პარლამენტში უმრავლესობის და უმცირესობის დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ


დაპირისპირებას წინ უმრავლესობის წევრის, თინათინ ხიდაშელის განცხადება უძღოდა, რომელიც სხვადასხვა დელეგაციაში კვოტების ხელახალი გადანაწილების აუცილებლობაზე საუბრობდა. მისი თქმით, კვოტების ახლებური გადანაწილება ყველა დელეგაციაში უნდა მოხდეს იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ უმრავლესობა დატოვეს. მისივე მოსაზრებით, 10-კაციან დელეგაციაში “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 1 კაცით ნაკლები უნდა ჰყავდეს. მის გამოსვლას უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის გამოსვლა მოჰყვა.
„იმის მაგივრად, რომ თქვენი მოქმედებებით ევროპაში თქვენი ცუდი რეპუტაცია გამოასწოროთ, დედა-რუსეთისაკენ მიექანებით. თქვენი გაქცევის დრო რომ მოვა, დედა-რუსეთი გაქცევისთვის აღარ ივარგებს“, — აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ და შეიგინა, თან საქართველოს მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ოპოზიციონერი კოლეგისათვის მიკროფონის გამორთვა მოითხოვა და მანდატურებს დარბაზიდან მისი გაყვანისაკენ მოუწოდა.
ბობოხიძის არაკორექტულ სიტყვებს დეპუტატებს შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ კი ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
სოსო ჯაჭვლიანს, დავით ლორთქიფანიძესა და აკაკი ბობოხიძეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში თითქმის ყველა დეპუტატი მონაწილეობდა. მანდატურები ვერ ახერხებენ მათ გაშველებას, რის გამოც პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.
მანდატურებმა დეპუტატები რამდენიმეწუთიანი დაპირისპირების შემდეგ გააშველეს.




ჩვენ ვართ სექტა, თვითონ სექტასთან მებრძოლი ბასილ მკალავიშვილი – ბობოხიძე ღარიბაშვილზე


საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ურჩევს, წვერი მოუშვას, რადგან ჩალმასთან ერთად წვერიც მოუხდება.
ამის შესახებ აკაკი ბობოხიძემ პრემიერ-მინისტრის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ღარიბაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობას” სექტა უწოდა.
“ბატონი ღარიბაშვილი მართალია. ჩვენ ვართ სექტა, თვითონ არის სექტასთან მებრძოლი ბასილ მკალავიშვილი, ოღონდ ვურჩევდი, რომ წვერი მოუშვას და ჩალმასთან ერთად წვერიც მოუხდება”,- განაცხადა ბობოხიძემ.




სამართლიანობის აღდგენის პროცესის დასრულების გეგმას საზოგადოებას თებერვლამდე წარვუდგენთ – ღარიბაშვილი


პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მაქსიმუმ თებერვლამდე, ხელისუფლება საზოგადოებას, კონკრეტულ გეგმას წარუდგენს იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესის დასრულება.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რომელიც პროკურატურამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დააჩქარა. მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ხელისუფლებამ ყველა ის საჩივარი და განაცხადი შეისწავლა, რომელიც პროკურატურაში ოფიციალურად შევიდა.
“მე მინდა საზოგადოებას განვუცხადო, რომ პროკურატურამ ყველა იმ განაცხადის შესწავლა დაასრულა, რომელიც ოფიციალურად დარეგისტრირდა პროკურატურაში. საქმე ჩამორთმეულ ქონებებს, ბიზნესებს, სახლებს და ასევე იმ რეპრესირებულ ადამიანებს ეხება, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ციხეებში სასჯელს უკანონოდ იხდიდნენ, რომ ისინი წამების, გაუპატიურების, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი იყვნენ. ჩვენ ყველა ოფიციალურად დარეგისტრირებული განაცხადი შევისწავლეთ. ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით კი სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნება.
დაზარალებულებს თებერვლამდე წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ მოხდება მათი ზარალის კომპენსირება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი პრემიერმა გააკეთა


ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრი არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა სამუშაოდ ყველაზე რთული სფერო – სამოქალაქო საზოგადოება აირჩია.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის თავიდანვე ჰქონდა დაანონსებული, რომ ხელისუფლებაში მოდიოდა ორი-სამი წლით.
“დღესაც ვფიქრობთ, რომ იგი არ უნდა წასულიყო პოლიტიკიდან, მაგრამ ეს იყო მისი მტკიცედ ჩამოყალიბებული პოზიცია. როგორც მან აღნიშნა, ყველაზე რთულ სფეროს სამოქალაქო საზოგადოებას სჭირდება დახმარება. საზოგადოება უნდა განვითარდეს, რათა მთავრობა ამყოფოს მუდმივად ფორმაში და უფრო ანგარიშვალდებული გახდეს ხელისუფლება ამომრჩევლის წინაშე. ხალხში არის უფრო მეტი სამუშაო და მან თქვა, რომ ეს არის ადგილი, სადაც უნდა გადავიდეს. იქიდან დაეხმარება ქვეყანას და ხელისუფლებას”– ღარიბაშვილმა.




სააკაშვილი საქართველოს და ქართველი ხალხის მტერია – ღარიბაშვილი


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს და ქართველი ხალხის მტერი.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ის რასაც აკეთებს ყოფილი მთავრასარდალი, სირცხვილი და ღალატია.
“ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი მთავრობა. პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი ხალხის წინაშე და ჩვენ არ მოვიქცევით უპასუხისმგებლოდ ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული, რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე და ურთულესი ვითარებაა რეგიონში. უკრაინა არის ცეცხლის ალში გახვეული. სააკაშვილს ერთადერთი საზრუნავი აქვს, რომ მოხდეს საქართველოში კონფლიქტი, არეულობა და საქართველო კიდევ შევიდეს შეიარაღებულ დაპირისპირებაში რუსეთთან. ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მტრობა. ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ჩვენ პასუხისმგებელი უნდა ვიყოთ ჩვენს თითოეულ განცხადებაზე. მე ვარ მათავრობის მეთაური და უნდა გავაკეთო ისეთი განცხადება, რომელიც სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და არ დააზიანებს მას. “ნაციონალური მოძრაობის” 20-კაციან სექტას არ ვასიამოვნებ, რადგან მე მაქვს პასუხისმგებობა ჩემი ქვეყნის წინაშე“- განაცხადა პრემიერმა.




რუსეთი საკუთარ ფეხებს ესვრის – გია ვოლსკი


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის შეფასებით, რუსეთი თვითდაზიანებებს იყენებს. დეპუტატმა ეს განცხადება რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. შეთანხმების გაფორმების თემაზე საუბრისას გააკეთა.
ვოლსკის აზრით, თუ ოკუპანტსა და ოკუპირებულ ტერიტორიას შორის მსგავსი დოკუმენტი გაფორმდება, ეს არც რუსეთისთვის და არც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისთვის მომგებიანი არ იქნება.
“რუსეთი საკუთარ ფეხებს ესვრის და თვითდაზიანებებს იყენებს, საკითხზე მსჯელობა გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში გადავიდა, ინტენსიური გახდა ეკონომიკური თუ პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე, ვფიქრობ, ეს საკუთარი თავის გარდა არავის ზიანს არ მოუტანს, ე.წ. ხელშეკრულება განსაკუთრებით ოს ხალხს არავითარ სიკეთეს არ უქადის“, – აცხადებს დეპუტატი.
რუსული მედია რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის დაგეგმილი ახალი შეთანხმების პროექტს აქვეყნებს.
ტექსტის თანახმად, რომელიც “ვედომოსტიში” დაიბეჭდა, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ინტეგრაცია იგეგმება.
შეთანხმების თანახმად, რუსეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის არმია და ძალოვანი სტუქტურები, მათ შორის სპეცსამსახურები გაერთიანდებიან.




პროექტის მიხედვით დე–ფაქტო ანექსია ხდება – დიმიტრი სანაკოევი


დე-ფაქტო ცხინვალის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის თქმით, ცხინვალსა და რუსეთს შორის გასაფორმებელი ე.წ. შეთანხმება სახიფათოა, თუმცა მას დე-იურე ძალა არ გააჩნია.
“ეს ხელშეკრულება სახიფათო იქნება მაშინ, როდესაც უკვე რუსეთის საკანონმდებლო ორგანოები დაიწყებენ ამ დოკუმენტის მიღებაზე მუშაობას. თუმცა რაც იმ პროექტში წერია ჩანს, ამით დე-ფაქტო ანექსია ხდება, მაგრამ დე-იურე ანექსია არ ხდება. რაც დოკუმენტშია ჩაწერილი შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის, პროკურატურის და ძალოვანი უწყებების მიმართულებით ჩანს, რომ ცხინვალის სტრუქტურები მთლიანად რუსეთის სამინისტროების და ორგანოების შემადგენლობაში შედიან”, – განაცხადა “რუსთავი 2”-თან საუბრისას სანაკოევმა.
ტექსტის თანახმად, რომელიც “ვედომოსტიში” დაიბეჭდა, იგეგმება რუსეთისა და “სამხრეთ ოსეთის” სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ინტეგრაცია. გაერთიანდება რუსეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის არმია და ძალოვანი სტუქტურები, მათ შორის სპეცსამსახურები.




ძმები ბერძენიშვილები თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ნეგატიური ფონის შექმნას აქტიურად უწყობენ ხელს – ნიკოლოზ მჟავანაძე


“უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე თავდაცვის სამინისტროს მიმართ ატეხილ აჟიოტაჟს გმობს,- ამის შესახებ ნიკოლოზ მჟავანაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში ისაუბრა.
ნიკოლოზ მჟავანაძემ მმართველ კოალიციაში შემავალი “რესპუბლიკური პარტია” “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტობაში დაადანაშაულა. უფლებადამცველის განცხადებით, კამპანიის მიზანი შეიარაღებულ ძალებში დისონანსისა და განხეთქილების შეტანა, შეირაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის შესუსტება და ჯარის ხელისუფლებასთან დაპირისპირების მცდელობაა.
“არავინ უარყოფს იმას, რომ უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება არ იყო კორექტული და გამართული, მაგრამ გაუგებარია, რატომ გრძელდება კვლავ საუბრები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც თავდაცვის უწყებამ ბოდიში არაერთხელ მოიხადა. “ნაციონალური მოძრაობისგან” ამ თემით სპეკულირება სულაც არაა გასაკვირი, მაგრამ მათი სატელიტის კოალიციაში მყოფი “რესპუბლიკური პარტიის” გამცხადებებმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ამ კამპანიის მიზანი გახლავთ შეიარაღებულ ძალებში დისონანსისა და განხეთქილების შეტანა, შეირაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის შესუსტება და ხელის შეწყობა იმ პროცესებისათვის, რომლის თანახმადაც ჯარი საქართველოს ხელისუფლებას დაუპირისპირდება. როდესაც ყოველდღიურად იმაზე საუბრობ, რომ სამინისტრო ოკუპანტებთან თანამშრომლობს და ის პრორუსულია, ეს საქართველოს საერთაშორისო იმიჯსაც და ქვეყნის შიგნით სიტუაციის ესკალაციასაც ხელს უწყობს. თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ხელისუფლების რევოლუციური გზით ჩამოცილებისთვისაა გამიზნული. განსაკუთრებით თვალშისაცემია ძმები ბერძენიშვილების აქტიურობა ამ მიმართულებით, რომლებიც ყოველდღიურად ხელს უწყობენ თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ნეგატიური ფონის შექმნას. როგორც ჩანს, მათ უნდათ, სახელმწიფო გადატრიალების ფონის შექმნის 90-იანი წლების გამოცდილება დღესაც აქტიურად გამოიყენონ’’,- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.




დავით ლორთქიფანიძემ და ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში სხდომის მიმდინარეობისას იჩხუბეს


დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მიმდინარეობისას, უმცირესობის დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი და უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
დეპუტატები სხდომათა დარბაზიდან მანდატურებმა გაიყვანეს.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ტყუილებს ლაპარაკობს და სწორედ ამიტომ იჩხუბა უმცირესობის წევრ გოგა ხაჩიძესთან, რის შემდეგაც ამავე გუნდის წევრი ლევან ბეჟაშვილი ჩაერთო.
“მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო, ისეა ამ ,”ნაციონალების” საქმე. ხაჩიძე გამოდიოდა და რაღაც საცურაო აუზებზე ლაპარაკობდა. მაგათმა საცურაო აუზები და დარბაზები გაყიდეს და ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურა გააჩანაგეს. ამასთან დაკავშირებით მე მივმართე, ტყულებს ნუ ლაპარაკობ-მეთქი და ჩაერთო ეს ბეჟაშვილი, რომელიც ძალიან ცუდად ატლიკინებს ენას. საერთოდ, ესენი ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და ამისთვის ეხლაც მიიღო პასუხი და შემდეგაც მიიღებს“,- აცხადებს ლორთქიფანიძე.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის ლევან ბეჟაშვილის განმარტებით კი, შელალაპარაკება მას შემდეგ მოხდა, რაც მან დათო ლორთქიფანიძეს ერთ-ერთ ქალბატონ დეპუტატთან მოქცევის წესებზე მიუთითა.
“გოგო გამოდიოდა იმ დროს, მაგრამ შელაპარალება მოხდა, საჯაიასთან მოუვიდა შელაპარალება. მას უზრდელურად დაელაპარაკა და ვთხოვე, რომ კარგი დამშვიდდი, ქალბატონია და ნორმალურად ისაუბრე-მეთქი, მეტი არაფერი. არც საკითხის შინაარსი მახსოვს, რაზე იყო გამოსვლა. ამას მოჰყვა უწმაწური სიტყვები და გაუგებრობა, რისთვისაც ჩემს კოლეგებს ბოდიშს ვუხდი“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მიმდინარეობისას, უმცირესობის დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი და უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
დეპუტატები სხდომათა დარბაზიდან მანდატურებმა გაიყვანეს.




ანატოლი ბიბილოვი – რუსეთთან შეთანხმება დიდხნიან სტაბილურობას, უსაფრთხოებას და სამხრეთ ოსეთის განვითარებას გულისხმობს


ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის ე.წ. სპიკერის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, საქართველოს რეაქცია “სამხრეთ ოსეთის” მიერ რუსეთთან გასაფორმებელ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი იყო.
“ამ ქვეყნის ხელმძღვანელობას რეგიონში არასტაბილურობა ხელს აძლევს. რუსეთთან შეთანხმება კი პირიქით, დიდხნიან სტაბილურობას, უსაფრთხოებას და სამხრეთ ოსეთის განვითარებას გულისხმობს”- განაცხადა ბიბილოვმა.
პრაქტიკულად ყველა საპარლამენტო პარტია მხარს უჭერს შეთანხმების ვარიანტს, რომელიც რუსეთთან ყველაზე ფართომასშტაბიან ინტეგრაციას გულისხმობს. მხარდაჭერა რუსეთიდანაც გვაქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამით დაინტერესებულია ოსი ხალხი, რომელმაც 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმა მაქსიმალური ინტეგრაციის იდეას მისცა“- აღნიშნა ბიბილოვმა.