უკრაინის მთავრობას ჩვენ მხარს ვუჭერთ… მაგრამ მათი არჩევანი აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს – ღარიბაშვილი

უკრაინელი ხალხი საქართველოსთვის ძალიან ძვირფასია, მაგრამ უკრაინული მთავრობის მსგავსი ნაბიჯები აზიანებს ურთიერთობას ორ ქვეყანას შორის – ეს განცხადება ირაკლი ღაირბაშვილმა გააკეთა და ის ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინის მთავრობაში დანიშვნას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
“ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს მიერ ძებნილი, ინტერპოლით ძებნილი ადამიანები კომფორტულად არიან მოკალათებული უკრაინის მთავრობაში. ეს საზიანოა უკრაინის მთავრობისთვის, მათი იმიჯისთვის. უკრაინის მთავრობას ჩვენ მხარს ვუჭერთ, პირადად ვესაუბრე პრეზიდენტ პოროშენკოს და პრემიერ იაცენიუკს, ვუთხარი, რომ ეს აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს და არ არის სასიამოვნო. მე ვერ ავუხსნი ქართველ ხალხს, რატომ შეიძლება დაინიშნოს ჩვენი მეგობარი უკრაინის მთავრობაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი წევრი იყო, რომლის დროსაც 300 ათასი ადამიანი გასამართლდა, ან ვანო მერაბიშვილის მოადგილე, რომელიც იყო წლების განმავლობაში იმ დანაშაულებრივი რეჟიმის გამამართლებელი. ეს პირველ რიგში მათთვის არის დამაზიანებელი, რადგან რაც საქართველოში ხდებოდა, ეს იყო სასტიკი რეჟიმი. სამწუხაროა, მაგრამ ეს მათი არჩევანია, ეს არის მათი სუვერენული უფლება. როგორ შეიძლება, ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელმაც პრაქტიკულად დაანგრია ჯანდაცვის სისტემა საქართველოში, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი გახდეს. ეს არის მათი არჩევანი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ უკრაინის მთავრობას, მაგრამ მსგავსი ნაბიჯები არ იქნება სასარგებლო ჩვენს ურთიერთობებში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments