“არ შევეგუებით არსებულ ვითარებას… ვაგრძელებთ ოკუპაციასთან ბრძოლას”

თეა ახვლედიანი: გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების  ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება და მიმდინარეობს ...დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა  პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე ოკუპირებულ რეგიონებზე  ისაუბრა.

„ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ამ დრომდე განიცდის საკუთარი ფუნდამენტური უფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევას, რაც მოიცავს გადაადგილების, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვას, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფას, უკანონო პატიმრობას. ამ მხრივ განსაკუთრებით შემაშფოთებელია გალსა და ახალგორში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობა, რომლებიც ეთნიკური დისკრიმინაციის მსხვერპლი არიან, რადგან მიზანმიმართულად შეზღუდული აქვთ იმგვარი უფლებებით სარგებლობა, რაც ხელმისაწვდომია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვის. მძიმე უფლებრივ მდგომარეობას ემატება ადგილზე არსებული ჰუმანიტარული ვითარება, რამაც ახალგორის მიმართულებით, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი ჩაკეტვის გამო, ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

მოგეხსენებათ, რომ სოხუმსა და ცხინვალში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს ხუთი მოქალაქე, ხოლო გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის მკვლელობაში ბრალდებული პირები ამ დრომდე დაუსჯელნი რჩებიან. მიუხედავად 100 კმ მავთულხლართისა, რომელიც ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არის გავლებული ჩვენ არ შევეგუებით არსებულ ვითარებას. საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით და ერთობლივი გაორმაგებული ძალისხმევით, მათ შორის ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, ჩვენ ვაგრძელებთ ოკუპაციასთან და მის სავალალო შედეგებთან ბრძოლას პრინციპული, თუმცა პრაგმატული და ცალსახად კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკით“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

image_pdfimage_print

Comments

comments