დანდური – „სუპერმცენარე“, რომელიც შესაძლოა, გვალვაგამძლე მცენარეთა შექმნაში დაგვეხმაროს


დანდური წარმოადგენს „სუპერმცენარეს“, რომელიც შესაძლოა, გვალვაგამძლე მცენარეთა შექმნაში დაგვეხმაროს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერებაჩვეულებრივი სარეველა ბალახი ფლობს მინიშნებებს იმის შესახებ, როგორ შევქმნათ გვალვაგამძლე სასოფლო-სამეურნეო მცენარეები მსოფლიოში, რომელსაც კლიმატის ცვლილება უტევს.

მეცნიერები აღწერენ, როგორ არის დანდურში (Portulaca oleracea) გაერთიანებული ორი სხვადასხვა მეტაბოლური გზა, რათა წარმოიქმნას ფოტოსინთეზის ახალი ტიპი, რომელიც ამ მცენარეს საშუალებას აძლევს, გვალვას გაუძლოს და ძლიერ პროდუქტიულიც იყოს.

„ეს გახლავთ თვისებათა ძლიერ იშვიათი კომბინაცია, რამაც ერთგვარი „სუპერმცენარე“ წარმოქმნა — ისეთი, რომელიც პოტენციურად შეიძლება გამოგვადგეს მცენარეების ინჟინერიაში“, — ამბობს კვლევის ავტორი, იელის უნივერსიტეტის ეკოლოგიისა და ევოლუციური ბიოლოგიის პროფესორი ერიკა ედვარდსი.

მცენარეებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოიმუშავეს სხვადასხვა მექანიზმები ფოტოსინთეზის გასაუმჯობესებლად — პროცესის, რომლის წყალობითაც, მწვანე მცენარეები მზის სინათლის გამოყენებით, ნახშირორჟანგისა და წყლის სინთეზს საკვებ ნივთიერებებად ახდენენ. მაგალითად, სიმინდსა და შაქრის ლერწამს ჩამოუყალიბდა ე. წ. C4 ფოტოსინთეზი, რომლის დამსახურებითაც, მცენარე ძლიერ პროდუქტიული რჩება მაღალი ტემპერატურის პირობებშიც.

მცენარე დანდური უნიკალურია იმით, რომ ის ამ ორივე ევოლუციურ ადაპტაციას ფლობს, რისი წყალობითაც, ეს მცენარე არის როგორც ძლიერ პროდუქტიული, ისე ძალიან გვალვაგამძლე; ასეთი კომბინაცია მცენარეებში იშვიათია. მეცნიერთა უმეტესობას მიაჩნდა, C4 და CAM-ი დანდურის ფოთლებში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა.

ნარგავი,rasada

თუმცა, იელის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დანდურის ფოთლებში გენის ექსპრესიის სივრცული ანალიზების შემდეგ დაასკვნა, რომ C4-ისა და CAM-ის აქტივობა სრულიად ინტეგრირებულია. ისინი მოქმედებენ ერთსა და იმავე უჯრედებში — CAM-ის რეაქციათა პროდუქტებს C4-ის მეტაბოლური გზა ამუშავებს. ეს სისტემა გვალვაში თავდაცვის უჩვეულო დონეს განაპირობებს.

ამ ახალი მეტაბოლური გზის შესწავლა მეცნიერებს შეიძლება დაეხმაროს ისეთი ახალი გზების გამოგონებაში, რომელთა საფუძველზეც, ინჟინერიით გამოიყვანენ გვალვაგამძლე სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.

„C4 ფოტოსინთეზის მქონე მცენარეებში, მაგალითად, სიმინდში, ინჟინერიით CAM ფოტოსინთეზის ციკლების ჩასმა ჯერ კიდევ ბევრ მუშაობას მოითხოვს, ვიდრე რეალობად იქცევა. თუმცა, ვაჩვენეთ, რომ შესაძლებელია ამ ორი გზის ეფექტიანად ინტეგრირება. C4 და CAM ერთმანეთთან იმაზე მეტად თავსებადია, ვიდრე ვფიქრობდით, რას გვიჩენს ვარაუდს, რომ მცენარეთა კიდევ ბევრი სხვა C4+CAM სახეობა არსებობს, რომლებიც ჯერ არ აღმოგვიჩენია“, — ამბობს კვლევის ავტორი, იელის უნივერსიტეტის ეკოლოგიისა და ევოლუციური ბიოლოგიის პროფესორი ერიკა ედვარდსი.

კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია yale.edu-ს მიხედვით.

1tv.ge




საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს


ეროვნული ბანკი -bankiსაქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც მოქალაქეებს აფრთხილებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს ეროვნული ბანკი სახსრების განთავსებისა და სხვადასხვა, ერთი შეხედვით მაღალშემოსავლიან, სქემებში ინვესტირების რისკებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2013 წლიდან პერიოდულად აფრთხილებს მოქალაქეებს.

კერძოდ, კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ კონტროლდება რომელიმე საზედამხედველო ორგანოს, მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ, შესაძლოა ფიზიკურ პირებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში თანხის დაბანდებას სთავაზობდნენ. რიგ შემთხვევაში კი მათი საქმიანობა, “ფინანსური პირამიდის” კლასიკური მოდელის ნიშნებსაც ატარებს.

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში გააქტიურდნენ ისეთი კომპანიები, რომლებიც ინტენსიური სარეკლამო კამპანიის საშუალებით, მოსახლეობას მოკლე ვადაში ბაზრისათვის არაადეკვატურად მაღალი სარგებლის მიღებას სთავაზობენ. უნდა აღინიშნოს, რომ “ფინანსური პირამიდის” კლასიკური მოდელისგან განსხვავებით, აღნიშნული კომპანიები თანხის გამომუშავებისთვის მომხმარებლებს არ სთავაზობენ ფინანსურ ინსტრუმენტებს, მაგალითად ანგარიშზე/დეპოზიტზე თანხის განთავსებას, შესაბამისად, მათგან ფულად სახსრებს პირდაპირ არ იზიდავენ. თუმცა, თანხის გამომუშავების სანაცვლოდ მომხმარებლებს სხვადასხვა მოქმედებების შესრულებას თხოვენ, რაც, მათ შორის, შეიძლება მოიცავდეს კომპანიის სხვადასხვა მომსახურების გამოწერას, ონლაინ სივრცეში სარეკლამო შინაარსის შემცველი ინფორმაციის გაცნობას, გავრცელებას და ამავე მიზნით ახალი მონაწილეების მოწვევას. საყურადღებოა, რომ ამ ტიპის საქმიანობის მთავარი მიზანი, ფინანსური პირამიდის მსგავსად, სქემაში რაც შეიძლება ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების არაპირდაპირი გზით მოზიდვა და არა ბიზნესის განვითარებაა. ამასთან, რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება, მით უფრო იზრდება სქემის სიცოცხლისუნარიანობა.

ასეთი პირამიდული სქემები, რომლებიც შესაძლებელია მრავალი სახით არსებობდეს, გარკვეულწილად მდგრადია მისი შექმნის მხოლოდ საწყის ეტაპზე, მანამ, სანამ სქემაში ახალი მონაწილეების მოზიდვის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებული ჩანს ასეთი კომპანია დროის რომელიმე მომენტში, სქემა აუცილებლად იშლება, როდესაც შეუძლებელი ხდება ახალი წევრის და/ან დამატებითი თანხის მოზიდვა და, შედეგად, კომპანია ვეღარ ისტუმრებს წევრების მიმართ არსებულ ვალდებულებებს.

ვალუტა ლარი

საგულისხმოა, რომ უკანასკნელ პერიოდში პოპულარული მსგავსი სქემების შესახებ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მომხმარებლისთვის ცნობილია სქემის რისკიანობის შესახებ, ხშირად ისინი შეგნებულად ერთვებიან ამ სქემებში იმის იმედით, რომ მათ მიერ ინვესტირებული თანხის გამომუშავებას სქემის დაშლამდე შეძლებენ. თუმცა, მსგავსი მიდგომა მაღალი რისკის შემცველია, რამდენადაც სქემის დაშლის მომენტის წინასწარ განჭვრეტა პრაქტიკულად შეუძლებელია.

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, უპირველეს ყოვლისა, წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის, ასევე მისი გადამხდელუნარიანობის მდგომარეობის შესახებ, გაარკვიონ რეგულირდება თუ არა ასეთი კომპანია რომელიმე უწყების მიერ, და მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.




აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა


22008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 14 წელი გავიდა. ომის წლისთავთან დაკავშირებით, ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, რეგიონებში არსებულ სამხედრო ბაზებსა და ბრიგადებში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.

ამასთან, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

 ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს ქვეყნის მასშტაბით იხსენებენ.

2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მისი თქმით, ხელისუფლება გააგრძელებს მათ ოჯახებზე ზრუნვას.

დაღუპულ გმირთა ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე  პატივის მიაგო ასევე  საქართველოს პრემიერ მინისტმა.

„ჩვენ უდიდესი ტრაგედია გამოვიარეთ აგვისტოს ომის დღეებში. ძალიან ბევრი ადამიანი, გმირი დავკარგეთ. ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს სამაგალითო გმირობა, თავდადება, თავგანწირვა. მათ ღირსეულად დაიცვეს სამშობლო, თავი შესწირეს ჩვენს სამშობლოს და ჩვენი ძალიან ბევრი მოქალაქე გადაარჩინეს. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე და მე მინდა ჩვენს ქვეყანას ვუსურვო პირველ რიგში მშვიდობა, გაერთიანება და გამთლიანება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




სასწრაფო სამედიცინო მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო


medecinaსასწრაფო სამედიცინო მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისა და ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების მომსახურებაზე ფასის დაწესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების მომსახურებაზე ფასის დაწესებას ეხება. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო“, – აცხადებენ სამინისტროში.

კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის გაკეთდა დამატებითი არასტანდარტული მომსახურების შეთავაზება, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებაკი მიღებული არ არის.

„საქართველოს ყველა მოქალაქისთვის როგორც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის, ისე კერძო სადაზღვევო კომპანიების ბენეფიციართათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურება არის და რჩება უფასო. ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება. რაც შეეხება წერილს, აღნიშნულ წერილში იყო შეთავაზება კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის, რომ დამატებითი არასტანდარტული მომსახურებისთვის დაუწესდეთ ტარიფი. ეს შეეხება რომელიმე კერძო, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე კლინიკაში ჰოსპიტალიზაციას, ასევე სხვა ღონისძიებებს, რაც შესაძლოა დასჭირდეთ სადაზღვევო კომპანიებს“ , – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა.




"რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესებას ითხოვენ ადამიანები, რომლებმაც მათთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღეს"


 kobaxidze კობახიძეპარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განაცხადებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესებას ითხოვენ ადამიანები, რომლებმაც   2012 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღეს. 

„ქართული ოცნება“ გმობს ქსენოფობიურ კამპანიას, რომელიც უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში.

„შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესებას ითხოვენ ადამიანები, რომლებმაც ნაწილობრივ 2010 წელს, ხოლო სრულად 2012 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღეს. ყველას კარგად გვახსოვს, 2011 წელს როგორ ამაყობდა მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან შემოსული ტურისტების მზარდი ნაკადით. იმავე პერიოდს განეკუთვნება ვანო მერაბიშვილის ცნობილი ფრაზა იმის შესახებ, რომ რუსულ ფულს სუნი არ უდიოდა. ყველას კარგად გვახსოვს ომისა და ღალატის პარტიის პროვოკაციული ქმედებები – ომის დაწყებისთანავე ანტისამთავრობო აქციების გამართვა, რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა და სხვა.

ყველას გვახსოვს ომის რიტორიკა ეკა გიგაურის, ნინო ლომჯარიას, დავით უსუფაშვილის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, ვახო სანაიას, მიშა მშვილდაძის, თენგიზ გოგოტიშვილის, გიორგი მარგველაშვილის, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების და „ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელი ლობისტების შესრულებით. საბოლოოდ, საზოგადოების ჯანსაღი და მკვეთრი რეაქციის გამო, ადამიანებს, რომლებიც ქვეყანას ომისკენ უბიძგებდნენ, უკან დახევა მოუწიათ და დღეს ისინი თავის მართლების რეჟიმში არიან გადასული. თუმცა, რასაც პირდაპირი ფორმით ვერ მიაღწიეს, ახლა იმის მიღწევას ირიბი გზით, ქსენოფობიური კამპანიით ცდილობენ. მათი გათვლა მარტივია – ქსენოფობიური კამპანიით უნდა გაღვივდეს აგრესია რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რამაც უნდა გამოიწვიოს ესკალაცია და ინციდენტები.

ეს ყველაფერი კი, ემსახურება ერთადერთ მიზანს – საქართველო რამენაირად ჩართონ სამხედრო კონფლიქტში. „ქართული ოცნება“ გმობს ქსენოფობიურ კამპანიას, რომელიც უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში. საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა, რაც სურს ომის პარტიას „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პარტნიორების სახით, იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას ომი თავიდან ააცილოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა


გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ ცხადდებაგუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ ცხადდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში არის აღნიშნული.

პრემიერი სამძიმარს უცხადებს დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო. ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ ჩვენს საზოგადოებას.

მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

გუდაურში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა.

გუდაურში, სადაც სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა

ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარაპლანის ინსტრუქტორი, ამოყვანილია და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს გადაიყვანეს. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, გარდაცვლილია უცხოელი ტურისტი, რომელიც პარაპლანით ინსტრუქტორთან ერთად იყო.




მსოფლიოში პირველი ატომური ბომბის ცდისას, „შეუძლებელი“ კვაზიკრისტალი წარმოიქმნა


კვაზიკრისტალები1945 წლის 16 ივლისს, დილის 5:29 საათზე, ნიუ-მექსიკოს შტატში, ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა.

განთიადის სიმშვიდე აშშ-ის არმიის მიერ პლუტონიუმის ასაფეთქებელი მოწყობილობის, სახელად „გაჯეტის“ აფეთქებამ დაარღვია — ეს გახლდათ ბირთვული ბომბის პირველი გამოცდა, რომელსაც „ტრინიტი“ უწოდეს. ამ მომენტმა საომარი მოქმედებები სამუდამოდ შეცვალა.

„კვაზიკრისტალები ექსტრემალურ გარემო პირობებში წარმოიქმნება და დედამიწაზე იშვიათად არსებობს. მათთვის საჭიროა ტრავმატული მოვლენები ექსტრემალური შოკით, ტემპერატურითა და წნევით. ასეთ რამეს კი ხშირად ვერ ვხედავთ, თუ არ ჩავთვლით რაღაც ისეთ დრამატულს, როგორიც არის ბირთვული აფეთქება“, — ამბობს ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის გეოფიზიკოსი ტერი უოლასი.

კრისტალთა უმეტესობა, უბრალო სუფრის მარილით დაწყებული, ყველაზე მტკიცე ალმასებით დამთავრებული, ერთსა და იმავე წესს ემორჩილება: მათი ატომები განლაგებულია ბადის სტრუქტურით, რომელიც სამგანზომილებიან სივრცეში მეორდება. კვაზიკრისტალები ამ წესს არღვევს — აქვთ მახასიათებელი, რომელშიც მათი ატომები ისეა ჩაწყობილი, რომ არ მეორდება.

ვინაიდან იცოდნენ, რომ კვაზიკრისტალთა წარმოსაქმნელად ასეთი ექსტრემალური გარემო პირობების საჭირო, ფლორენციის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გეოლოგ ლუკა ბინდის ხელმძღვანელობით, ტრინიტიტის დეტალურად შესწავლა გადაწყვიტა.

კვაზიკრისტალი_kvazicrystal

მიუხედავად იმისა, რომ იშვიათობას წარმოადგენს, უკვე საკმარისი კვაზიკრისტალები გვაქვს ნანახი, რათა ვიცოდეთ, რომ მათში ხშირად არის ჩართული ლითონები; ამიტომ, ჯგუფმა მინერალის გაცილებით იშვიათი ფორმის კვლევა გადაწყვიტა — წითელი ტრინიტიტის, რომელმაც ეს ფერი სპილენძის მავთულების აორთქლების შედეგად მიიღო.

„ეს კვაზიკრისტალი უბადლოა თავისი კომპლექსურობით, მაგრამ ჯერ არავის შეუძლია იმის თქმა, თუ რატომ წარმოიქმნა ის ამ სახით“, — განმარტავს უოლასი.

მისივე თქმით, ერთ მშვენიერ დღეს, ამას რომელიმე მეცნიერი ან ინჟინერი დაადგენს.

ეს აღმოჩენა წარმოადგენს ჩვენთვის ცნობილ უძველეს ხელოვნურ კვაზიკრისტალს და ის მიუთითებს, კვაზიკრისტალთა წარმოსაქმნელად შეიძლება სხვა ბუნებრივი გზებიც არსებობდეს. მაგალითად, ელვის მიერ ქვიშის დადნობით გამოჭედილი ფულგურიტები და მეტეორიტთა დაცემის ადგილებში არსებული მასალები შეიძლება ბუნებაში კვაზიკრისტალების წყარო იყოს.

კვლევის შედეგები მეცნიერებს ასევე შეიძლება დაეხმაროს უკანონო ბირთვული ცდების უკეთ გაგებაში, რათა საბოლოოდ შეიზღუდოს ბირთვული შეიარაღების გავრცელება. ბირთვული ცდების სხვა ადგილებზე წარმოქმნილი მინერალების შესწავლით შეიძლება უფრო მეტი კვაზიკრისტალი აღმოვაჩინოთ, რომელთა თერმოდინამიკური თვისებები შეიძლება ბირთვული სასამართლო ექსპერტიზის ინსტრუმენტი გახდეს.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია lanl.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით

1tv.ge




5 ფაქტორი, რატომ არ იაფდება პროდუქტი ლარის გამყარების პარალელურად


სურსათი მაღაზია კალათაბოლო 2 თვეა ლარი მყარდება, თუმცა მიუხედავად ამისა, ინფლაციას კვლავ მზარდი ტენდენცია ახასიათებს.

რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ეკონომიკის დოქტორი, ირაკლი მაკალათია, 5 ძირითად მიზეზზე საუბრობს, რატომ არ იკლებს ფასები, ლარის გამყარების პარალელურად.

,,როცა ლარი მყარდება მყისიერად, რატომ არ ხდება პროდუქციაზე ფასების შემცირება, ამისთვის 5 ძირითადი მიზეზი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ. პირველი – ეს არის უკვე შეძენილი მარაგები, რომელიც იმპორტიორებს ძვირად აქვთ ნაყიდი. ასევე, გასათვალისწინებელია კონტრაქტები და ვალდებულებები. ესეც შეგვიძლია შემზღუდავ ფაქტორად მივიჩნიოთ.

მეორე ფაქტორია ის, რომ ყველანი, მათ შორის იმპორტიორებიც მომხმარებლები ვართ და შუალედური თუ სხვა მოხმარების პროდუქტი მათაც უძვირდებათ და ამ ხარჯების დაკომპენსირებას პროდუქტის გაძვირებით ცდილობენ.

მესამე – ეს არის არასტაბილური გარემო. იქნება ეს, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ბიზნეს მიმართულებით. სუბიექტებს ასეთ დროს, გაურკვეველი მოლოდინი აქვთ, რა იქნება ხვალ. ანუ, ნეგატიური მოლოდინები ახდენს გავლენას.

მეოთხე – კონკურენციის დონეა. კონკრეტული ჯგუფების მიხედვით რამდენად დიდია კონკურენცია. რაც უფრო არაკონკურენტული, მონოპოლიური, ან ოლიგიპოლიურია გარემო, მით უფრო ნაკლებად ხდება რეაგირება ფასებზე.

და მეხუთე – რამდენად ელასტიური, ან არაელასტიურია პროდუქტი. ვგულისხმობ იმას, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტები, სურსათისა და მედიკამენტების ჯგუფი, როგორც უნდა გაძვირდეს, ყიდვა მაინც გვიწევს. ამიტომ, როცა ბიზნესი ფასს ზრდის, მომხმარებელი მაინც ჰყავს ამ კონკრეტულ პროდუქტებს. ესაა ის 5 ფაქტორი, რატომ არ იაფდება პროდუქტი ლარის გამყარების პარალელურად“, – ამბობს მაკალათია ,,საქმეში“.

bpn.ge




სეს: კერამიკულ ჭურჭელში ტყვიის აღმოჩენის გამო იმპორტიორს პროდუქციის ამოღება დაევალა


ჩაი, საკვები< თეფშ  პოლონეთის კომპეტენტურმა სამსახურმა ბაზარზე განხორციელებული კონტროლის დროს გამოავლინა ჩინური წარმოების -He Tai Ceramic Manufacturing CO., LTD კერამიკული თეფშებიდან (საკვებთან შეხებაში მყოფი მასალიდან), ტყვიის მიგრაციის ფაქტი (1,5+/-0,4 მგ/დმ2).

ინფორმცია ამის შესახებ  ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო.

სეს–ის  ცნობით, საქართველოში აღნიშნული პროდუქციის – თეფშები -Ambition Junior, დიამეტრი-19 სმ, რაოდენობა-144, პარტიის ნომერი-281799BB, მიმღებ-იმპორტიორად დასახელებულია შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ – სავაჭრო ჰიპერმარკეტი „დომინო“. სააგენტო მოუწოდებს იმ მომხმარებელს, ვისაც უკვე შეძენილი აქვს შეტყობინებაში მითითებული ჭურჭელი, მისი გამოყენებისგან თავი შეიკავოს (იხილეთ თანდართული ფოტოები).

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული ფაქტის შესახებ იმპორტიორს წერილობით აცნობა და მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, თეფშების დასახელებული პარტიის ამოღება დაავალა.




ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს


ივანიშვილიპარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა მისი უმთავრესი ღირებულებებია. ამასთან, ქართულმა საზოგადოებამ ყველას დაუმტკიცა, რომ ხანმოკლე დემოკრატიული გამოცდილების მიუხედავად, აქვს სიბრძნე, რომელიც ურთულეს გამოწვევებთან ღირსეულად გამკლავების შესაძლებლობას აძლევს.

უკვე წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებას პოლიტიკიდან ჩემი გასვლის გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე და მას შემდეგ, ჩემივე გადაწყვეტილებას სრულად ვიცავდი და ვიცავ. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ერთადერთი საჯარო განცხადება გამოვაქვეყნე და ისიც მხოლოდ იმისათვის, რომ ჩემი სახელით სპეკულირების საშუალება არავისთვის მიმეცა. არ მინდოდა, პოლიტიკურ პროცესებზე არათუ მე, თუნდაც, ჩემს ფაქტორს რაიმე გავლენა ჰქონოდა და საჯარო სივრციდან ჩემი სრული დისტანცირების მიზეზი სწორედ ეს იყო და არის.

ამავდროულად, როგორც ამ ქვეყნის შვილი და მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი, ბუნებრივია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მთელი ყურადღებით ვადევნებ თვალყურს. რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს და მის მმართველ გუნდს გასული თვეების განმავლობაში ძალზე მტკივნეული პროცესების გავლა უწევდა და უწევს. საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია.

უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველომ საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან.

ამასთან, დღეს, როდესაც ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მიმაჩნია, რომ მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

რაც შეეხება ჩემს პირად პრობლემას, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან ურთიერთობაში წარმოიშვა და დღესაც აქტუალურია, მიმაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მას პირდაპირი კავშირი აქვს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ რთულ სიტუაციას, პრაქტიკულად, თავი უკვე გაართვა და ომის უშუალო საფრთხე გადაიარა, მირჩევნია, ჩემი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა ჩემ პირად პრობლემად დავტოვო და ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს არ მოვახვიო. აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას – კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის. მირჩევნია, ბანკის მიერ შექმნილი პრობლემა საზოგადოებამ ყველა შემთხვევაში ჩემ პირად პრობლემად განიხილოს. შედარებით დეტალურ განმარტებებს ამ საქმეზე ჩემი ადვოკატი აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს.

ჩემთვის მთავარია, საქართველომ შეძლოს ურთულესი ვითარებიდან საბოლოოდ სათანადოდ გამოსვლა და მშვიდობის შენარჩუნება, ჩემ პირად საკითხზე კი, მე თავად ვიზრუნებ და ამ პრობლემით საზოგადოების ზედმეტად დატვირთვას არ შევეცდები.

დასასრულს, რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.