პრეზიდენტი:საქართველოს სატრანზიტო როლის გაზრდა ქვეყანას აქცევს ტვირთბრუნვის ჰაბად


cms-image-000034113               საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოს სატრანზიტო როლის გაზრდა ქვეყანას ტვირთბრუნვის ჰაბად აქცევს.

აღნიშნული განცხადება მარგველაშვილმა ამერიკის საგარეო ურთიერთობათა საბჭოში გამართულ შეხვედრაზე   გააკეთა.

პრეზიდენტის შეფასებით, მთელი რიგი ფაქტორების გამო საქართელო საინტერესო საინვესტიციო ქვეყანაა.

„ამაზე გავლენა იქონია რუსეთში ეკონომიკურმა მდგომარეობამ, დოლარის გამყარებამ. თუმცა, ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობებიც. საქართველოს სატრანზიტო როლის გაზრდა ქვეყანას აქცევს ტვირთბრუნვის ჰაბად. ჩვენ ასევე გვაქვს ახალი ეკონომიკური შეთანხმებები, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ევროკავშირთან ერთი წლის წინ გავაფორმეთ. ეს შეთანხმებები, ასევე კარგი საინვესტიციო გარემო, კორუფციის დაბალი მაჩვენებელი და შემცირებული კრიმინალი – საქართველოს საინტერესო საინვესტიციო ქვეყნად წარმოაჩენს,” – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.




პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია საგნის გამოცდისათვის დღეიდან იწყება


1403795141_5993gamocdebiserovnulicentri1     პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია საგნის გამოცდისათვის დღეიდან დაიწყება და 16 ოქტომბერს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდას აპლიკანტები იანვარში ჩააბარებენ. მსურველთა რაოდენობის გათვალისწინებით გამოცდები ჩატრდება თბილისსა და ქუთაისში.
გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს: პრაქტიკოს მასწავლებელს; ბაკალავრის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული (შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის) აკადემიური ხარისხის მქონე პირს; მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება.

ყველა აპლიკანტს საშუალება აქვს დარეგისტრირდეს ელექტრონულად ვებ–გვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის რეგისტრაცია უფასოა.

გამოცდები ჩატარდება სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები); მათემატიკა (I-VI კლასები); ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII კლასები); ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII კლასები); მათემატიკა (VII-XII კლასები); ისტორია; გეოგრაფია; სამოქალაქო განათლება; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; ინგლისური; გერმანული; ფრანგული; რუსული; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, 2016 წლიდან პედაგოგებს საგნის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა წელიწადში ორჯერ – ზამთარსა და ზაფხულში ექნებათ. მუსიკისა და სპორტის მასწავლებლები გამოცდებისათვის რეგისტრაციას გაზაფხულზე შეძლებენ.

 




,,არ დავუშვებ შეწყალების მექანიზმის პოლიტიკურ კონტექსტში განხილვას"


margvela        ,, შეწყალების მექანიზმი არ არის პოლიტიკური საკითხების, პოლიტიკური სამართლიანობის, ან უსამართლობის გადწყვეტის საკითხები” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნული მექანიზმი პოლიტიკური დისკუსიის ნაწილი ვერ გახდება.

,,მე ვიცი, რომ ეს საკითხი განიხილება საქართველოში, მაგრამ მე მინდა ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან მომენტს, შეწყალების მექანიზმი არის სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ჰუმანურობისა, იმ ადამიანების მიმართ ვინც დაარღვია კანონი და იქნა დასჯილი კანონის დარღვევისათვის. ამ თვალსაზრისით მე მანამდეც ძალიან მტკიცედ ვიცავდი შეწყალების ჰუმანურ ნაწილს და არაფრის დიდებით არ ვუშვებდი და არც მომავალში დავუშვებ შეწყალების მექანიზმის განხილვას, რაიმე პოლიტიკურ კონტექსტში. შეწყალების მექანიზმი არ არის პოლიტიკური საკითხების, პოლიტიკური სამართლიანობის, ან უსამართლობის გადწყვეტის საკითხები. ასე რომ, შეწყალების მექანიზმი იყო და რჩება ჰუმანურ ფუნქციად სახელმწიფოსი და მე მინდა ეს კარგად ესმოდეთ ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც ცდილობს, რომ შეწყალების მექანიზმი განიხილოს პოლიტიკური დისკუსიის ნაწილად, ეს ასე არ მოხდება”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ერთ–ერთი ტელეკომპანიის ეთერში ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. სააკაშვილის აზრით პრეზიდენტ მარგველაშვილის ადგილი ისტორიასა და პოლიტიკაში გაიზომება იმით, შეიწყალებს თუ არა ის გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას.




სამგორისა და საბურთალოს რაიონებში აბონენტთა ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება


resizedimage-13             შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, სამგორის რაიონში 2000-მდე, საბურთალოს რაიონში კი, 3200-მდე აბონენტს დღეს გაზის მიწოდება შეუწყდება.

სამგორის რაიონში, ლილოს დასახლებაში მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი №351-ის გეგმიური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაითიშება აღნიშნული რეგულატორი, გაზმომარაგება კი შეუწყდება ლილოს დასახლების I კვ-ში 5, 15, 16, II კვ-ში 1, 2, 3, 4, 5, 8, 10, 11, 12, IV კვ-ში 1, 2, 5, 6, 7, 10, 12, 13, V კვ-ში 1, 2 კორპუსების, ლილოში – ფრანგულიანის და ორახელაშვილის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებს, სულ 2000-მდე აბონენტს.

საბურთალოს რაიონში, კარტოზიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი მ2-ის ტერიტორიასთან გამავალ საშ/წნევის დ-450 მმ გაზსადენზე ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, კი დღეს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება შევარდენიძის, საბურთალოს ქ. 57-67 კორპუსების, ყაზბეგის გამზ. 18, 20, ზაქარიაძის, ასათიანის, ვ.ფშაველას გამზირი 37, 39, ვ.ფშაველას ჩიხი №3, 5, ვ.ფშაველას I შეს. 7, 9-ში მდებარე კორპუსების, ნუცუბიძის ქ. 2-დან 50-ის ჩათვლით, 1-დან 57-ის ჩათვლით, დელისის ქ. 9/7-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორის: ვ.ფშაველას გამზირზე – რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სამედიცინო უნივერსიტეტს, საბურთალოს ქუჩაზე – სასტუმრო “ბატესტას”, ასათიანის ქუჩაზე მდებარე დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და სხვა, სულ 3200-მდე აბონენტს.

გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. კომპანია ბოდიშს იხდის შექმნილი დისკომფორტისათვის და მოუწოდებს მოსახლეობას, გაზმომარაგების აღდგენამდე ონკანები იქონიონ დაკეტილ მდგომარეობაში.




საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი კოლეგა მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს


NE5A8225           გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი კოლეგა მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს.
გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა კოლეგებს ბოცვანადან, გაბონიდან, კაბე-ვერდესა და დომინიკის რესპუბლიკებიდან.
შეხვედრებზე განხილული იქნა საქართველოს თანამშრომლობა, როგორც აფრიკის კონტინენტთან ასევე კარიბის ზღვის რეგიონთან. მინისტრებმა კმაყოფილება გამოხატეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების მზარდი პერსპექტივით, განსაკუთრებული ინტერესი გამოითქვა სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმების სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარების კუთხით.




თბილისის უბნები, რომელთაც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ


BC mtacminda-krcanici            კომპანია “თელასის” ინფორმაციით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს. 11:00 სათიდან 14:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, გლდანის მასივის VII და VIII მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუფტინის, ლერმონტოვის, ხანძთელის, საიათნოვას, ბერიძის, ანტონ კათალიკოსის, აბესაძის და დადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანაურის, კრწანისის, ლერმონტოვის, ჭონქაძის და იაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I და II კვარტლების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირისა და კედიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის IV და V კვარტლების მაცხოვრებლებს.

          ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ატენის ქუჩის მაცხოვრებლებს.
          ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ნავთლუღის, იუნკერთა, წულაძის, ციხისძირის, შალვა დოლიძის, დიდგორის და ნინიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
          ნაძალადევის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
            კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.



მარგველაშვილი: საქართველო გაქრა ამერიკის აქტიური რადარებიდან


file                საქართველოს პრეზიდენტი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის საგარეო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით გამოვიდა.

ღონისძიებას პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროს საერთაშორისო ექსპერტები, საერთაშორისო მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრის მედიატორის, ამერიკელი ჟურნალისტის ტომას გრემის შეკითხვებს პასუხობდა.

ჟურნალისტი დაინტერესდა რატომ გაქრა საქართველო ბოლო წლების განმავლობაში შეერთებული შტატების გაზეთებიდან. ,,თვითონ საქართველოს მომავალს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და დიდი გავლენა კავკასიის რეგიონზე და ჩვენ დღეს გვსურს რომ უკეთესად გავიგოთ, რა ხდება საქართველოში, რა გამოწვევებს უნდა გაუმკლავდეს თქვენი ქვეყანა და ასევე გვინდა გავიგოთ თქვენი გეგმების შესახებ, თქვენი წუხილის შესახებ. რა არის ძირითადი გზავნილები რომლებსაც თქვენ უგზავნით შეერთებულ შტატებს, საბჭოს წევრებს, რა უნდა ვიცოდეთ და გვესმოდეს საქართველოზე?” – მიმართა ტომას გრემმა საქართველოს პრეზიდენტს.

გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს უნიკალურ ადგილმდებარეობაზე და ქვეყნის გეოპოლიტიკურ როლზე, რომელიც დიდ მნიშვნელობას იძენს რეგიონული უსაფრთხოების, ეკონომიკური და ვაჭრობის სფეროების თვალსაზრისით.

,,როგორც თქვენ ბრძანეთ საქართველო გაქრა ამერიკის აქტიური რადარებიდან, ნიუ იორკის რადარებიდან, ვაშინგტონის მედიასაშუალებებიდან.

რა გვსურს ჩვენ? ჩვენ გვსურს დავაბრუნოთ საქართველო დისკუსიების ფორმატში. ის პოლიტიკური პროცესები, რომლებიც შეერთებულ შტატებში ვითარდება, საკმაოდ რელევანტურია, არამხოლოდ საქართველოსთვის არამედ მთლიანად რეგიონისთვის.

პირველი მიზეზი იმისა, რატომაც უნდა ვისაუბროთ საქართველოზე და მის განვითარებაზე არის ის, რომ საქართველოს ევრაზიის კონტინენტზე უნიკალური მდებარეობა გააჩნია.

თუ შევხედავთ რუკას, საქართველო საკმაოდ პატარაა, მაგრამ ძალიან დიდ როლს თამაშობს ბოლო სამი ათასწლეულის განმავლობაში.

ძალიან სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა კასპიისა და შავ ზღვას შორის. საკმაოდ საინტერესო ქვეყნებთან აქვს საზღვარი, როგორც ჩრდილოეთში ასევე დასავლეთში და აღმოსავლეთში. საინტერესოა ასევე, რომ ჩვენ ვაერთიანებთ აზიურ ნაწილს შავი ზღვის რეგიონთან და ევროპის ნაწილთან და ამას ვაკეთებდით ასწლეულების განმავლობაში.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომაც ჩვენ კარგად გვქონდა წარმოდგენილი ჩვენი სტრატეგიული როლი, ჩვენი ადგილი იმ ცივილიზებულ სამყაროში და ჩვენი როლი, როგორც გამაერთიანებლის ორ გლობალურ სამყაროს შორის.

ეს არის სატრანსპორტო მაგისტრალებისა და იმ კონცეფციის განხორციელება, რასაც სატრანზიტო კონცეფცია ჰქვია.

ეს ასევე მნიშვნელოვანია, სწორედ პარტნიორობის გაფართოების თვალსაზრისითაც, რაც ასევე ხელს უწყობს სერვისების ბაზრის განვითარებას.

ჩვენ ასევე, ვართ აბრეშუმის გზის კონცეფციის ნაწილი და ჩემი ბუნებრივი ინტერესი არის გავაძლიეროთ ეს მიმართულება, გავაფართოვოთ შესაძლებლობები ჩემი ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოებისა.

ჩემს ხალხს მინდა წარუდგინო ახალი გადაწყვეტილებები, საქართველოს მზადყოფნა რომ ჩაერთოს ამ პროცესებში და სწორედ ამიტომ საქართველო ხდება არჩევანის ქვეყანა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც უნდა აღინიშნოს, არის ის რომ, რეგიონის 14 ქვეყნიდან 8 ქვეყანას, ასე ვთქვათ, საზღვარი აქვს საქართველოსთან, სწორედ ესეც აძლიერებს ამ განსაკუთრებულ არჩევანს”, -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.




CPT-ის ანგარიში რეგლამენტის სრული დაცვით გამოქვეყნდება


news_14435330140            საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ „ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან ღირსების შემლახავი მოპყრობის თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის“ (CPT) ანგარიში CPT-ის რეგლამენტის სრული დაცვით გამოქვეყნდება.

სამინისტრო ითვალისწინებს CPT-ის რეგლამენტის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, სახელმწიფოსთვის გადაცემული ანგარიში კონფიდენციალურია. ამავე რეგლამენტის და წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომიტეტისგან მოითხოვს ანგარიშის სრულად გამოქვეყნებას სახელმწიფოს მიერ მიწოდებულ კომენტარებთან ერთად.

საქართველოს მთავრობის სათანადო სტრუქტურები, მათ შორის სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტები, მინისტრის დავალების თანახმად და CPT-ის ოფიციალური წერილის შესაბამისად, კომენტარებზე მუშაობენ, რომლისთვისაც ექვსთვიანი ვადაა განსაზღვრული. სამინისტრო შესაბამის კომენტარებს ახლო მომავალში, ვადის ამოწურვამდე წარადგენს. ანგარიში უწყებამ CPT-სგან მიმდინარე წლის 31 ივლისს მიიღო.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ღიაა CPT-სთან და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობისთვის, ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებსა და შენიშვნებს. სასჯელაღსრულების სამინისტროსთვის გამჭვირვალობა ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, შესაბამისად, ანგარიში ყველა პროცედურის დაცვით გამოქვეყნდება.




ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ინვესტორებს შეხვდა


finansta_ministris_nodar_khaduris_shekhvedra_investorebtan_49982              ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ინვესტორების ჯგუფთან და კომპანია Bank of America Merrill Lynch-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, მიმდინარე და მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტების მაჩვენებლების შესახებ.

              ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, ხაზი გაესვა, რომ მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან ხარჯვა მაქსიმალურად თანაბარია, ასევე, გაზრდილია საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი, წლის მეორე კვარტალში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. აღინიშნა, რომ ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორებთან.
             სტუმრებმა, ასევე, მოისმინეს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც მთავრობა გეგმავს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისა და პრივატიზაციის მიმართულებით.
             კომპანია Bank of America Merrill Lynch-ის წარმომადგენლები საქართველოში არსებული მდგომარეობის გასაცნობად ჩამოვიდნენ. თბილისში ისინი წლის დასაწყისშიც იმყოფებოდნენ.



თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს


meriaaatbilisis-cr-739x428      თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცნობილი რეჟისორისა და მსახიობის, გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტის მარი ბროსეს პიედესტალზე განთავსების თაობაზე, სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
მთაწმინდის რაიონში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში, რომელსაც თბილისის საკრებულოს N24 დადგენილებით, 2014 წლის 21 თებერვალს გიგა ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა, მოქანდაკე ზურაბ წერეთელის მიერ შექმნილი გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი 7 სექტემბერს განთავსდა. აღნიშნულ საკითხთნ დაკავშირებით, რეჟისორის ოჯახმა თბილისის მერიას რამდენიმე თვის წინ მიმართა. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორილური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია განიხილავს. მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა კომისიამ, გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტის მისსავე სახელობის სკვერში დადგმაზე თანხმობა განაცხადა, დღის წესრიგში დადგა ბიუსტის კვარცხლბეკზე განთავსების საკითხი.

როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ სკვერში წლების განმავლობაში მარი ბროსეს ბიუსტი იყო განთავსებული, რომელიც 2004 წელს მოიპარეს. ჩატარებული მოკვლევით დადგინდა, რომ სკვერში დარჩენილი კვარცხლბეკის დემონტაჟი და სხვა ადგილას გადატანა შეუძლებელი იყო. ამასთან, სპეციალურმა კომისიამ საკითხზე მსჯელობის შედეგად დაადგინა, რომ აღნიშნული პიედესტალის ტექნიკური პარამეტრები სრულად შეესაბამებოდა მოქანდაკე ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილ ბიუსტს, სწორედ ამიტომ გადაწყდა აღნიშნულ კვარცხლბეკზე გიგა ლორთქიფანიძის ქანდაკება განთავსებულიყო, მარი ბროსეს ბიუსტი კი, ახალ პიედესტალზე, არსებული ყალიბის გამოყენებით, დედაენის ბაღში დაიდგმება.