დღეს არჩილ ტატუნაშვილს 38 წელი შეუსრულდებოდა

Archil Tatunashvili commemorated at Mukhatgverdi Brothers Cemetery - 1TV2 აპრილი არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, დღეს მას 38 წელი შეუსრულდებოდა – თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ჯუანშერ ბურჭულაძემ არჩილ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო და მისი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას ასევე პატივი მიაგო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

„არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკემ იმსხვერპლა დღეს გახდებოდა 38 წლის. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი ახალგაზრდა ქართველი ვაჟკაცის გმირობა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს ერთიანობის, ღირსების და სწორედ იმ მიზნების დაცვას, რასაც ჩვენ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით, რათა არ განმეორდეს მსგავსი ტრაგედიები ჩვენს ქვეყანაში. საუბედუროდ, დღემდე საქართველოში მიმდინარე უკანონო ოკუპაციის შედეგად, გრძელდება ჩვენი მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევები, უკიდურესად იზღუდება ფუნდამენტური თავისუფლებები ჩვენი მოსახლეობის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას, რაც კიდევ ერთხელ და უკვე სამართლებრივად დადასტურდა ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით.

ჩვენ მაქსიმალური ძალისხმევითა და ინტენსივობით საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად განვაგრძობთ მუშაობას, ინტენსიურ ქმედებებს იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფას და ასევე, რომ არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულის, ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში მონაწილე პირებმა სრულად აგონ პასუხი ჩადენილ დანაშაულებზე“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

image_pdfimage_print

Comments

comments