საუკუნეების წინ დაწერილი და დალუქული წერილი მეცნიერებმა ვირტუალურად გახსნეს და წაიკითხეს

საუკუნეების წინ დაწერილი და დალუქული წერილი მეცნიერებმა ვირტუალურად გახსნეს და წაიკითხეს — #1tvმეცნიერებასამასზე მეტი წლის წინ, ვიღაცამ ჩახლართულად დაკეცა, დალუქა და გააგზავნა წერილი, რომელიც ადრესატს არასოდეს ჩაბარებია. ახლახან, მეცნიერებმა რენტგენული სხივების გამოყენებით „გახსნეს“ ეს და სხვა ასე დალუქული წერილები, რომლებიც ჰააგაში, მე-17 საუკუნის ყუთში ინახებოდა.

პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა ეს მეთოდი რენესანსის ხანის „ჩაკეტილ“ წერილებზე მოსინჯეს, რომლებიც 1926 წლიდან ინახებოდა ჰააგაში, ნიდერლანდების საფოსტო მუზეუმში.

სკივრში 3100-ზე მეტი ჩაუბარელები წერილია, მათგან 577 გაუხსნელი, ჩაკეტილია. ბრიენის კოლექციის სახელით ცნობილი ეს წერილები შესრულებულია ნიდერლანდურად, ინგლისურად, ფრანგულად, იტალიურად, ლათინურად და ესპანურად.

უცნობ მიზეზთა გამო, ჰააგაში ჩასვლის შემდეგ ეს წერილები ადრესატებთან ვეღარ იგზავნებოდა და მათ ფოსტმაისტერი სიმონ დე ბრიენი ინახავდა.

საიმედოდ დალუქვისთვის, ჩაკეტილ წერილებში სხვადასხვა მეთოდებია გამოყენებული, მათ შორის, დაკეცვა და დახვევა, გრძელი ჭრილები და ხვრელები, დაჭმუჭვნა და წებო; ასევე ჭკვიანურად მოფიქრებული სხვადასხვა საკეტები.

დაკეცილი ქაღალდის ფენებში შეღწევის მიზნით, კვლევის ავტორებმა რენტგენული მიკროტომოგრაფიის სკანერი გამოიყენეს, რომელიც ლონდონში, დედოფალ მერის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კვლევების ლაბორატორიაში გამოიგონეს.

სკანერი იმდენად მგრძნობიარეა, რომ შეუძლია აღრიცხოს კბილის მინერალური შემცველობა, რაც ფასდაუდებელია სტომატოლოგიურ კვლევებში.

კვლევის კიდევ ერთი ავტორის, დევიდ მაილსის განცხადებით, ჯგუფის წევრებმა სკანირებული ფოტოების ასოებად გადაქცევა შეძლეს და შედეგად, პირველად სამასი წლის შემდეგ, წერილების შინაარსი წაიკითხეს.

სკანირებული ფოტოებით მკვლევრებმა წერილების 3D ციფრული რეკონსტრუქცია ააწყვეს, შემდეგ კი შექმნეს კომპიუტერული ალგორითმი, რომელმაც დაკეცვის დახვეწილი მეთოდები ნაკეც-ნაკეც გაშიფრა და წერილები ვირტუალურად, ფიზიკურად გახსნის გარეშე გახსნა. ამ ინოვაციური მეთოდის გამოყენებით, მეცნიერებმა ციფრულად გახსნეს ოთხი წერილი და ერთ-ერთი მათგანის, სახელად DB-1627-ის შინაარსიც გაშიფრეს.

„მისი წერილი ადრესატს არ ჩაბარებია; შემდეგ წერილებში სენაკი ბიძაშვილს ოჯახის ამბებს ეკითხება და ღვთის წყალობას უსურვებს“, — წერენ ავტორები.

„არ ვიცით, რატომ ვერ მიიღო ლე პერმა სენაკის წერილები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ვაჭრები ხშირად იცვლიდნენ ადგილს, სავარაუდოა, რომ ლე პერი უკვე სხვაგან იყო გადასახლებული“, — ამბობენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, ამ მეთოდით ახლა უკვე შესაძლებელია ათობით ათასი ასეთი პირადული წერილის წაკითხვა, რომლებსაც დღის სინათლე დაწერის შემდეგ არასოდეს უნახავთ.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.

1tv.ge

image_pdfimage_print

Comments

comments