მართლმადიდებელი სერბი ექიმი აბორტისა და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ


სტიოან ადაშევიჩი

მეან–გინეკოლოგი სტოიან ადაშევიჩი პირველი სერბი ექიმია, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა არის მკვლელობა, რომლის პასუხისმგებლობასაც თანაბრად ინაწილებენ ბავშვის დედა და ექიმი, რომელიც ატარებს ოპერაციას. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა მისი გამოკვლევა, სტატიების კრებული აბორტის შესახებ – „სიცოცხლის სიწმინდე“. ქვემოთ მოტანილი საუბარი ექიმ ადაშევიჩთან, რომელიც გამოაქვეყნა სერბულმა ჟურნალმა „მართლმადიდებლობამ“, შემაძრწუნებელია თავისი გულახდილობითა და შინაარსით. ამ ინტერვიუს ყველაზე შესაფერისი განსაზღვრება, ალბათ, არის აღსარება, სახალხო მონანიება.

– როდის მიხვდით, რომ როდესაც ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას ახდენდით, ამით ადამიანს კლავდით?

– მე ექიმი ვარ, კარგად ვაცნობიერებ, რა არაადამიანური საქმეები მაქვს ჩადენილი; მე მოვალე ვარ დავამოწმო, გავანათლო, გავაფრთხილო ადამიანები, რომ ფეხმძიმობის ხელოვნური შეწყვეტა სხვა არაფერია, თუ არა დაუბადებელი, უმწეო ბავშვის მკვლელობა. ჩემი, როგორც ექიმი გინეკოლოგის მოვალეობებში შედიოდა სახელმწიფოს მიერ ნებადართული აბორტებიც. მაშინ არ ვიცოდი, რომ მკვლელობას ჩავდიოდი, მაგრამ ახლა ვაცნობიერებ, რა დიდია ჩემი დანაშაული ღვთისა და ადამიანების წინაშე. უნივერსიტეტში მასწავლიდნენ, რომ ბავშვი სიცოცხლეს იწყებს დაბადების შემდეგ, ადამიანად იქცევა პირველი ტირილის შემდეგ; მანამდე ის მხოლოდ დედის შინაგანი ორგანოების ნაწილია, ისეთი, როგორიცაა ღვიძლი, თირკმელები, ელენთა.

მე თითქმის 62 000 აბორტი გავაკეთე. საკუთარი ხელებით გავანადგურე მთელი ქალაქის მოსახლეობა. ბელგრადში მრავალი საავადმყოფო და კლინიკაა, სადაც აბორტები კეთდება. ოთხმოციანი წლების ბოლოს დაიწყო ულტრაბგერის გამოყენება, რამაც საშინელი აღმოჩენები მომიტანა. დავინახე ჩვილი, დავინახე მისი გულის ძგერა, მოძრაობა, პირის გაღება. ბავშვები, ორსულობის უფრო მოგვიანო პერიოდებში, ხელის თითს წოვდნენ, გრძნობდნენ და განიცდიდნენ ემოციებს, ბგერითი ტალღის რხევის გახშირებაზე რეაგირებდნენ საკუთარი მოძრაობების აჩქარებით. და წარმოიდგინეთ, საკმარისია მხოლოდ ოთხი-ხუთი წუთი (ჩვეულებრივ ამდენ ხანს გრძელდება აბორტი), რომ მოკლა ეს პატარა ადამიანი.

– როდის შეწყვიტეთ ოპერაციები ორსულობის შესაჩერებლად?

– იმის გახსენებისას, რაც უნდა მოგითხროთ, გული მტკივა და სისხლში იწურება. მაგრამ, როდესაც საშინელ საგნებზე ვლაპარაკობთ, საჭირო არაა ვეცადოთ, რომ ისინი ლამაზად და კეთილშობილურად გამოიყურებოდნენ. ამგვარად, მე ვაკეთებდი დაახლოებით ოთხნახევარი თვის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ოპერაციას. ოპერაციის დროს, რომლის დეტალების აღწერა მე ძრწოლის გარეშე არ შემიძლია, გავაცნობიერე, რომ მკვლელი ვარ. მორიგი აბორტი, რომელიც უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი, რუტინული ოპერაცია, ჩემთვის კოშმარად იქცა.

მე ჯერ ბავშვის ხელი ამოვიღე, რომელიც იოდიან კომპრესზე მოხვდა. იოდმა ნერვული დაბოლოების გაღიზიანება გამოიწვია და პატარა ხელი კონვულსიურად ათრთოლდა. შემდეგი მოძრაობით ბავშვის ფეხი ამოვიღე, მაგრამ ისევ იგივე გამეორდა. ადრე ამგვარი არაფერი დამმართნია. მე შევეცადე ინსტრუმენტით ამეღო ბავშვის გული და ვიგრძენი, როგორ განაგრძობდა ჩემს ხელებში ცემას, უფრო ნელა და ნელა, ვიდრე არ გაჩერდა.

მე გავაცნობიერე, რომ მკვლელობა ჩავიდინე, ადამიანი მოვკალი. ქალი სისხლისგან იცლებოდა, მის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრებოდა. ლოცვა დავიწყე: „უფალო, დამეხმარე მის გადარჩენაში და მე დამსაჯე!“ ამის მერე აღარასოდეს გამიკეთებია ამგვარი ოპერაციები. გაირკვა, რომ ჩემი ახალი ცოდნა ემთხვევა მართლმადიდებელი ეკლესიის აზრს, რომ ადამიანის სიცოცხლე იწყება მისი ჩასახვის მომენტიდან. ორსულობის შეწყვეტა უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე ჩვეულებრივი მკვლელობა, – დედის მუცელში მყოფი პატარა, უდანაშაულო ადამიანი ხომ სრულიად დაუცველია.

– იმაზე, თუ როგორ გამოიყენებენ ემბრიონებს ოპერაციის შემდეგ, სავალდებულო არ არის მოკლული ბავშვის დედისგან ნებართვის აღება. რა ელით ამ (მოკლულ) ბავშვებს?

– ადამიანებს იშვიათად აინტერესებთ, რა ემართებათ ამ ემბრიონებს ოპერაციის შემდეგ. ჩვენს ქვეყანაში არავინ აქვეყნებს ასეთ ინფორმაციას. ჩვეულებრივ, ყველა ემბრიონი განიხილება როგორც ოპერაციის შემდგომი ნარჩენები. მათ აწყობენ შავ პოლიეთილენის ტომრებში და აგდებენ სხვა ოპერაციების შედეგად დარჩენილ ორგანოებთან ერთად. შემდგომ მათ წვავენ.

ჩვენი საზოგადოება ვალდებულია, უზრუნველყოს ბავშვების სამედიცინო, ეთიკური და იურიდიული დაცვა.

ბავშვს იგივე უფლებები უნდა ჰქონდეს, როგორიც სრულწლოვანებს აქვთ. ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა საზოგადოების ყველა წევრთან მიმართებით.

– თუ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა სერბეთში ყოველწლიურად გაკეთებული აბორტების შესახებ?

ზუსტი სტატისტიკის არსებობა ალბათ შეუძლებელია. ზოგი მონაცემის მიხედვით ყოველწლიურად 120 000 აბორტი კეთდება, სხვების მიხედვით ეს რიცხვი 420 000 აჭარბებს. ჩემი მონაცემებით, ყოველ დაბადებულ ბავშვზე დაახლოებით 25 აბორტი მოდის.

– როგორია თქვენი აზრი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე?

– ორსულობის ტესტები აჩვენებენ, რომ იმ ქალებში, რომლებიც ე.წ. „სპირალებს“ იყენებენ, უფრო ხშირად ხდება ჩასახვა, მაგრამ „სპირალი“ ემბრიონს არ უშვებს საშვილოსნოში და აქედან გამომდინარე, ის კვდება ჩასახვიდან დაახლოებით ერთ კვირაში. იგივე ხდება ჩასახვის საწინააღმდეგო აბებთან დაკავშირებითაც: ისინი ხელს უშლიან ემბრიონის ნორმალურ განვითარებას, ნელ-ნელა კლავენ მას.

ბევრი ქალი ჯერ კიდევ უმეცრებაშია, მათ ამ საკითხზე მხოლოდ საყოველთაოდ მიღებული შეხედულება იციან. როდესმე გინახავთ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში, ე.წ. ქალთა ჟურნალებში, გადაცემებში მართალი ინფორმაცია აბორტებზე, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე და ხელოვნურ განაყოფიერებაზე?

– როგორია თქვენი აზრი საშვილოსნოს გარე ხელოვნურ განაყოფიერებაზე?

– მე ჩამიტარებია ამგვარი ოპერაციები. ხელოვნური განაყოფიერება მიუღებლად მიმაჩნია. ჩვეულებრივ, ხდება ათიდან ოცამდე ემბრიონის განაყოფიერება, არჩევენ ყველაზე სიცოცხლისუნარიანს, დანარჩენებს კი კლავენ.

martlmadidebloba.ge




აიკრძალება თუ არა აბორტი საქართველოში?


ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21” მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს, რომელიც აბორტის აკრძალვასა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას გულისხმობს.

” დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის” საკანონმდებლო წინადადების მიხედვით 12 კვირამდე ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გახდეს დასაშვები, თუ:

1. ორსული წარმოადგენს ექიმ-გინეკოლოგის დასკვნას იმის შესახებ, რომ თუ ორსულობა დაუყოვნებლივ არ შეწყდება, ქალი დაიღუპება; 

2. ორსული წარმოადგენს ორი ექიმ-გინეკოლოგის დასკვნას იმის შესახებ, რომ ორსულობის პროცესში ქალისა და ნაყოფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება;

3. ორსული წარმოადგენს ორი ექიმი-ფსიქიატრის დასკვნას, რომ თუ ორსულობა არ შეწყდება, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ქალმა სიცოცხლე სუიციდით დაამთავროს.

ზვიად ტომარაძის თქმით, კანონპროექტის საჭიროება საქართველოში აბორტების დიდმა მასშტაბმაგანაპირობა, რამაც ქვეყნის დემოგრაფიული ვითარება მნიშვნელოვნად დაამძიმა. ზვიად ტომარაძის წინადადებას ქალის უფლებებში ზედმეტად ჩარევად მიიჩნევს უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი და აცხადებს, რომ გარკვეული შეზღუდვების დაწესებით ეს საკითხი ფარულ სივრცეში გადავა, რაც უზარმაზარ ზიანს მიაყენებს ქალის ჯანმრთელობას.

„არავინ ამბობს იმას, რომ აბორტი კარგია, მაგრამ რამდენიმე კომპონენტი შემოდის: უფლებრივი მდგომარეობა, საკითხი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აძლევს ქალს უფლებას, თვითონ გადაწყვიტოს ეს და არ შეიძლება, ჩვენ, საზოგადოებამ და კანონმა დაუწესოს, როგორ მოიქცეს.მესმის, ეს ვიღაცისთვის მორალური საკითხია, მაგრამ არ შეიძლება, ერთი მსოფლმხედველობა თავს მოვახვიოთ მეორეს და ავკრძალოთ თავისუფალი არჩევანი. ცოტა ზედმეტად ვერევით ქალის ორგანიზმის წარმართვის პროცესში და ამიტომაც მგონია, რომ დაუშვებელია კანონის ამ ფორმით მიღება.“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.

აბორტის თავიდან აცილების მომხრეა  “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” ხელმძღვანელი თამარ ჩიბურდანიძე, რომელიც  სახალხო დამცველის ინიციატივას  სკოლებში სქესობრივი ურთიერთობისა და რეპროდუქციის საკითხების სწავლებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, მაღალი კლასის მოსწავლეები და სტუდენტები არ ფლობენ ინფორმაციას სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ. მან  “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები წარმოადგინა.

კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ სექსუალურ ცხოვრებას ახალგაზრდების დიდი რაოდენობა უკვე სკოლიდან იწყებს. ფონდის მიერ გამოკითხული სტუდენტი გოგონების ნაწილმა ანონიმურად აღიარა ისიც, რომ მათ პირველი აბორტი 14-15 წლის ასაკში ჰქონდათ გაკეთებული. ჩიბურდანიძის თქმით, ეს ის არასასურველი რეალობაა, რომელსაც საზოგადოებამ თვალი უნდა გაუსწოროს და ინიციატივა სქესობრივი სწავლების შესახებ სწორად უნდა გაიგოს. მისი თქმით, სწავლება არ გულისხმობს აღნიშნული საკითხების შესახებ სახელმძღვანელოების დაბეჭდვას და ამ ფორმით სწავლას. “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” ხელმძღვანელის თქმით, სწავლებას სასემინარო ფორმა ექნება და ეს სემინარები მაღალი კლასების მოსწავლეებთან ჩატარდება.

“მივესალმები, რომ პარლამენტმა სწორად მიიღო ეს ინიციატივა და საკანონმდებლო ინიციატივად იქცა. როგორ მოხდება ამის აღსრულება, ეს უკვე განათლების სამინისტროს ხელშია. განათლების სამინისტომ უნდა განსაზღვროს, როგორი სემინარები ჩაატაროს სკოლებში. სკოლის მოსწავლეებმა არ იციან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ, არ იციან რას ნიშნავს აბორტი, არ იციან, რომ 70-80%-ში პირველადი აბორტი უშვილობით მთავრდება. კიდევ უფრო ფატალურ შედეგებს ვიღებთ როდესაც მედიკამენტოზურ აბორტებზე გადადიან. ამ ბავშვებს არანაირი ცოდნა და ინფორმაცია ამის შესახებ არ აქვთ. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ეს რეალობაა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ არ მივიღოთ დამახინჯებული თაობა“,- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში გაზრდილია უშვილობის მაჩვენებელი, რისი გამომწვევი მიზეზებიც ხშირ შემთხვევაში, სქესობრივ ინფექციურ დაავადებებს და პირველი ორსულობისას ჩატარებულ აბორტებს უკავშირება.