83 მომხრე, 11 წინააღმდეგი – მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტი პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა წარადგინა.
მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებთან ერთად მან პარლამენტის წევრებს მიმდინარე წელს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები და ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა გააცნო.
„მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პასუხობს რეალობას. ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ პრობლემას, იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც დგას საქართველო. ეს გამოწვევებია: მოსახლეობის სოციალური დონის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის დაფინანსება, ინვესტიციების ხელშეწყობა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. ესაა ყველა ის თემა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ იმ რესურსების ფარგლებში, რომელიც გვაქვს, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად დავხარჯოთ სახელმწიფო რესურსები, ქვეყანა განვითარდეს და მოსახლეობის ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს” ,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სახელმწიფოს ფინანსური რესურსები ერთი მხრივ გადანაწილებულია სოციალურ მიმართულებებზე, ხოლო მეორე მხრივ, რეგიონში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სახსრები მიმართულია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე. მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წელს შენარჩუნებულია საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი ნიშნული, ხოლო მომდევნო პერიოდში გათვალისწინებულია მისი ეტაპობრივი კლება. 2016 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 3.0%-ს შეადგენს.
2016 წლისათვის მობილიზებული რესურსი მათ შორის მიიმართება პენსიებისა და პედაგოგების საბაზო ხელფასების ზრდაზე.