ქართულ ჯარში სავალდებულო გაწვევა გაუქმდა

27 ივნისს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც სამხედრო სამსახური სავალდებულო აღარ იქნება.  ხიდაშელის განცხადებით, “ძალით მოყვანილი სამხედროები შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება”.
“მე დავდე პირობა, რომ ყველაფერი გავაკეთებდი, რათა 2017 წლიდან ჯარში გაწვევა აღარ არსებობდეს. ჩვენ ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარება, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეირაღებულ ძალებში, ეს არ გამოვიდა. თუმცა, ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც თავდაცვის მინისტრს შემიძლია, რომ ეს გადაწყვეტილება ცალხმრივად და ერთპიროვნულად მივიღო. დღეიდან მოყოლებული, თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აღარ განახორციელებს გაწვევას და მოთხოვნას, წვევამდელების გაწვევაზე”. -განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისივე თქმით, თავდაცვის მომდევნო მინისტრებს, შეუძლიათ, ეს ბრძანება გააუქმონ.

დღეისათვის 18-დან 27 წლამდე პირების ჯარში გაწვევის კურატორი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შექმნილი სპეციალური დეპარტამენტია. წვევამდელების გაწვევა წელიწადში ორჯერ ხორციელდება და შემდეგ მათი განაწილება ხდება შეიარაღებულ ძალებში, სასჯელაღსრულების სამინისტროს სისტემასა და შსს-ს გასამხედროებულ უწყებებში.

“შშს–ში დღეს 4 791 პირი იხდის სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ეს პირები ახორციელებენ სახელმწიფოსათვის ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციებს, როგორიც არის მაგისტრალური გაზსადენის დაცვა, ნავთობსადენის დაცვა, საოკუპაციო ხაზი და მისი მიმდებარე ტერიტორიების დაცვა. თუ აღნიშნული ცვლილებები განხორციელდება, სამინისტროს მოუწევს დაცვის ამ ღონისძიებების განსახორციელებლად რამდენიმე ათეული მილიონის გამოყოფა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, რისი საშუალებაც არ გვაქვს”, – ასეთი იყო შსს-ს პოზიცია,  როდესაც  მარტში საპარლამენტო კომიტეტში “გირჩის” შესაბამისი ინიციატივა ჩავარდა.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, თავდაცვის მინისტრს მის უწყებაში სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ უნდა მიეღო.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კი მიიჩნევს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილების განხილვა მთავრობის და უშიშროების საბჭოს სხდომების ფორმატში უნდა მოხდეს. მთავრობის მეთაურმა განმარტებით, ეს არ არის საყოველთაო გაწვევის გაუქმება და ამ ტიპის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრი უარს დამატებით კონტიგენტზე ამბობს. მეორეს მხრივ, პრემიერის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად, საჭიროა, პირველ რიგში, მთავრობაში, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში მსჯელობა და საკითხი განსახილველია უშიშროების საბჭოზე.

image_pdfimage_print

Comments

comments