საქართველოს ჩართვა სამხედრო თემატიკაში უაღრესად სახიფათოა – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ჩართვა უკრაინის მოვლენებში სამხედრო თვალსაზრისით არის უაღრესად სახიფათო. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, უკრაინაში ქართველი მებრძოლების ქმედებები პოლიტიკური განხილვის საკითხი ვერ იქნება.
“ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ შემდეგია – ქართულმა სახელმწიფომ უკრაინას მხარი დაუჭირა ჰუმანიტარული და პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. სამხედრო თემატიკაში საქართველოს ჩართვა არის უაღრესად სახიფათო თემა. ჩვენმა სახელმწიფომ ეს ნაბიჯი არ გადადგა, არც უნდა გადაედგა. შესაბამისად, ყველა სხვა ინიციატივა, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება, არის ინდივიდების ინიციატივა. პოლიტიკური განხილვების საკითხი ვერ იქნება ქართველი მებრძოლების ქმედებები. ეს ცალკე ისტორებია”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო უკრაინის მიმართ სამართლიანად და სწორად მოიქცა.
“ჩვენ მართლა გამოვხატეთ მხარდაჭერა. საქართველომ დაუჭირა უკრაინას მხარი ბევრად მეტად, ვიდრე ბევრმა სხვა ქვეყანამ. ევროპის ქვეყნები ავიღოთ, შეერთებული შტატები ავიღოთ – ჩვენზე მეტი განცხადება ვინმეს გაუკეთებია?! ჩვენი, პატარა ქვეყანა – რუსეთის მეზობელი, ბევრად მეტად რისკავს, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს. ჩვენ ძალიან მაღალი სტანდარტი გვაქვს. თუ ეს სტანდარტი არ მოსწონს ოპოზიციას, ეს ოპოზიციის უფლებაა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments