ძმები ბერძენიშვილები თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ნეგატიური ფონის შექმნას აქტიურად უწყობენ ხელს – ნიკოლოზ მჟავანაძე

“უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე თავდაცვის სამინისტროს მიმართ ატეხილ აჟიოტაჟს გმობს,- ამის შესახებ ნიკოლოზ მჟავანაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში ისაუბრა.
ნიკოლოზ მჟავანაძემ მმართველ კოალიციაში შემავალი “რესპუბლიკური პარტია” “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტობაში დაადანაშაულა. უფლებადამცველის განცხადებით, კამპანიის მიზანი შეიარაღებულ ძალებში დისონანსისა და განხეთქილების შეტანა, შეირაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის შესუსტება და ჯარის ხელისუფლებასთან დაპირისპირების მცდელობაა.
“არავინ უარყოფს იმას, რომ უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება არ იყო კორექტული და გამართული, მაგრამ გაუგებარია, რატომ გრძელდება კვლავ საუბრები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც თავდაცვის უწყებამ ბოდიში არაერთხელ მოიხადა. “ნაციონალური მოძრაობისგან” ამ თემით სპეკულირება სულაც არაა გასაკვირი, მაგრამ მათი სატელიტის კოალიციაში მყოფი “რესპუბლიკური პარტიის” გამცხადებებმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ამ კამპანიის მიზანი გახლავთ შეიარაღებულ ძალებში დისონანსისა და განხეთქილების შეტანა, შეირაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის შესუსტება და ხელის შეწყობა იმ პროცესებისათვის, რომლის თანახმადაც ჯარი საქართველოს ხელისუფლებას დაუპირისპირდება. როდესაც ყოველდღიურად იმაზე საუბრობ, რომ სამინისტრო ოკუპანტებთან თანამშრომლობს და ის პრორუსულია, ეს საქართველოს საერთაშორისო იმიჯსაც და ქვეყნის შიგნით სიტუაციის ესკალაციასაც ხელს უწყობს. თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ხელისუფლების რევოლუციური გზით ჩამოცილებისთვისაა გამიზნული. განსაკუთრებით თვალშისაცემია ძმები ბერძენიშვილების აქტიურობა ამ მიმართულებით, რომლებიც ყოველდღიურად ხელს უწყობენ თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ნეგატიური ფონის შექმნას. როგორც ჩანს, მათ უნდათ, სახელმწიფო გადატრიალების ფონის შექმნის 90-იანი წლების გამოცდილება დღესაც აქტიურად გამოიყენონ’’,- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments