თბილისში გამხმარი ხეების ჭრა და მათი ჩანაცვლება დაიწყო

12190093_1191361160880482_2876425169445278388_n          ოქროყანაში მავნებელ დაავადებებისგან გამხმარი წიწვოვანი ხეების მოჭრისა და მათი ჩანაცვლების მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. ტერიტორიაზე მონიშნული 10 ათასი გამხმარი შავი ფიჭვი ეტაპობრივად, ორი კვირის განმავლობაში მოიჭრება.
ხეების მოჭრის სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი.
ბიძინა გიორგობიანის თქმით, მავნებლებისგან დაზიანებული ხეები მთაწმინდის ფერდობებზე, თბილისის მერიის ინიციატივით, მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში მოინიშნა.
„აღნიშნული ღონისძიებები იმ გეგმის შესაბამისად ხორციელდება, რომელიც ჩვენმა სამსახურმა მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე, დედაქალაქის ფერდობებზე მცენარეული საფარის მასობრივი ხმობის წინააღმდეგ შეიმუშავა. აღნიშნული გეგმა მთაწმინდის ფერდობებზე 10 000 ძირი გამხმარი ხის მონიშვნას, მათ დაუყოვნებლი მოჭრასა და შესაბამისი სახეობის ნარგავებით ინტენსიურ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. მცენარეების ხმობა დღეისათვის ქალაქის გამწვანების ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას წარმოადგენს და, შესაბამისად, ძალიან მაღალია მის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი. პროცესის პირველ ეტაპზე, ხეების მონიშვნის სამუშაოებში საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათ შორის პარტიზანი მებაღეები, აქტიურად იყვნენ ჩართული“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, „მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის“ მიერ ფიტოსანიტარიული მონიტორინგი ჩაუტარდა თბილისის შემოგარენის ტერიტორიაზე გაშენებული ფიჭვების ნარგაობას და გამოვლინდა პრობლემები, რომელიც სამსახურის მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებდა. ფიტოსანიტარიული დასკვნის თანახმად, რეაგირების ღონისძიებები გამხმარი ნარგაობისგან ტერიტორიების გაწმენდას, მათ ჩანაცვლებას, ბუნებრივი განახლებისთვის ხელშეწყობასა და საშიში კერების გაზრდის პრევენციას გულისხმობს. ამჟამად ნარგავების ხმობის მხრივ ყველაზე საშიშ კერებს მთაწმინდისა და კუს ტბის ფერდობები წარმოადგენენ. გამხმარი ხეების მოჭრისა და მათი ჩანაცვლების ღონისძიებები დაგეგმილია ასევე ლისისა და კუს ტბის გზაზე არსებულ ფერდობებზე.
ხე-მცენარეების მოჭრისა და გამოტანის სამუშაოებს ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის კონტრაქტორი კომპანია განახორციელებს.
ხმობის შედეგად მოჭრილი ხეები გამწვანების შესაბამის სეზონზე ჩანაცვლდება კლიმატური ცვლილებების მიმართ ისეთი რეზისტენტული ჯიშებით, როგორიცა არის ჰიმალაის კედარი, იფანი, მუხა და აკაცია.
მოჭრის შედეგად მიღებული საშეშე მერქანი გასათბობად სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა. მოჭრილი ხეების მერქანი ბიძინა გიორგობიანმა დღესვე ოქროყანაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს გადასცა.

image_pdfimage_print

Comments

comments