Wizz Air-ის ბაზა საქართველოში პრველი ივლისიდან ბრუნდება

24news.geპირველი ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir-ის ბაზა ბრუნდება. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოდან ევროპის მიმართულებით დამატებით რეისებს მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით შეასრულებს.

„ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად, ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს – ვიზეარის ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა და ივლისიდან ფრენებს ექვსი ევროპული ქალაქის მიმართულებით შეასრულებს, თუმცა უახლოეს თვეებში  გააფართოებს მიმართულებებსა და სიხშირეებს და ვფიქრობ, მალე დაუბრუნდება ძველ ნიშნულს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განმარტებით, ქუთაისის ბაზის დაბრუნება საქართველოში ადგილობრივი კადრების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

„პანდემიის გამო, ავიაკომპანიას მოუხდა ბორტების გადაყვანა მთავარ ბაზაზე ბუდაპეშტში, მაგრამ ახლა უკვე, ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოში ბაზის დაბრუნების შესაძლებლობა გაჩნდა. რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს, რომ ბაზაზე არის მიბმული საქართველოს მოქალაქეების დასაქმება ადგილზე. როგორც იცით, ბაზირებულ რეისებზე ეკიპაჟი საქართველოს მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული. დღეისათვის მათი უმეტესობა დისლოცირებულია საზღვარგარეთ. ისინი შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას და აქედან თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას. შესაბამისად, ქუთაისისთვის და ზოგადად, იმერეთის რეგიონისთვის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით Wizz Air-ის ბაზის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments