ევროპარლამენტმა ციფრული კოვიდსერტიფიკატების შემოღების ინიციატივას მხარი დაუჭირა

კოვიდ პასპორტი ევროსაბჭო ევროპარლამენტიევროპარლამენტმა ციფრული კოვიდსერტიფიკატების შემოღების ინიციატივას მხარი დაუჭირა. პლენარულ სესიაზე ციფრული კოვიდსერტიფიკაციების რეგულაციებს 543 -მა დეპუტატმა მისცა ხმა, 93 წინააღმდეგი იყო, 46-მა კი თავი შეიკავა.

ინიციატივის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნის ხელისუფლების მიერ კოვიდსერტიფიკატის გაცემა უფასოდ მოხდება. დოკუმენტში აღნიშნული იქნება, არის თუ არა პირი ვაქცინირებული „კოვიდ-19“-ზე, აქვს „კოვიდ-19“-ის ტესტის ნეგატიური პასუხი ან გადაიტანა თუ არა კორონავირუსი.

კოვიდსერტიფიკატების დანერგვა ევროკავშირში მოგზაურობის და ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით ხდება.

ახალი რეგულაცია ძალაში 2021 წლის პირველი ივლისიდან შევა და 12 თვის განმავლობაში იმოქმედებს.

ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ კოვიდსერტიფიკატი არ არის თავისუფალი გადაადგილების წინაპირობა და არ განიხილება, როგორც სამოგზაურო დოკუმენტი.

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინებით აცრილების კოვიდსერტიფიკატები. ამასთან, ინდივიდუალურად წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, აღიარებენ თუ არა ისინი სხვა ქვეყნების მიერ ან ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული სხვა ვაქცინებით აცრილთა სერტიფიკატებს.

ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ინიციატივა ახლა ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

image_pdfimage_print

Comments

comments