როდესაც ევროპაში თვით კარლოს დიდმა წერა–კითხვა არ იცოდა, ვახტანგ გორგასლის შთამომავალნი სვეტიცხოველს აშენებდნენ…

5bogcfbtpeuxlu6xcen8ვახტანგ გორგასალი  ქართლის მეფე, პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი

442 წელს, ქართლის მეფის, მირდატ VI ის სასახლეში იშვა უფლისწული, სახელად ვახტანგი. 7 წლის შემდეგ მირდატი გარდაიცვალა. თხუთმეტი წლის ვახტანგი საქართველოს ტახტზე ავიდა.

მძიმე პერიოდი ედგა საქართველოს. ჩრდილოეთიდან გადმოვიდნენ ოსნი, მოაოხრეს ქართლი. შემდეგ საქართველოს ბიზანტიელები დაესხნენ. იმპერატორმა მარკიანემ აფხაზეთში გადმოსხა ლეგიონები,რომლებიც ეგრისს შემოესივნენ და ციხე-გოჯამდე მივიდნენ. ვახტანგის ლაშქარმა საქართველო გაწმინდა შემოსეული მტრისაგან, მან გადაიარა იალბუზი და სწორედ მაშინ მიიღო ,,იალბუზის გმირის”წოდება. მან დაამარცხა ყივჩაღები, ჯიქეთი და მთელი ჩრდილოეთ კავკასია დაიმორჩილა. შემდეგ ჯიქეთიდან აფხაზეთში გადავიდა, ეგრისი და აფხაზეთი გაანთავისუფლა ბიზანტიელებისაგან და დასავლეთ საქართველო შემოიერთა.
ვახტანგ მეფე აღმშენებლობითი საქმიანობით იყო დაკავებული, მისი მრავალმხრივი მოღვაწეობიდან გამორჩეულია თბილისში დაწყებული დიდი საამშენებლო საქმიანობა. მიუხედავად იმისა, რომ მან მხოლოდ სამუშაოების დაწყება მოასწრო, თბილისის გადედაქალაქებას მაინც ვახტანგ გორგასალს მიაწერენ.

მისი პოლიტიკური ორიენტაცია იყო მართლმადიდებელ საბერძნეთთან თანასწორუფლებიანი კავშირი, ქვეყნისა და ეკლესიის დამოუკიდებლობა და ერთიანობა.

ვახტანგმა აღასრულა წმიდა მირიან მეფის სურვილი და იერუსალიმში ააშენა ქართველთა ჯვრის მონასტერი.
ვახტანგ მეფემ მცხეთაში წმიდა ნინოს დროინდელი ხის ეკლესიის ნაცვლად ქვის ტაძარი ააგო, მის დროს დაარსდა საეპისკოპოსო კათედრები: ახიზა – კლარჯეთში, არტაანი – ერუშეთში, წუნდა – ჯავახეთში, მანგლისი, ბოლნისი, რუსთავი, ნინოწმიდა, ჭერემი, ჩელეთი, ხორნაბუჯი, აგარაკი. მეფემ ნიქოზის ეკლესია ააშენა და იქაც დასვა ეპისკოპოსი. აქ გადაასვენა წმიდა რაჟდენ პირველმოწამის ნაწილები და ყოველნაირად ეხმარებოდა ახალშექმნილ კათედრას.
ვახტანგ მეფის დროს აშენდა თუხარისის, არტანუჯის და ახიზის ციხეები, დაარსდა არტანუჯის, მერეს, შინდობის, ახიზის მონასტრები. აშენდა და დაარსდა სხვა უამრავი ციხე-კოშკი და ეკლესია-მონასტერი. ვახტანგმა ააგო თავის ახალ სამეფო სამყოფელად უჯარმა.

სამოც წელს მიტანებულ მეფე ვახტანგს 502 წელს ამქვეყნად უკანასკნელად მოუხდა თავისი ქვეყნის დაცვა. სპარსელებთან ბრძოლაში ის სასიკვდილოდ დაიჭრა იღლიის ქვეშ. ისარს ფილტვებამდე მიეღწია და მეფე იძულებული შეიქმნა, ბრძოლის ველი დაეტოვებინა. სიკვდილის წინ წმიდა ვახტანგ გორგასალმა თავისთან იხმო კათალიკოსი, მეუღლე, შვილები, ყველა წარჩინებული და უთხრა: “მე ესერა წარვალ წინაშე ღმრთისა ჩემისა და ვმადლობ სახელსა მისსა, რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა, აწ გამცნებ თქუენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა დგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ”.

 

 

image_pdfimage_print

Comments

comments