ეროვნული გმირის გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოასვენეს

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი, საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოასვენეს.

ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის პატივის მისაგებად, ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ.

„ბაბუაჩემი ბრუნდება თავის სამშობლოში, ეს ახდენილი ოცნებაა. არ მეგონა, თუ ეს ოდესმე მოხდებოდა. ყოველთვის იყო დიდი სურვილი, მას ძალიან უნდოდა დაბრუნება დემოკრატიულ საქართველოში. ის საფრანგეთში დაიღუპა ისე, რომ არ უნახავს მისი სამშობლო. ჩვენთვის, მისი შთამომავლებისთვის ეს უმნიშვნელოვანესი დღეა. დაუჯერებელი დღეა და ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვარ“, – განაცხადა გენერალის შვილიშვილმა  მარიამ დაბომ.

22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი, გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში დღეს გადმოასვენებენ

გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა 1919 წელს ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.

1tv.ge

image_pdfimage_print

Comments

comments