“უფრო მეტი რეკრეაციული ადგილი უნდა გავაჩინოთ, დედაქალაქს ამის პოტენციალი აქვს”

Каха Каладзеკახა კალაძის შეფასებით, თბილისში გარემოს დაცვის კუთხით მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია, თუმცა სასურველი მიზანი ჯერჯერობით მიღწეული არ არის .

„იცით, რომ იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე ეწყობა ცენტრალური პარკი, რომელიც ყველაზე დიდი დასასვენებელი სივრცე იქნება დედაქალაქში ამ ეტაპზე, სადაც ყველა თაობის ადამიანისთვის იქნება განკუთვნილი შესაბამისი ზონა, იმისთვის რომ მათ დაისვენონ, განიტვირთონ, გაერთონ, ივარჯიშონ და ა.შ. პროექტი მართლაც შთამბეჭდავია. მას ახორციელებს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რომელსაც საჩუქრად გადასცემს დედაქალაქის მუნიციპალიტეტს და ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მათ.

რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებით გვაქვს აღებული, უნდა გაგრძელდეს, უნდა შენარჩუნდეს და უფრო მეტი მწვანე სივრცე უნდა შევქმნათ ქალაქში. უფრო მეტი რეკრეაციული ადგილი უნდა გავაჩინოთ, დედაქალაქს ამის პოტენციალი აქვს. შესაბამისად, მომდევნო წლები იქნება ძალიან საინტერესო და პირობას, რომელიც გვაქვს მიცემული მოსახლეობისთვის, რომ თბილისი იქნება ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე რეკრეაციული სივრცეებისა და ზოგადად, მწვანე ზონების არსებობით, აუცილებლად შევასრულებთ“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა  ვაჟა-ფშაველას გამზირზე მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაციის საკითხსაც შეეხო.

„მე, როგორც თბილისის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მიხარია, რომ თბილისის სხვადასხვა რაიონში მწვანე სივრცეები ჩნდება და მიმდინარეობს სპორტული სტადიონებისა და სკვერების რეაბილიტაცია. ვაჟა-ფშაველას გამზირზე დაწყებულია მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია და განახლება. ამ პარკის ფართობი დაახლოებით 5 500 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

ამჟამად იცვლება საფეხმავლო საფარი და პანდუსები. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე საბაღე ფურნიტურა განთავსდება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ შადრევანს და მის მიმდებარედ დამატებით გამწვანებული თარგებიც მოეწყობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მწვანე არეალის მოცულობა იზრდება. გარდა ამისა, იგეგმება საბავშვო მოედნის განახლება, სასმელი წყლის სოკოსა და განათების სისტემის მონტაჟი. სკვერში მოეწყობა სარწყავი სისტემა, ჰიდროთესვის პრინციპით დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ახალი მწვანე ნარგავი. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ივლისის თვეში იგეგმება. პროექტის ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments