნება სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საკითხებზე, მათ შორის საქართველოში. ჩვენ ვისაუბრებთ რეფორმებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში გატარდა, კერძოდ, საზოგადოების აქტიური ჩართულობის ინსტრუმენტები, რაც სულ ახლახანს შევიდა ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობაში და მის გავლენაზე ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხზე. იქნება მსჯელობა და დისკუსია სხვადასხვა საკითხებზე, რომელშიც ასევე მივიღებთ მონაწილეობას”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ვიზიტის ფარგლებში თბილისის მერი დავით ნარმანია კონგრესის რეგიონული პალატის შეხვედრას დაესწრება, სადაც უმცირესობათა ენების ქარტიის შესახებ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის გამოსვლა იგეგმება, რის შემდეგაც გაიმართება დებატები.
თბილისის მერის დავით ნარმანიას ვიზიტი სტრასბურგში 19-დან 22 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

image_pdfimage_print

Comments

comments