ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა – ხადური


2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა, რაც კარგი დასაწყისია მომავალი წლის ბიუჯეტისთვის, – ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე აღინიშნა.
ნოდარ ხადურის განცხადებით, დილის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში, შესრულება შეადგენდა 100,3 %-ს.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს მონაცემები კიდევ უფრო გაიზარდა და ხვალ დღის განმავლობაში ველოდებით დაახლოებით 40-45 მილიონ ლარს. შემოსულობების თვალსაზრისით, ბიუჯეტი გადაჭარბებულია. გადასახადები მობილიზებულია, დღევანდელი მდგომარეობით, ეს არის 6 მილიარდ 840 მილიონი ლარი, რაც 20 მილიონი ლარით მეტია უკვე. გარდა ამისა, 98%-ზე მაღალი იქნება ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება და ძირითადად ეს თანხა არის ეკონომიებიდან წარმოქმნილი, მათ შორის ტენდერებიდან წარმოქმნილი. ანუ, 2 პროცენტის ათვისება ვერ მოხდა, რაც, ძირითადად, არის ეკონომიებით გამოწვეული. მაგალითად, მთავრობის სარეზერვო ფონდში დღესაც დაბრუნდება თანხა იმის გამო, რომ ეკონომია იყო იმ კონკრეტული ხარჯის თვალსაზრისით,” – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.




საყოველთაო დაზღვევა ჯანდაცვის სამინისტროს ყველაზე წარმატებულ პროექტად დასახელდა


ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, „ექსპოჯორჯიაში“ 2014 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და სამინისტროს რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, უწყების მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის განსაკუთრებით წარმატებული იყო საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტებისთვის შემუშავებული პროგრამა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე გაკეთებული სწორი აქცენტები, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება სოფლებში.
“ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებს შორის ერთ-ერთი მთავარი იყო საყოველთაო დაზღვევის პროგრამა. ეს იყო ყველაზე მაშტაბური, რადგან მან მოიცვა საქართველოს მოსახლეობის ნახევარი. ამ ადამიანების უმეტესობა მანამდე ვერ სარგებლობდა დაზღვევით. ბიუჯეტის მხრივაც ეს ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი იყო”,- განაცხადა სერგეენკომ.
წლის შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეც. მან განაცხადა, რომ დღეს ჯანდაცვის სფეროში მდგომაროება გაცილებით უკეთესია, ვიდრე ეს იყო ორი წლის წინ.
“ქუჩაში ადამიანები აღარ იღუპებიან.თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე კი პასუხისმგებლობა აიღო სახელმწიფომ. სოციალური პროგრამების ხარჯზე ამ კუთხით მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ეს იყო ორი წლის წინ, თუმცა სამუშაო ახლაც ძალიან ბევრია”, – განაცხადა ხუნდაძემ.
შეხვედრას დაესწრნენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და სხვადასხვა კლინიკის ექიმები.




კაცებმა ხელი ისე ვერ მოიქნიეს, რომ კაკო ბობოხიძეს ერთი მუშტი ცხვირში მოხვედროდა – ნინო ბურჯანაძე


“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აუცილებლად მიიჩნევს.
ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს სასტუმრო ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბურჯანაძის თქმით, ამის საჭიროება რამდენიმე დღის წინაც გამოჩნდა, როცა დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
“ხელისუფლების უუნარობას რომ ვუყურებ, კიდევ არ ვარ დარწმუნებული, ქვეყანაში ტერორის არარსებობა იმის დამსახურებაა, რომ მართლა არ უნდათ, თუ იმის, რომ ამის თავიც არ აქვთ. რასაც მე პარლამენტში ვუყურე, კაცებმა ხელი ვერ მოიქნიეს ისე, რომ ერთი მუშტი ცხვირში მოხვედროდა კაკო ბობოხიძეს, როგორც ჩანს, რომც უნდოდეთ კიდევაც, ტერორის განხორციელების თავიც არ აქვთ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.




გია ხუხაშვილი პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებას არ გამორიცხავს


ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს.
მისი შეფასებით, რადგან ხელისუფლება ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს სათანადოდ ვერ პასუხობს სამთავრობო კრიზისი გარდაუვალია .
„სამთავრობო კრიზისი არის ყველაზე დაბალი დონის კრიზისი, რაც შეიძლება ამ ქვეყანაში განვითარდეს და ვფიქრობ, ის გარდაუვალია. დადგება მთავრობის ნდობის საკითხი. თუ მეტ-ნაკლებად სოციალური რისკები იქნა შერბილებული, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ივანიშვილს დარჩეს კომფორტი, რომ ის არ დაბრუნდეს პოლიტიკაში. თუმცა მე უფრო ნეგატიურ პროგნოზს გავაკეთებდი. კრიზისი შეიძლება იმდენად სერიოზულად განვითარდეს, რომ მას მოუწიოს თავისი სიტყვის შესრულება. მან თქვა, რომ თუ საჭირო გახდა პოლიტიკაში დავბრუნდებიო. მის გარეშე კოალიცია არაფერს წარმოადგენს“, – ამბობს ხუხაშვილი.




რა საკითხები განიხილეს სახელისუფლებო წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილთან დახურულ შეხვედრაზე?


რესტორან ,”ბაგრატიონში” წუხელ, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი კოალიციის წევრების დახურული შეხვედრა გაიმართა.
“რუსთავი–2″–ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ მინისტრები, დეპუტატები, ხელოვანები, პარლამენტის სპიკერი და თბილისის მერი.
შეხვდრის ინიციატორი ყოფილი პრემიერი იყო.
“ქართული ხმების“ სოლისტის, გია ჭირაქაძის განცხადებით, შეხვედრაზე გასული წელი შეაჯამეს და კოალიციის სამომავლო გეგმებიც განიხილეს.
„ძალიან მეგობრული საახალწლო შეხვედრა იყო. ვინც აქ ვისხედით, ერთად შემთხვევით არ ვყოფილვართ, დიდი ხანია ვმეგობრობთ. მოფერებასთან ერთად, კრიტიკა და შეცდომებზე საუბარიც იყო“,-აღნიშნა გია ჭირაქაძემ.




ისეთი ოდიოზური ფიგურა, როგორიც ადეიშვილია უკრაინის ნათელ მომავალს ვერ შექმნის


იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, უკრაინაში, წინა ხელისუფლების იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშვნა, უკრაინის მომავალს უკეთესობისკენ ვერ შეცვლის.
ამის შესახებ მინისტრმა, სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„გულწრფელად გეტყვით, არ მგონია, რომ ასეთი ოდიოზური ფიგურები, როგორიც არის მაგალითად ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის ნათელ მომავალს შექმნის. დანარჩენი, რა თქმა უნდა, უკრაინელი ხალხისა და უკრაინული სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილებაა“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის კანდიდატურა, უკრაინის ხელისუფლებაში ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე განიხილება.




,, ნაციონალურ მოძრაობას" ახალი პოლიტიკური მდივანი ჰყავს


“ნაციონალური მოძრაობას” ახალი პოლიტიკური მდივანი ჰყავს. პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის ახალ მდივნად სერგო რატიანი დაასახელეს.
მას შემდეგ, რაც ზურაბ ჯაფარიძე პარტიის აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა, პოლიტიკური მდივნის ვაკანტური ადგილი სერგო რატიანმა დაიკავა.




კოოპერატივებს სასოფლო – სამეურნეო ტექნიკა გადაეცა


სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოსთან კოორდინაციით, ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ PIN (People in Need) I რაუნდის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ იმერეთისა და რაჭის რეგიონში შექმნილ 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 5 ერთეული ტრაქტორი გადასცა.
ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე დაესწრნენ.
“ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის“ (ENPARD) პროექტის ფარგლებში, PIN-ის კონსორციუმის ხელშეწყობით, პირველი რაუნდის საგრანტო კონკურსის შედეგად, 9 საუკეთესო კოოპერატივი შეირჩა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე ტრაქტორები გადაეცა შემდეგ კოოპერატივებს: მეღვინეობის კოოპერატივი “ჯვარისა” – ამბროლაური; მეღვინეობის კოოპერატივი „თერჯოლის ღვინო“-თერჯოლა; მეღვინეობის კოოპერატივი „მეღვინეობა საზანო“ – თერჯოლა; ვაზის სანერგე მეურნეობის, სიმინდის წარმოების კოოპერატივი „მშვილდი +“ – ბაღდათი; მეფრინველეობის კოოპერატივი „საწირე“ – ტყიბული.
პირველი რაუნდში გამარჯვებული 9 კოოპერატივის ქვე-გრანტებზე მოთხოვნილმა თანხამ დაახლოებით 550 000 ლარი შეადგინა. ტექნიკური გრანტის სრული ღირებულების 25 % კოოპერატივებისგან მოთხოვნილი თანადაფინანსება არის.
ტრაქტორების გადაცემის ღონისძიებას პროექტში ჩართული მხარეები – სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იმერეთის და რაჭის სამხარეო ადმინისტრაციის, ENPARD-ის კონსორციუმის წარმომადგენლები დაესწრნენ.




საქართველოს ჩართვა სამხედრო თემატიკაში უაღრესად სახიფათოა – გიორგი მარგველაშვილი


საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ჩართვა უკრაინის მოვლენებში სამხედრო თვალსაზრისით არის უაღრესად სახიფათო. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, უკრაინაში ქართველი მებრძოლების ქმედებები პოლიტიკური განხილვის საკითხი ვერ იქნება.
“ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ შემდეგია – ქართულმა სახელმწიფომ უკრაინას მხარი დაუჭირა ჰუმანიტარული და პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. სამხედრო თემატიკაში საქართველოს ჩართვა არის უაღრესად სახიფათო თემა. ჩვენმა სახელმწიფომ ეს ნაბიჯი არ გადადგა, არც უნდა გადაედგა. შესაბამისად, ყველა სხვა ინიციატივა, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება, არის ინდივიდების ინიციატივა. პოლიტიკური განხილვების საკითხი ვერ იქნება ქართველი მებრძოლების ქმედებები. ეს ცალკე ისტორებია”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო უკრაინის მიმართ სამართლიანად და სწორად მოიქცა.
“ჩვენ მართლა გამოვხატეთ მხარდაჭერა. საქართველომ დაუჭირა უკრაინას მხარი ბევრად მეტად, ვიდრე ბევრმა სხვა ქვეყანამ. ევროპის ქვეყნები ავიღოთ, შეერთებული შტატები ავიღოთ – ჩვენზე მეტი განცხადება ვინმეს გაუკეთებია?! ჩვენი, პატარა ქვეყანა – რუსეთის მეზობელი, ბევრად მეტად რისკავს, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს. ჩვენ ძალიან მაღალი სტანდარტი გვაქვს. თუ ეს სტანდარტი არ მოსწონს ოპოზიციას, ეს ოპოზიციის უფლებაა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.




ყველა უმკაცრესი საშუალების გამოყენება, რაც რეგლამენტით და კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, სრულიად აუცილებელია – უსუფაშვილი


პარლამენტში დღეს მომხდარი ინციდენტი შესწავლილი იქნება და მომხდარზე პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა ზომა და სანქცია იქნება გამოყენებული. ამის შესახებ რიგგარეშე სხდომის განახლებისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
“რაც პარლამენტში მოხდა და რაც მოსახლეობამ იხილა, ამაზე ყველას ერთად გვაქვს საფიქრალი. ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ამომრჩეველი ნამდვილად არ იმსახურებს იმას, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მსგავს ინციდენტებს ხედავდეს. აქ ამისთვის არ ვართ. ამიტომ დღევანდელი ინციდენტი სრულფასოვნად გაირკვევა– ყველა ზომის უმკაცრესი საშუალების გამოყენება, რაც რეგლამენტით და კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, სრულიად აუცილებელია. ამიტომ ეს მოხდება. ჩვენ გავხდით მოწმე იმისა, რომ კონკრეტულ საკითხზე მსჯელობის დროს– არ ვიცი, რა მოტივით და რა მიზნით – მოხდა ის, რაც მოხდა. შემდგომი რეაქციები უკვე ჯაჭვურად განვითარდა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ შეიგინა. ამის გამო სხდომა რამდენიმე წუთით იყო შეჩერებული.