Forbes-ის რეიტინგში საქართველოს პოზიცია სამი ადგილით გაუმჯობესდა

საქართველოს პოზიცია, Forbes-ის რეიტინგში „საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის“ (Best Countries for Business) 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით 3 ადგილით გაუმჯობესდა და 146 ქვეყანას შორის 47-ე ადგილი დაიკავა, ხოლო რეგიონის მასშტაბით – პირველ ადგილზეა.
ამის თაობაზე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ჯანელიძემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს, გავლენიანი ჟურნალის მიერ გამოქვეყნებული შედეგები გააცნო. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, „ფორბსის“ რეიტინგი ეფუძნება მსოფლიოში აღიარებული კვლევითი ინსტიტუტების მიერ შემუშავებულ მონაცემებსა და რეიტინგებს. მათ შორის ასეთი ინსტიტუტია ჰერიტიჯის ფონდი, რომელიც იკვლევს ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლების დონეს.
„როგორც მოგეხსენებათ, ამ კვლევის თანახმად, საქართველომ მკვეთრად გაიუმჯობესა მდგომარეობა 2013 წლის შემდეგ და იგი 22 ადგილს იკავებს მსოფლიოში ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის მიხედვით. 2014 წლის მაჩვენებელი არის ყველაზე მაღალი, რაც აქამდე საქართველოს ამ რეიტინგის მიხედვით ჰქონია. გარდა ამისა, „ფორბსი“ ითვალისწინებს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექს, რომელიც ქვეყნდება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ. ამ რეიტინგშიც საქართველომ 2012 წლის შემდეგ გაიუმჯობესა მდგომარეობა და 77 ადგილის ნაცვლად 69 ადგილზე გადაინაცვლა. „ფორბსი“ ასევე ეყრდნობა ისეთ კვლევებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის რეიტინგი ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, „ტრანსფარენსი ინტერნეშენალის“ კორუფციის აღქმის ინდექსი, „ფრიდომ ჰაუსის“ თავისუფლების ინდექსი და საკუთრების უფლებების ალიანსის საკუთრების უფლებების დაცვის ინდექსი“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
„ფორბსის“ რეიტინგში პირველ ადგილს დანია, ხოლო ბოლო ადგილს გვინეა იკავებს.

image_pdfimage_print

Comments

comments