საქართველოში ლანგარზე დადებული თავის ქალა აღმოაჩინეს

ქართველი და პოლონელი არქეოლოგების ჯგუფმა საქართველოს სამხერეთ აღმოსავლეთით, ბეშთაშენში (წალკის რაიონი) უძველესი სამარხის გათხრებისას ორი უთაო ჩონჩხი და ლანგარზე დადებული თავის ქალა აღმოაჩინეს .

არქეოლოგებმა საქართველოში ლანგარზე დადებული თავის ქალა აღმოაჩინეს

გათხრები ამ ზაფხულს მიმდინარეობდა. არქეოლოგებმა საერთო ჯამში  ძველი ბრინჯაოს და ადრეული რკინის პერიოდის  16 სამარხი აღმოაჩინეს. სამარხების უმრავლესობა ქვის ლოდებით, ანდა ღორღის ნაყარით იყო დაფარული. ამის შესახებ „მეცნიერება პოლონეთში“ იუწყება. „აღმოჩენილი ნივთების რაოდენობითა და გაფორმების დონით ჩვენ, არქეოლოგებიც კი აღტაცებულები დავრჩით. წინა სეზონებშიც იყო საინტერესო აღმოჩენები, მაგრამ არა ესოდენი რაოდენობით“, – გვიხსნის ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტი გლებ ჰამბურგი, რომელიც გათხრებს პოლონელთა მხრიდან ხელმძღვანელობდა.

 undefined განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ორმაგმა სამარხმა, რომელშიც 19-25 წლის მამაკაცი და 23-25 წლის ქალი იყო დაკრძალული. ორივე ჩონჩხი მარჯვენა მხრით, ემბრიონი  პოზაში, ერთმანეთის მიყოლებით იწვა. „რაც ყველაზე საინტერესოა, ორივე მიცვალებული უთაო იყო. უფრო მეტიც ქალის სხეულში ორი ბრინჯაოს ბუნიკი იყო, ერთი ფეხში და ერთიც ნეკნებში, გულის მახლობლად. სავარაუდოთ ეს ჭრილობები გახდა მისი სიკვდილის მიზეზი“, – ჰყვება ჰამბურგი. სამარხში ასევე აღმოჩნდა რკინის ხანჯალი, ბრინჯაოს სადგისი, გეომეტრიული ორნამენტის მქონე სამკაული და რამდენიმე ჭურჭელი.

მეორე სამარხში მხოლოდ ქალის თავი აღმოჩნდა. გარდაცვლილის ასაკი დაახლოებით 17-25 წელი იყო. თავის ქალა ბრტყელ ლანგარზე იდო, რომლის გარშემოც რამდენიმე ჭურჭელი იდო და მძივები იყო გაბნეული. იქვე ძნელად გასარჩევი ლითონის ნივთებიც აღმოჩნდა.

კიდევ ერთი სამარხი, ამჯერად მამაკაცის,  არტეფაქტებით არანაკლებ მდიდარი აღმოჩნდა. აქაც მიცვალებული ემბრიონის პოზაში იყო. საფლავში არქეოლოგებმა ცხენისა და ირმების გამოსახულებით მორთული ნახევარი მეტრის სიგრძის ცული აღმოაჩინეს. აქვე იყო ბრინჯაოსა და რკინისგან დამზადებულიისრის პირები, ცხოველთა ძვლები და რქები, მათ შორის ღორისაც.

როგორც არქეოლოგებმა დააზუსტეს ბეშთაშენში უძველეს დროში მარხავდნენ, როგორც მეომრებს, ისე მიწათმოქმედებსაც. იარაღის სიუხვე, რომლებიც გათხრებისას აღმოჩნდა, მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ  მოსახლეობა სამხედრო საქმეს არ გაურბოდა და ძლიერ მილიტალიზირებული იყო. „ადგილობრივი მოსახლეობის სამხედრო განსწავლულობა არ უნდა გაგვიკვირდეს. ამ რაიონში იმ დროს ხშირი იყო ურარტუელთა და ასირიელთა თავდასხმები“, – დაუმატა ჰამბურგმა.

 არქეოლოგიური გათხრები ბეშთაშენში  XX საუკუნის 30-იანი წლებიდან მიმდინარეობს. ბოლო წლებში გათხრები საქართველოსა და პოლონეთის მთავრობების ხელისშეწყობით, განსაკუთრებით ინტენსიური გახდა.

alioni.info

image_pdfimage_print

Comments

comments