“რომ არა ჩვენი გადაწყვეტილება, ალბათ, აქაც კორპუსები ჩაიდგმებოდა” – კალაძე

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. ბარაკების ნაცვლად, სკვერი მოეწყოსაბურთალოს რაიონში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. ბარაკების ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებების შედეგად, ტერიტორიაზე 1 300 კვ. მეტრზე გამწვანებით, ხე-მცენარეებითა და საპარკე ინვენტარით აღჭურვილი დასასვენებელი სივრცე განთავსდა.

„კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორი გადატვირთულია სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ შეიძლება კონკრეტული სივრცეების ურბანულად განვითარება. აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო ე.წ. ბარაკები, სადაც სავარაუდოდ, საცხოვრებელი კორპუსი აშენდებოდა. გვქონდა მოლაპარაკებები ადგილობრივ მოსახლეობასთან და აღნიშნულ ტერიტორიაზე ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე მოვაწყვეთ. დიდი არ არის – დაახლოებით, 1 300 კვ. მეტრზეა გაშენებული. რომ არა ჩვენი გადაწყვეტილება და მოლაპარაკებები, ალბათ, აქაც საცხოვრებელი კორპუსები ჩაიდგმებოდა და მიმდებარე ტერიტორია კიდევ უფრო გადაიტვირთებოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა გაწეული სამუშაოსთვის საბურთალოს გამგეობის თანამშრომლებსა და რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძეს მადლობა გადაუხადა.

image_pdfimage_print

Comments

comments