ნიკო ფიროსმანის ,,ნადირობა ინდოეთში” სრული სახით პირველად იქნება წარმოდგენილი

2015 წლის 15 იანვარს 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმში შედგება ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის ,,ნადირობა ინდოეთში” პრეზენტაცია. ნიკო ფიროსმანის ,,ნადირობა ინდოეთში” პირველად იფინება სრული სახით.
შალვა ამირანაშვილის სახელოების ხელოვნების მუზეუმის თანამედროვე ქართული ფერწერის საინვენტარო წიგნში არსებული ჩანაწერის მიხედვით ,,ნადირობა ინდოეთში” მუზეუმმა 1930 წელს მწერალ სერგო კლდიაშვილისგან შეიძინა. სურათის ზედა ნაწილიდან ამოჭრილი იყო ფრაგმენტი მიმავალი მამაკაცის ფიგურით. მოგვიანებით, ეს ფრაგმენტი, ასევე მუზეუმმა შეიძინა. შეძენის თარიღი და მფლობელის ვინაობა საინვენტარო წიგნში მითითებული არ არის.
სურათის ფრაგმენტი,,ნადირობა ინდოეთში” პირველად 1930 წელს მოსკოვში, ნატიფ ხელოვნებათა მუზეუმში გამართულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. სურათიდან ამოჭრილი ფრაგმენტი უკანასკნელად 1938 წელს გამოიფინა, თბილისში, მეტეხის მუზეუმში მოწყობილ გამოფენაზე. დიმიტრი შევარდნაძის დახვრეტის შემდგომ, ტილოს ძირითადი ნაწილი ფონდში დახვეულ მდგომარეობაში ინახებოდა. 1970-იან წლებში რესტავრაციისა მცდელობა იყო, თუმცა სურათის მძიმე დაზიანებების გამო, პროცესის დაწყება ვერ მოხერხდა.
სარესტავრაციო მოსამზადებელი სამუშაოების პირველი ეტაპი 2004 წელს დაიწყო, ხოლო 2014 წელს განხორცილდა ნამუშევრის რესტავრაცია. ნამუშევრის ,,ნადირობა ინდოეთში” რესტავრაცია შესრულდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის რესტავრატორების ნანა მანაგაძისა და ეველინა კარსელის მიერ. რესტავრაციის ურთულესი პროცესის დასრულების შემდეგ ,,ნადირობა ინდოეთში” პირველად იფინება სრული სახით.

image_pdfimage_print

Comments

comments