როგორი იქნებოდა მეფე ერეკლე II სიცოცხლეში [ვიდეო]


დროის მანქანა ჯერ არავის შეუქმნია, თუმცა ალბათ ყველას ოდესმე გაგვჩენია სურვილი წარსულში შეგვეხედა, სულ ერთი წუთით მაინც.

თანამედროვე ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდება, მაგრამ დროის პორტალი და ტელეპორტაცია კაცობრიობისთვის მაინც მიუწვდომელია და რიგითი მოქალაქეები ვირტუალურ რეალობას სჯერდებიან.

“პრემიუმი” გთავაზობთ მცირე ექსპერიმენტს – რამოდენიმე წამით წარმოვიდგინოთ თუ როგორი იქნებოდა ქართველთ ერთ-ერთი საყვარელი მეფე ერეკლე II.

წინასწარ ვიტყვით, რომ ეს ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი (myheritage.com) და მხოლოდ იმიტაციას წარმოადგენს იმისა, თუ როგორი იქნებოდა სიცოცხლეში “პატარა კახი”.

 




საუკუნეების წინ დაწერილი და დალუქული წერილი მეცნიერებმა ვირტუალურად გახსნეს და წაიკითხეს


საუკუნეების წინ დაწერილი და დალუქული წერილი მეცნიერებმა ვირტუალურად გახსნეს და წაიკითხეს — #1tvმეცნიერებასამასზე მეტი წლის წინ, ვიღაცამ ჩახლართულად დაკეცა, დალუქა და გააგზავნა წერილი, რომელიც ადრესატს არასოდეს ჩაბარებია. ახლახან, მეცნიერებმა რენტგენული სხივების გამოყენებით „გახსნეს“ ეს და სხვა ასე დალუქული წერილები, რომლებიც ჰააგაში, მე-17 საუკუნის ყუთში ინახებოდა.

პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა ეს მეთოდი რენესანსის ხანის „ჩაკეტილ“ წერილებზე მოსინჯეს, რომლებიც 1926 წლიდან ინახებოდა ჰააგაში, ნიდერლანდების საფოსტო მუზეუმში.

სკივრში 3100-ზე მეტი ჩაუბარელები წერილია, მათგან 577 გაუხსნელი, ჩაკეტილია. ბრიენის კოლექციის სახელით ცნობილი ეს წერილები შესრულებულია ნიდერლანდურად, ინგლისურად, ფრანგულად, იტალიურად, ლათინურად და ესპანურად.

უცნობ მიზეზთა გამო, ჰააგაში ჩასვლის შემდეგ ეს წერილები ადრესატებთან ვეღარ იგზავნებოდა და მათ ფოსტმაისტერი სიმონ დე ბრიენი ინახავდა.

საიმედოდ დალუქვისთვის, ჩაკეტილ წერილებში სხვადასხვა მეთოდებია გამოყენებული, მათ შორის, დაკეცვა და დახვევა, გრძელი ჭრილები და ხვრელები, დაჭმუჭვნა და წებო; ასევე ჭკვიანურად მოფიქრებული სხვადასხვა საკეტები.

დაკეცილი ქაღალდის ფენებში შეღწევის მიზნით, კვლევის ავტორებმა რენტგენული მიკროტომოგრაფიის სკანერი გამოიყენეს, რომელიც ლონდონში, დედოფალ მერის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კვლევების ლაბორატორიაში გამოიგონეს.

სკანერი იმდენად მგრძნობიარეა, რომ შეუძლია აღრიცხოს კბილის მინერალური შემცველობა, რაც ფასდაუდებელია სტომატოლოგიურ კვლევებში.

კვლევის კიდევ ერთი ავტორის, დევიდ მაილსის განცხადებით, ჯგუფის წევრებმა სკანირებული ფოტოების ასოებად გადაქცევა შეძლეს და შედეგად, პირველად სამასი წლის შემდეგ, წერილების შინაარსი წაიკითხეს.

სკანირებული ფოტოებით მკვლევრებმა წერილების 3D ციფრული რეკონსტრუქცია ააწყვეს, შემდეგ კი შექმნეს კომპიუტერული ალგორითმი, რომელმაც დაკეცვის დახვეწილი მეთოდები ნაკეც-ნაკეც გაშიფრა და წერილები ვირტუალურად, ფიზიკურად გახსნის გარეშე გახსნა. ამ ინოვაციური მეთოდის გამოყენებით, მეცნიერებმა ციფრულად გახსნეს ოთხი წერილი და ერთ-ერთი მათგანის, სახელად DB-1627-ის შინაარსიც გაშიფრეს.

„მისი წერილი ადრესატს არ ჩაბარებია; შემდეგ წერილებში სენაკი ბიძაშვილს ოჯახის ამბებს ეკითხება და ღვთის წყალობას უსურვებს“, — წერენ ავტორები.

„არ ვიცით, რატომ ვერ მიიღო ლე პერმა სენაკის წერილები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ვაჭრები ხშირად იცვლიდნენ ადგილს, სავარაუდოა, რომ ლე პერი უკვე სხვაგან იყო გადასახლებული“, — ამბობენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, ამ მეთოდით ახლა უკვე შესაძლებელია ათობით ათასი ასეთი პირადული წერილის წაკითხვა, რომლებსაც დღის სინათლე დაწერის შემდეგ არასოდეს უნახავთ.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.

1tv.ge




იურუსალიმის ბერები დროის შემცირების ნიშანზე საუბრობენ


Лампадаიერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძრაში, უფლის საფლავის თავზე არის ერთი ჩაუქრობელი  კანდელი. მასში ზეთს მხოლოდ წელიწადში ერთხელ ასხამენ.  ათობით და ასობით წლის მანძილზე ჩასხმული ზეთი ზუსტად ერთი წლის განმავლობაში ყოფნიდა კანდელს. რამოდენიმე წლის წინ კი უჩვეუულო მოვლენა გამოვლინდა: ზეთის რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში ამოწვას ვერ ასწრებს.

საუკუნეების მანძილზე  უფლის წმიდა საფლავს ემსახურება  ბერული საძმო.  უხუცეს ბერებს შორის არის  არქიმანდრიტი ევსები, ღირსი პაისი მთაწმინდელის სულიერი შვილი, რომელიც  50 წელია  მორჩილებას აღასრულებს  უფლის საფლავთან.  2006 წელს  ზუსტად ამ  საძმოსგან   პირველად  გახდა ცნობილი, რომ ზეთი ერთი წელიწადში ბოლომდე აღარ იწვის. მსგავსი რამ ადრე არასდროს მომხდარა.

გამოდის რომ  ახლა კანდელი დროის ერთი და იგივე მონაკვეთის მანძილზე ნაკლებ ზეთს მოიხმარს. ის ვერ ასწრებს ამოწვას იმიტომ, რომ დღეები შეიკუმშა.  ხილულად არაფერი შეცვლილა, ყველა პირობა უცვლალად არის დაცული – სუფთა ზეითუნის ზეთი იმავე გზით მოიპოვება, როგორც ადრე; ფითილებიც ერთი სახეობის ძაფისგან მზადდება; კანდელიც უცვლელია, ჰაერიც. შეიცვალა მხოოლოდ დროის სვლის სიჩქარე. უფლის მაცხოვრის მცველებმა შენიშნეს, რომ ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი ზეთი რჩება ამოუწვავი, რაც იმას ნიშნავს, რომ დროის შემცირების პროცესი იზრდება.

ამ პროცესს ადამიანები პირადად აღიქვამენ. უნდა შევიცნოთ, რომ ქიმიური და ფიზიკური მიზეზების  ძებნა შედეგს არ გამოიღებს. ეს ხილული ნიშანია იმისა, რომ დღეები მცირდება,  რადგან ადამანების გულში გამრავლდა ბოროტება. კაცობრიობა გაცილებით მეტი, დამანგრეველი სიძულვილის მატარებელი გახდა, ვიდრე იყო წინა საუკუნეებში. უმოწყალოდ ვანადგურებთ ჩვნ გარემოს, ჩვენ გარემოცვას. უფალი დროს ამცირებს, რათა ბოროტების შემოტევა შეაკავოს. ამაზე მრავალი ნიშანი მოწმობს და ერთერთი მთავარი იესო ქრისტემ წმიდა ქალაქში, იერუსალიმში მოგვცა.

 

 

 

 




კეთილმსახურმა დავით მეფემ გააერთიანა ქვეყანა, განწმიდა ეკლესია, დააბრუნა გახიზნული ქართველები


Картинки по запросу "წმ. მეფე დავით აღმაშენებელი"1089 წელს გიორგი მეორემ უარი თქვა მეფობის პატივსა და სიმძიმეზე და თავის თექვსმეტი წლის „მარტოშობილ ძეს… დაადგა გვირგვინი მეფობისა”. 

უპირველეს ყოვლისა დავით მეფემ დიდი თურქობის დროს გაქცეული და მიუვალ ადგილებში შეხიზნული ქართველების დაბრუნება დაიწყო ძველ ნამოსახლარებზე, თავი მოუყარა აზნაურებს, და მათთან ერთად შეუდგა ერის შეკრებას.

ღვთივგანრძნობილმა მეფემ თავისი გონიერი მზერა ეკლესიას მიაპყრო. მან მოიწვია საეკლესიო კრება „ღვთისმოყუარეთა მონაზონთა, დაყუდებულთა და მეუდაბნეთა სანახებთა ქართლისათა, მახლობლად ორთა საეპისკოპოსოთა – რუისა და ურბნისისა”. კრებამ აღადგინა და გააძლიერა ეკლესიის ავტორიტეტი, აღკვეთა თავგასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა. ეკლესია გახდა ძირითადი დასაყრდენი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეროვნული ინტერესების განხორციელების საქმეში. კრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მართლმადიდებლური სარწმუნოების სასიცოცხლო მნიშვნელობა ერისა და პიროვნების გადარჩენს საქმეში.

„არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არც განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელ ქმნილ ვართ, ვინაიდგან შემეცნებასა შენსა ღირს ქმნილ ვართ, მოწამე არს ჭეშმარიტება”, – ვკითხულობთ ამ კრების ძეგლის წერაში.

რამდენიმე წელი ქვეყნის შინა პოლიტიკის რეფორმას და აღმშენებლობას მოახმარა კეთილმსახურმა დავითმა, შემდგომ კი შეუდგა თურქთაგან საქართველოს სრულ განწმენდას.

თურქთა სულთანმა მუჰამედმა ასი ათასიანი ლაშქარი დაძრა საქართველოსკენ. როცა მტრის შემოსვლა შეიტყო, თავად მეფე ათას ხუთასი კაცით თრიალეთისაკენ წავიდა. განთიადისას შეება ერთმანეთს უთანასწორო მხედრობა. „შეწევნითა ღმრთისაითა იძლია ბანაკი თურქთა”. თავზარდაცემული მომხდურები ისე გაიქცნენ, რომ კარვების მოხსნა და საქონლის გარეკვაც ვერ მოასწრეს. ამასობაში გიორგი ჭყონდიდელმა რუსთავიც წაართვა დამპყრობლებს. 1115 წელს მტკვრის ხეობა მთლიანად შეუერთდა საქართველოს. ერთი წლის შემდეგ კი კარნიფორსა და ბასიანს შორის დაბანაკებული თურქებიც განდევნეს.

1121 წელს დიდგორის ბრძოლის დაწყების წინ მეფემ სიტყვით მიმართა ლაშქარს:

„ეჰა, მეომარნო ქრისტესნო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რამეს გირჩევთ… ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომც მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულ ვართ, ხეთა ხშირ ხერგებით შევკრათ და მტკიცე გულით მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შევუტიოთ”…

Картинки по запросу "გელათი"
გელათი

   უკან დახევაზე არც უფიქრია ვინმეს. მეფის გასაოცარმა საბრძოლო ტაქტიკამ და შემართებამ, ქართველთა სიმხნევემ და ზეციურმა სასწაულებმა მტერი შიშით გათანგა.

„ხელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ფარვიდა მას და წმიდა მოწამე გიორგი გან-ცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსრვიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა”.

 1122 წელს დავით აღმაშენებელმა თბილისი აიღო და ოთხასწლიანი ტყვეობის შემდეგ დედაქალაქი სამშობლოს დაუბრუნა. 1123 წელს დავითმა დმანისიც შემოიერთა და ამით საქართველოს გაერთიანება საბოლოოდ განასრულა.

კაცთმოყვარე მეფემ სნეულთათვის ქსენონი ააშენა, ყველა აუცილებელი ნივთი მოუმზადა. სიუხვით და წყალობით სავსე თვითონაც ხშირად ნახულობდა ავადმყოფებს, ყოველთვის თან დაჰქონდა ქისა მოწყალების გასაცემად.  განსწავლული და მწიგნობარი მეფე თავისუფალ დროს საღმრთო წერილისა და სხვა მეცნიერებათა წვდომას ანდომებდა. დავითს წიგნები ომშიც თან დაჰქონდა, როცა კითხვით გადაიღლებოდა, სხვას აკითხებდა, თითონ კი ყურადღებით უსმენდა. ყველაზე უფრო წმიდა წერილის კითხვა უყვარდა.

წმიდა დავით აღმაშენებელი დაკრძალეს მის მერ აგებულ და სამეფო საძვალედ დადგენილ გელათის მონასტრის შესასვლელში. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია კეთილმსახური მეფის უკანასკნელი სურვილი:

„ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ესე მთნავს: აქა დავემკვიდრო მე”.

xareba.net




დადიანების სასახლეების კოლექცია „Google“-ის კულტურული ინსტიტუტის პლატფორმაზე განთავსდა


დადიანების სასახლეების კოლექცია „გუგლის“ კულტურული ინსტიტუტის პლატფორმაზე განთავსდამსოფლიოს უდიდესმა, „გუგლის“ კულტურულმა ინსტიტუტმა თავის პლატფორმა დადიანების სასახლეებს დაუთმო, – ამის შესახებ ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.

„დაახლოებით ოთხი თვის წინ ზუგდიდის დადიანების სასახლეების მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარედ დავინიშნე. ხელოვნების სასახლის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, ამ უნიკალური ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის თვისობრივად ახალ მუზეუმად გარდაქმნა და მისი საგანძურის პოპულარიზაცია დავისახეთ მიზნად! ძალიან ცუდი პერიოდი დაგვემთხვა, თუმცა არ გავჩერებულვართ და შეიძლება, ითქვას, შეუძლებელი შევძელით! მსოფლიოს უდიდესმა, „გუგლის“ კულტურულმა ინსტიტუტმა თავის პლატფორმა დადიანების სასახლეებს დაუთმო! ზუგდიდი ხელოვნების სასახლის შემდეგ მეორე ქართული მუზეუმია, რომლის კოლექციაც მრავალმილიონიანი მსოფლიო აუდიტორიის წინაშე გამოიფინა“, – აღნიშნავს გიორგი კალანდია.

მისივე ცნობით, გამოფენა, სახელწოდებით „დადიანების სასახლეების საგანძური“ წუხელ, ღამის 01:00 საათზე ჩაიტვირთა.

„ნიუ იორკში ამ პროცესს ჩვენი წარმომადგენელი მერი ხარაიშვილი უწევდა კოორდინაციას, რისთვისაც მას განსაკუთრებული მადლობა მინდა, ვუთხრა. გამოფენა ლილი ბერაიას ნაშრომისა და ტექსტის საფუძველზე ხელოვნების სასახლის თანამშრომელმა მარიამ კიკვაძემ მოამზადა, თანაც ზედმიწევნით. ამ გამოფენას ორმაგი მნიშვნელობა აქვს: პირველი, მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააცნოს ჩვენი ქვეყნის უმდიდრესი წარსული და ამასთანავე კულტურის, პირუთვნელი ფაქტების ენით მსოფლიოს დაანახოს ჩვენი ტერიტორიული ერთიანობის ისტორიული საფუძვლები. სწორედ ამიტომაც დამთვალიერებელი აქ იხილავს აფხაზეთიდან: ილორის, მოქვის უძვირფასეს ოქროს ხატებს დამშვენებულს ქართული წარწერებითა და ქართველ ისტორიულ მოღვაწეთა სახელებით. მხოლოდ აქ, მხოლოდ გუგლის ტექნოლოგიების წყალობით უმცირეს დეტალებამდე შეგიძლიათ, დაათვალიეროთ სამეგრელოს განძი, რომელიც ასე ბრწყინვალედ, ასე პომპეზურად მთელი მსოფლიოს გასაოცებლად და გასაოგნებლად პირველად გამოიფინა! ვულოცავ საკუთარ თავს, ხელოვნებისა და ზუგდიდის სასახლეების თანამშრომლებს!“, – წერს გიორგი კალანდია „ფეისბუქზე“.

ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი ასევე ავრცელებს „გუგლის“ პლატფორმის ბმულს, რომელზეც დადიანების სასახლის კოლექციის ნახვაა შესაძლებელი: https://artsandculture.google.com/exhibit/%C2%A0treasure-of-dadiani-palaces/0AKyxVQNdUwcIQ




რა აღმოაჩინეს ძველეგვიპტელი ბავშვის მუმიის რენტგენული სკანირების დროს?


ძველეგვიპტელი ბავშვის მუმიის რენტგენული სკანირება მოულოდნელი აღმოჩენებით დასრულდა — #1tvმეცნიერებაძველეგვიპტური მუმია, რომელიც ქალის პორტრეტით იყო შემკული, ერთ სიურპრიზსაც შეიცავდა — ირკვევა, რომ ის ეკუთვნის ბავშვს, რომელიც ხუთი წლის ასაკში დაიღუპა.

ამჯერად, მეცნიერებმა კიდევ უფრო მეტი რამ შეიტყვეს ამ იდუმალი გოგონასა და მისი სამარხის შესახებ. ამისათვის მათ მაღალი რეზოლუციის რენტგენული გამოსხივების „მიკროჭავლები“ გამოიყენეს, რომლებიც ხელუხლებელი არტეფაქტის ძალიან პატარა რეგიონებისკენ მიმართეს. მუმიის კბილებისა და ბარძაყის ძვლის კომპიუტერულმა რენტგენულმა ტომოფგრაფიამ დაადასტურა გოგონას ასაკი, მაგრამ ძვლებზე არ გამოვლინდა ტრავმის ნიშნები, რასაც შეიძლება, მისი სიკვდილის გამომწვევ მიზეზზე მიენიშნებინა.

დამიზნებულმა, მაღალი ინტენსივობის რენტგენულმა სხივებმა ასევე გამოავლინა, რომ გოგონას მუცელში მოთავსებულია რაღაც იდუმალი ობიექტი.

დაახლოებით ოცი წლის წინ მუმიისთვის ჩატარებული სკანირებები ძალიან დაბალკონტრასტული იყო და შესაბამისად, მრავალი დეტალი შეუმჩნეველი დარჩა. ახალი ანალიზებისთვის მკვლევრებმა ჩაატარეს ახალი კომპიუტერული ტომოგრაფია, რათა მუმიის მთლიანი სტრუქტურის ვიზუალი მიეღოთ.

ამის შემდეგ, რენტგენული დიფრაქციით ისინი სპეციფიკურ რეგიონებზე ფოკუსირდნენ. ამ პროცესში, რენტგენული სხივების მჭიდროდ კონცენტრირებული ნაკადი ატომებს კრისტალურ სტრუქტურაში ირეკლავს; დიფრაქციის მახასიათებლებში არსებული ვარიაციები მიუთითებს, რა მასალისგან არის დამზადებული ობიექტი.

კვლევის ავტორის, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის უჯრედისა და განვითარების ბიოლოგიის პროფესორის, სტიუარტ სტოკის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაუხსნელი მუმიის შესასწავლად რენტგენული დიფრაქცია გამოიყენეს. მუმიას „ჰავარის პორტრეტულ მუმია No. 4“-ს უწოდებენ და ის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ბლოკის ხელოვნების მუზეუმის კოლექციაშია დაცული. ის 1910-1911 წლებში აღმოაჩინეს, ძველეგვიპტურ ძეგლ ჰავარაზე მიმდინარე გათხრებისას; თარიღდება ახ. წ. პირველი საუკუნით, როდესაც ეგვიპტე რომაელთა მმართველობის ქვეშ იყო.

„ეგვიპტეში რომაული ხანისას, მათ მუმიების წინა მხარეს პორტრეტების მიკვრა დაიწყეს. მრავალი ათასი ასეთი მუმია დაამზადეს, მაგრამ დღემდე მოღწეულ მუმიათა უმეტესობას პორტრეტები მოხსნილი აქვს; მხოლოდ 100-150 მუმიაა მოღწეული პორტრეტით“, — ამბობს სტოკი.

მიუხედავად იმისა, რომ მუმია No. 4-ზე ზრდასრული ქალის პორტრეტია მიკრული, მისი პატარა ზომა სხვა რამეზე მიუთითებდა; მართლაც, ტომოგრაფიამ დაადასტურა, რომ მუმია ბავშვს ეკუთვნის, იმდენად პატარას, რომ ჯერ მუდმივი კბილებიც კი არ აქვს ამოსული.

კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ სხეულის სიგრძე 93,7 სანტიმეტრია, სახვევები კი კიდევ 50 მილიმატრეს მატებს.
სარკოფაგში მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს ნემსის მსგავსი 36 სტრუქტურა, 11 მათგანი თავისა და კისრის სიახლოვეს, 20 ფეხებთან და ხუთი კი სხეულზე. რენტგებულმა დიფრაქციამ განსაზღვრა, რომ ეს გახლავთ თანამედროვე ლითონის ქინძისთავები, რომლებიც მუმიას წინა საუკუნეში ფიქსაციისთვის დაუმატეს.

ერთი მოულოდნელი აღმოჩენა იყო ნალექის უსწორმასწორო ფენა მუმიის სახვევებში, სავარაუდოდ ტალახი. სტოკის აზრით, მას სახვევების დასაცავად იყენებდნენ. 

კიდევ ერთი უცნაური აღმოჩენა იყო პატარა, 7 მმ სიგრძის ელიფსური ობიექტი, რომელიც მუმიის სახვევებში მუცლის ზემოთ იპოვეს.

რენტგენული დიფრაქციით დადგინდა, რომ ის კალციტისგან არის დამზადებული, მაგრამ რას წარმოადგენდა სინამდვილეში? სტოკის განცხადებით, ერთ-ერთი ვერსიით, ის შეიძლება იყოს ავგაროზი, რომელიც იმიტომ ჩააყოლეს, რომ მუმიფიცირების დროს ბავშვის სხეული დაზიანდა.

ასეთ შემთხვევებში, ქურუმები სხეულის დაზიანებულ ნაწილზე ხშირად ათავსებდნენ ავგაროზებს, რათა გარდაცვლილი სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეში დაეცვა. როგორც სტოკი განმარტავს, ამ მუმიაში აღმოჩენილი კალციტის ბურთულა ზუსტად იმ ზომისაა და ისეთ ადგილასაა მოთავსებული, რომ ნამდვილად დამცავი ავგაროზი უნდა იყოს.

მიუხედავად ამისა, კომპიუტერული ტომოგრაფია არც ისეთი მაღალი რეზოლუციის ყოფილა, რომ ამ ობიექტზე ამოკვეთილი დეტალები გვაჩვენოს და შესაბამისად, ძნელია იმის გადაჭრით თქმა, რა დანიშნულებას ატარებდა იგი.

„ყოველი ასეთი კვლევის დროს საკმაოდ კარგ პასუხებს იღებ, მაგრამ გებადება კიდევ უფრო მეტი შეკითხვა“, — ამბობს სტიუარტ სტოკი.

კვლევა Journal of the Royal Society Interface-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით

1tv.ge




დღეს ფოსტის საერთშორისო დღეა


 Dge ukanaskneli, dge pirveli (1960) – MUBI9 ოქტომბერს მსოფლიო ფოსტის დღეს აღნიშნავს. უთუოთ, XXI საუკუნეში  “ფოსტის” მცნებას სხვა ელფერი მიეცა, ტრანსფორმაცია განიცადა, გაუფართოვდა  გეოგრაფიული ქსელი.  ვირტუალური ტყუპისცალიც გამოუჩნდა მრავალი  “მეილის” და სხვა მესენჯერების სახით.  აღარ იწერენ ჟურნალ–გაზეთებს, არ აწკარუნებს კარზე ფოსტალიონი, კურიერი თუ მოიტანს უცხოეთიდან მოსულ ამანათს.  თუმცა, დამეთანხმებით, არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როდესაც ხელში მონატრებული ადამიანისგან გამოგზავნილი, მარკიან კონვერტში დაბეჭდილი წერილი გიკავიათ  და მის გახსნას აპირებთ…

საქართველოში ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი უძველესი დროიდან არსებობდა.  ცნობების სწრაფად გადაცემა ხორციელდებოდა “შიკრიკების”  მეშვეობით, რომლებიც არაერთხელ არიან მოხსენიებულნი “ქართლის ცხოვრებაში.”

XIX საუკუნის დამლევს, ქართული ეკონომიკური აზროვნების მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იოანე ბატონიშვილი, რომელმაც სახელმწიფო წესწყობილების რეფორმის კანონპროექტი  შეადგინა, მიიჩნევდა, რომ ფოსტის სადგურების მოწყობა ფრიად სასარგებლო იქნებოდა ხალხისათვის და შემოსავალს მისცემდა ხაზინას. აღებ-მიცემობის გაფართოება ფოსტის გარეშე შეუძლებელი იყო, ამიტომ იგი მოითხოვდა ფოსტის დაწესებას და საფოსტო დაწესებულების შექმნას.

 “ფოსტები ანუ ჩაფარხანა რაოდენ შეიძლებოდეს განწესდეს სამ ადგილას: ქართლსა, კახეთსა და თათრებში”. – წერდა  იოანე ბატონიშვილი.

ფასანაურის ფოსტის შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა - 1TV
1840 წელს აგებული ფასანაურის ფოსტის შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოში პირველი ფოსტის გადაზიდვასთან დაკავშირებულია ქართული ურმის სახელი. პოპოვის სახელობის კავშირგაბმულობის ცენტრალურ მუზეუმში (სანკტ-პეტერბურგში)ფოსტის გადაზიდვის უძველეს საშუალებებთან ერთად გამოფენილია ქართული ურემიც. ურემში შებმული ხარები მძიმედ ეწევიან ფოსტის დიდ ყუთს. ურემს წინ ორი ქართველი მიუძღვის. ქართული ურმით ფოსტის გადაზიდვას ბევრ ქვეყანაში მიუქცევია ყურადღება. 1900 წელს, გერმანულიდან რუსულ ენაზე თარგმნილ წიგნში – “ტექნიკა და მრეწველობა” (მეათე ტომი), რომელშიც აღწერილია ბერლინის საფოსტო მუზეუმის ზოგიერთი უნიკალური ექსპონატი, ნათქვამია:

ამ მუზეუმში რუსეთის ექსპონატებიდან განსაკუთრებით საინტერესოა “ორთვალიანი ქართული ურმით ფოსტის გადაზიდვის სურათები”.

აქედან ცხადია, რომ ქართულმა ურემმა თავისი ადგილი დაიკავა მსოფლიოში ფოსტის გადაზიდვის პირველ საშუალებათა შორის. პოპოვის სახელობის მუზეუმის ერთ-ერთი კატალოგი გვამცნობს, რომ ჩიკაგოში, 1893 წელს მოწყობილ მსოფლიოს საფოსტო გამოფენაზე, რუსეთის საფოსტო განყოფილებაში ნაჩვენები იყო ქართული საფოსტო ურმის მოდელი და კავკასიონზე ფოსტის გადატანის ნახატი.

”მომეტებულ ნაწილს საქართველოს ადგილებში, გარდა იმ ქალაქ-დაბებისა, რომლებიც რკინიგზაზე მდებარეობენ, კვირაში მხოლოდ ორჯერ და სამჯერ მოდის ფოსტა. .. მგონია დრო არის ფოჩტის გამგეობამ და ჩვენმა უმაღლესმა მთავრობამ ამ გარემოებას ჯეროვანი ყურადღება უნდა მიაქციოს, რაც ამ ოცი წლის წინ იყო, ის აღარ არის დღეს ჩვენი ცხოვრება : მუდამდღე მატულობს ჩვენს ქვეყანაში ვაჭრობა და წარმოება, მუდამდღე მრავლდებიან შკოლები, მრავლდება წერა-კითხვის მცოდნე ხალხი, რომელთაც სურთ ფოსტის ამბები შეიტყონ, ერთი-ორად უფრო ხშირია ახალი სხვადასხვა მაზრების ხალხების ერთმანეთში მისვლა-მოსვლა და კავშირი. ამას გარდა, თვით მმართველობისთვისაც აუცილებლად საჭიროა გამართული ფოჩტის გზა და კორესპოდენდენცია”.– წერდა “დროება” 1879 წელს.

1894 წლიდან ფოსტის საშუალებით შესაძლებელი იყო ფულის გაგზავნა (არა უმეტეს 1000 მანეთისა). ფულის გაგზავნა ხორციელდებოდა შემდეგნაირად: გამგზავნი ფულს მიიტანდა ფოსტაში, ფოსტა მიღების ქვითარს აძლევდა გამგზავნელს და ხოლო ადრესატს – უგზავნიდა ტალონს, რომლითაც ის ფოსტიდან ფულს მიიღებდა.

1913 წლის მდგომარეობით კი საქართველოში 108 საფოსტო განყოფილება ფუნქციონირებდა.




საუდის არაბეთში უძველეს ადამიანთა ნაფეხურები აღმოაჩინეს


საუდის არაბეთში 120 000 წლის წინანდელი ადამიანების ნაფეხურები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერებადაახლოებით 120 000 წლის წინ, თანამედროვე საუდის არაბეთის ტერიტორიის ჩრდილოეთით, ჰომო საპიენსთა მცირე ჯგუფი წყლის დასალევად და საკვების მოსაპოვებლად შეჩერდა პატარა ტბასთან, რომელსაც ასევე ხშირად სტუმრობდნენ აქლემები, ბუფალოები და დღევანდელზე დიდი სპილოები.

დღეისათვის არაბეთის ნახევარკუნძულზე გადაჭიმულია ვრცელი, არიდული უდაბნოები, რომლებიც ძალიან არასტუმართმოყვარე უნდა ყოფილიყო ადრეული ადამიანებისა და იმ ცხოველებისთვის, რომლებზეც ისინი ნადირობდნენ.

გასული ათი წლის განმავლობაში წარმოებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველთვის ასე არ იყო, რადგან ბუნებრივი კლიმატის ვარიაციების გამო, ეს რეგიონი მაშინ, ბოლო გამყინვარებათშორის პერიოდში, გაცილებით მწვანე და ნოტიო იყო.

„წარსულის გარკვეულ დროში, საუდის ნახევარკუნძულის შიდა ნაწილში არსებული უდაბნოები ვრცელ საძოვრებად გადაიქცა, სადაც მუდმივად იყო მტკნარწყლოვანი ტბები და მდინარეები“, — განმარტავს კვლევის თანაავტორი, ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევარი რიჩარდ კლარკ-უილსონი.მსგავსი: სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილია დაკარგული ზონა…

კვლევის პირველი ავტორის, გერმანიის მაქს პლანკის ქიმიური ეკოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი მეთიუ სტიუარტი AFP-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ნაფეხურები მან 2017 წელს, სადოქტორო ნაშრომზე მუშაობისას აღმოაჩინა უძველესი ტბის, ალათარის დანალექების ეროზიულ მონაკვეთებში.

„ნაფეხურები ნამარხ მტკიცებულებათა უნიკალური ფორმაა, რომლებიც გვთავაზობს დროში აღბეჭდილ კადრებს, ძირითადად რამდენიმე საათის ან დღის მონაკვეთებს; ასეთ რეზოლუციას სხვა ფორმის ჩანაწერები ვერ გვაწვდის“, — ამბობს სტიუარტი.

ნაფეხურები დაათარიღეს მეთოდით, რომელსაც ოპტიკურად სტიმულირებული ლუმინესცენცია ეწოდება — სინათლეს აშუქებენ კვარცის მარცვლებზე და ზომავენ მათ მიერ გამოყოფილი ენერგიის რაოდენობას.

აღმოჩენილი ასობით ნაფეხურის ანალიზების შედეგად დადგინდა, რომ შვიდი მათგანი ჰომინინებს ეკუთვნის; გაირკვა ისიც, რომ მათგან ოთხი ნაფეხურის ერთმანეთის მსგავსი ორიენტაციის, ერთმანეთისგან მანძილისა და ზომებში განსხვავებიდან გამომდინარე, ერთად მოგზაურობდა ორი ან სამი ინდივიდი.

მკვლევართა მტკიცებით, ეს ნაფეხურები თანამედროვე ადამიანებს ეკუთვნის და არა ნეანდერტალებს, რადგან როგორც ცნობილია, ეს ჩვენი გადაშენებული „ბიძაშვილები“ იმ დროისათვის ახლო აღმოსავლეთის ვრცელ რეგიონში წარმოდგენილი არ იყვნენ; ამავეს მიუთითებს ნაფეხურებზე დაყრდნობით აღდგენილი სიმაღლე და მასაც.

„ვიცით, რომ ადამიანები და ცხოველები ამ ტბას ერთდროულად სტუმრობდნენ და ამ ზონისათვის უჩვეულოა, რომ აღმოჩენილი არ არის ქვის იარაღები“, — ამბობს სტიუარტი და მისი ვარაუდით, ეს იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ ადამიანებმა იქ გრძელვადიანი დასახლება ჰქონდათ.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, ადამიანები ამ ტბას წყლისთვის და საკვების მოსაპოვებლად იმავე დროს სტუმრობდნენ, როდესაც ცხოველები. სავარაუდოდ, ადამიანები მათზე ნადირობდნენ კიდეც.

განსაკუთრებით მიმზიდველი უნდა ყოფილიყო სპილოები, რომლებიც ახლომდებარე ლევანტის რეგიონში 400 000 წლის წინ გადაშენდნენ; ამ ტბასთან მათი არსებობა კი მიუთითებს მტკნარი წყლისა და მწვანე საფარის სხვა მრავალ რესურსებზე.

გარდა ამ ნაფეხურებისა, აღმოაჩინეს 223 ნამარხიც და სავარაუდოა, რომ ალათარის ტბის ბალახისმჭამელები ხორცისმჭამელ ნადირს იზიდავდა, ზუსტად ისე, როგორც დღეს აფრიკის სავანებშია. პუბლიკაციის თანახმად, ჰომო საპიენსის პირველი ნაფეხურები აფრიკის გარეთ, დაახლოებით 210-180 ათასი წლის წინანდელია და აღმოჩენილია სამხრეთ საბერძნეთსა და ლევანტში.

სტიუარტის თქმით, ახალი კვლევა წარმოაჩენს, რომ ტბებისა და მდინარეების გასწვრივ მიმავალი შიდა გზები შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აფრიკიდან მომავალი ადამიანისთვის.

კვლევის თანაავტორის, მაქს პლანკის ადამიანის ისტორიის მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევრეის, მაიკლ პეტრაგლიას განცხადებით, სპილოების, ჰიპოპოტამების, სხვა დიდი ცხოველების, საძოვრებისა და წყლის დიდი რესურსების გამო, არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილი სავარაუდოდ ძალიან მიმზიდველი ადგილი იყო აფრიკიდან ევრაზიისკენ მიმავალი ადამიანებისთვის.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით

1tv.ge




ამორძალების საიდუმლო — დნმ-ის ანალიზით უძველესი სკვითი მეომარი 13 წლის გოგონა იყო


Чей был Крым в древности? | Блог alternativehistory | КОНТუძველესი ღმერთების, მეომრებისა და მეფეების ხანის ბერძნულ მითოლოგიაში გვხვდება ამბავი მეომარი ქალების ტომის შესახებ. ეს მძვინვარე მცირე აზიელი ქალები ღმერთების ქალიშვილებად მიიჩნეოდნენ და ხალხის წარმოსახვაში საუკუნეები დარჩნენ; უფრო მეტიც, ამორძალი მეომრების ლეგენდამ დღემდე მოაღწია.

დიდი ხნის განმავლობაში ეს მებრძოლი ქალები უძველეს ადამიანთა წარმოსახვის ნაყოფად მიიჩნეოდა, მაგრამ არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა მრავალჯერ დაადასტურა, რომ მებრძოლი ქალები, რომლებიც ამ მითების შთაგონების წყარო გახდნენ, მართლაც არსებობდნენ. 2019 წლის ბოლოს, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ორი ქალის ჩონჩხი, რომლებიც 2500 წლის წინ (ძვ. წ. IV საუკუნე) მცხოვრები მომთაბარე სკვითები უნდა ყოფილიყვნენ. სამარხი თანამედროვე რუსეთის დასავლეთ ნაწილში, სოფელ დევიცაში აღმოაჩინეს; მათთან ერთად დამარხული იყო ცხენის აღკაზმულობა და იარაღები, მათ შორის რკინის დანები და 30 ისრის პირი.

„შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ ეს ორი ქალი ცხენოსანი მეომარი იყო“, — განაცხადა აღმოჩენის შემდეგ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის არქეოლოგმა ვალერი გულიაევმა.

ჩონჩხები სამარხ მიწაყრილში აღმოაჩინეს, ორი სხვა ქალის ნეშტთან ერთად — მათგან ერთი 40-50 წლის უნდა ყოფილიყო, ატარებდა ოქროს თავსაბურავს ყვავილების ორნამენტებით. მეორის ასაკი 30-35 წელია და დამარხული იყო ორ შუბთან ერთად ისეთ პოზაში, თითქოს ცხენზე იყო ამხედრებული.

„ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენმა ექსპედიციამ დაახლოებით 11 ახალგაზრდა, შეიარაღებული ქალის სამარხი აღმოაჩინა. მათთვის განკუთვნილია ცალკეული ყორღანები და ჩატარებულია რიტუალები, რომლებსაც როგორც წესი, კაცების დამარხვისას ატარებდნენ“, — განმარტავს გულიაევი.

ახლახან, რუს მკვლევართა ჯგუფმა 2600 წლის წინანდელი სკვითი მეომარი ქალის გენომი შეისწავლა. მისი ჩონჩხი ხის სარკოფაგში, სხვადასხვა სახის იარაღთან ერთად 1988 წელს აღმოაჩინეს.

 

„ეს ბავშვი თავდაპირველად ბიჭი გვეგონა, რადგან მის სამარხში აღმოვაჩინეთ ნივთები, რომლებსაც ძირითადად კაცებს ატანდნენ — ნაჯახი, მშვილდი, ისრები“, — ამბობს არქეოლოგი ვარვარა ბუსოვა.

თუმცა, დნმ-ის კვლევამ ცხადყო, რომ ჩონჩხი ქალს ეკუთვნის. ბუსოვას განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, სკვითი გოგოები ნადირობისა და სამხედრო კამპანიებში მონაწილეობდნენ. მეომარი გოგონას ნეშტი ციმბირში, ტუვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს; მის სამარხში იპოვეს არყის ხის მშვილდი, კაპარჭი ათი ისრით, ხის, ძვლის ან ბრინჯაოს ბუნიკებით. მჭიდროდ დახურული ლარიქსის ხის კუბოში ჰაერი თითქმის ვერ აღწევდა და ნეშტი ნაწილობრივ მუმიფიცირებულია.

ახალი კვლევის ავტორის, არქეოლოგ მარინა კილუნოვსკაიას განცხადებით, ეს ახალგაზრდა „ამორძალი“ სიკვდილის დროს 14 წელს მიღწეული არ უნდა ყოფილიყო.

დაკრძალვისას გოგონას ეცვა ბეწვის გრძელი პალტო, პერანგი და შარვალი ან მოკლე ქვედაბოლო. ელექტრონული მიკროსკოპით სკანირებისას მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მისი პალტო მიწის კურდღლის მსგავსი მღრღნელის ტყავისგან არის შეკერილი. საფლავში ჩატანებული სხვა ნივთების ნახშირბადული დათარიღებით კი ირკვევა, რომ სამარხი კომპლექსი ძვ. წ. VII-V საუკუნეებს ეკუთვნის, ანუ სკვითების ადრეულ ხანას.

ბუსოვას განცხადებით, მკვლევართა ჯგუფს ამჯერად სურს ახალგაზრდა მებრძოლი ქალის ნეშტის უფრო ზუსტი დათარიღება, მის სამარხში აღმოჩენილი ლითონის ობიექტების შემადგენლობის გარკვევა და აღმოჩენილი ნივთების რესტავრაცია და კონსერვაცია. მკვლევრები ასევე იმედოვნებენ, რომ ჩონჩხის კომპიუტრული ტომოგრაფიით დაადგენენ, როგორ მოკვდა ახალგაზრდა მებრძოლი ქალი.

„ეს აღმოჩენა უნებლიეთ გვაბრუნებს ამორძალების მითთან, რომელიც ჰეროდოტეს წყალობით დღემდე შემორჩა“, — წერენ მკვლევრები.

ძველბერძენი ისტორიკოსის, ჰეროდოტეს ცნობით, ამორძალები სკვითებს ებრძოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, სინამდვილეში ისინი თავად იყვნენ სკვითი ქალები, რომლებიც საკუთარი ტომის კაცებთან ერთად ვარჯიშობდნენ, ნადირობდნენ და იბრძოდნენ.

„სკვითი ქალების დაახლოებით ერთი-მესამედი იარაღებთან ერთად არის დაკრძალული და აღენიშნებათ ომის ჭრილობები, კაცების მსგავსად“ — განუცხადა ისტორიკოსმა ადრიან მაიორმა 2014 წელს National Geographic-ს.

მისივე განმარტებით, ისინი პატარა ტომებად ცხოვრობდნენ და შესაბამისად, ტომში ყველას ერთნაირი ვალდებულება ჰქონდა. თავდაცვაში, ნადირობასა თუ ომში წვლილი ყველას შეჰქონდა.

საუკუნეების განმავლობაში, ამორძალების მითი ათასნაირად დამახინჯდა. მაგალითად, ალბათ გსმენიათ, რომ თითქოს, ამორძალები მკერდს იჭრიდნენ უკეთესად მშვილდოსნობისთვის, კლავდნენ საკუთარ ვაჟ ჩვილებს და ა. შ. თუმცა, ახლა უკვე გვაქვს შესაძლებლობა, თანამედროვე არქეოლოგიური კვლევებისა და დნმ-ის კვლევის მეთოდით გავიგოთ სიმართლე ამ მითების მიღმა მდგარი მებრძოლი ქალების შესახებ.

კვლევა ჟურნალ Stratum Plus-ში გამოქვეყნდა

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით

1tv.ge

მსგავსი:




მეცნიერებმა კავკასიაში პრომეთეს კლდეს მიაგნეს?


прометей-ის სურათის შედეგიკავკასიის მთებში  ის ადგილი იპოვეს, სადც სავარაუდოდ, მითიური პრომეთე იყო მიჯაჭვული.

როგორც რუსი მეცნიერი, მხარეთამცოდნე  ვიქტორ ჩაშინი ირწმუნება, ეს კლდე ანაპის მახლობლად, დიდ უტრიშზე მდებარეობს.

 „ მე მხოლოდ ანტიკურ ავტორების მონაცემებს ვეყრდნობი და დეტალურ ანალიზზს ვაწარმოებ, ჩემით არაფერს ვიგონებ“,– ამბობს მეცნიერი.

კავკასიის თითქმის ყველა ეპოსში არსებობს ლეგენდა პრომეთეს შესახებ. რა საკვირველია, ყველას საკუთარი ვარიაცია  გააჩნია.  ჩერქეზები, ყაბარდოელები ამტკიცებენ, რომ პრომეთე იალბუზზე იყო მიჯაჭვული; ქართველებს მიაჩნაით, რომ ეს  მყინვარწვერი იყო; სომხები ამბობენ, პრომეთე  არარტს მიაჯაჭვესო;  სოჭელი გიდები კი ტურისტებს არწმუნებენ, რომ ლეგენდალური ტიტანის დსაჯის ადგილი ფიშტაზე მდებარე კლდეზე იყო. მეტად  დეტალური ვერსია ადიღელებს გაჩნიათ, ნარტული ეპოსი მოგვითხრობს, რომ კლდეზე მიჯაჭვული  გოლიათი  გაანთავისუფლა ნარტმა, რომლის სახელი ითარგმნება, როგორც  „მეზღვაური სწორი ცხვირით“, რაც ჰერაკლეს გარეგნობაზე მიათითებს. თუმცა ვიქტორ ჩაშინის აზრით,თვდაპირველად  ისტორია პრომეთეს შესახებ  ძველმა ბერძნებმა ადიღელებისგან გადმოიღეს და შემდეგ შექმნეს  ჩვენთვის უკვე ცნობილი ვერსია.

დიდი უტრიში

აპოლონის  „არგონავტიკაში“ აღნიშნულია, რომ პრომეთეს კლდე პონტოსთანაა, სადაც კავკასიის მთები იწყება, ხოლო ესხილე  უფრო ზუსტად მიგვანიშნებს :“ხმაურიან ზღვის ნაპირს გაუყევი, აბობოქრებულ მდინარეს ნუ გადალახავ და ამორძალებთან მიხვალ“.

ვიქტორ ჩაშინმა დიდი შრომა გასწია, შეადარა რა უძველესი და ახალი  გეოგრაფიული მონაცემები და დაასკვნა, რომ ძველ თქმულებებში საუბარი შავ ზღვაზე კი არა, არამედ მდინარე ყუბანზეა. რუსი მეცნიერი იმ ფაქტს ეყრდნობა, რომ ამორძალები ახლანდელი როსტოვის და კრასნოდარის  ოლქების ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ასევე, დიდი უტრიში ერთადერთი ადგილია, სადაც კლდის მასივი  უშუალოდ ზღვის ნაპირის სიახლოვეს მდებარეობს.

უტრიშზე არის ერთი, ყველასგან გამორჩეული, ციცაბო კლდე. მასთან  მისასვლელი გზა  ღვიის რელიქტურ ტყეზე გადის. ეს ტყე უნიკალურია იმით, რომ ერთადერთია დედამიწაზე – ხეების ასაკი 600 წელს აღწევს. აქ იზრდება  უჩვეულო მცენარე სათოვლია  (Colchicum autumnale)  ანუ „შეუწველი მაყვალი“, როგორც მას ხალხში უწოდებენ. ასანთი რომ  მოუკიდო, ალი გაჩნდება და  მალევე ჩაქრება, მცენარე კი უვნებელი დარჩება.  იწვება მხოლოდ მის მიერ გამოყოფილი  ეთერზეთები. თუმცა, ცეცხლის გარეშეც საკმაოდ ტოქსიკურია და მიკარებისას კანძე ძლიერ დამწვრობას ტოვებს. ლეგენდის თანახმად, ეს მცენარე იმ ადგილზე აღმოცენდა, სადაც პრომეთეს სისხლის წვეთები დაეცა. ჩაშინის თეორიის სასარგებლოდ საუბროს ის ფაქტიც, რომ კლდის მახლობლად  მდებარეობს „სისხლისმსმელი არწივის ხეობა“.

огонь трава-ის სურათის შედეგი
სათოვლია (Colchicum autumnale)

მეცნიერი აღნიშნავს, რომ ძვ.წ.ა. 600 წლეებში ანაპის ტერიტორიაზე სინდები სახლოობდნენ . იმ დროს სოჭის მიდამოები  კოლხეთის შემადგენლობაში შედიოდა. ზუსტად რომ კოლხეთში მიმავალმა არგონავტებმა გაიგონეს პრომეთეს გმინვა და საშევლად ჰერაკლე გააგზავნეს, რომელმაც ,მითის თანახმად , მოკლა არწივი და ტიტანი გაანთავისუფლა.

სტრაბონიც ამბობდა, რომ  პრომეთეს გადასახლების ადგილი კავკასია იყო. ასევე საინტერესო დეტალს გვამცნობს  რომაელთა ფლოტის მეთაური  არიანე (ჩვ. წ. II ს), რომელსაც  აღმოსავლეთ პონტოს  ციხე–სიმაგრეების  დათვალიერება ევალებოდა:“დიოსკურიადისკენ (ახლანდელი სოხუმი) მიმავალ გზაზე გვანახეს კავკასიის ერთერთი მწვერვალი სახელად სტროვილოსი, რომელზეც, მითის თანახმად, ზევსის ბრძანებით გეფესტმა პრომეთე მიაჯაჭვა“. ანტიკური ავტორები  ტამანის და ყირიმის ტერიტორიას სკვითების მიწებს უწოდებდნენ, ხოლო სამხრეთისკენ მდებარე მიდმოებს,  სადაც კავკასიის მთები იწყებოდა – აეტის სამეფოს…

ასეა თუ ისე, მეცნიერები დარწმუბებით ჯერ ვერ ამბობენ, თუ რომელი თეორიაა მართალი და რომელი მცდარი. ეს საკითხი კიდევ მრავალ დაფარულ დეტალს ინახავს და, შესაბამისად, მკვლევარების და ისტორიკოსების ინტერესის ობიქტს წარმოადგენს.

www.premiumi.ge